აკაკი ზოიძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს სრულიად იზიარებს და ინტერვიუთი აღფრთოვანებულია

აკაკი ზოიძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს სრულიად იზიარებს და ინტერვიუთი აღფრთოვანებულიაპარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ბიძინა ივანიშვილის ინტერვითი კმაყოფილია.

მისი თქმით, გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ კითხვები აღარ უნდა იყოს გარკვეულ საკითხებზე, მათ შორის, დენდროლოგიურ პარკსა და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე საქართველოში.

“ჩემი აზრით, ეს იყო ამომწურავი, პირდაპირი და გულახდილი პასუხები იმ მნიშვნელოვან კითხვებზე, რომელიც საზოგადოებაში ტრიალებდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ნამდვილად გულახდილი – ამას გავუსვამ ხაზს, რადგან ნამდვილი გულახდილობა პოლიტიკაში იშვიათი ხილია. ყალბი გულახდილი პოლიტიკოსები და ყალბად გულახდილი ინტერვიუები ბევრი გვინახავს. ადამიანი ლაპარაკობს იმას, რასაც ფიქრობს და აჩვენებს, თუ რა ინტერესი გააჩნია მას ამ ქვეყნის მიმართ და რატომ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს. ამის მერე საზოგადოებაში თუ კიდევ ვინმეს დარჩება კითხვა იმის თაობაზე, თუ რატომ გადადგა კვირიკაშვილი, ქუმსიშვილი თუ ალავიძე, ასევე, თუ კითხვა დარჩა იმის შესახებ, თუ რა სიკეთე კეთდება ქვეყანაში დენდროლოგიურ პარკთან მიმართებაში, ეს იქნება ბოროტი, არაკეთილმოსურნე ადამიანის პოზიცია. მგონი კითხვები არ დარჩა ერთ ლარსა და ავტოსადგომების თემაზე. ასევე მგონი კითხვა არ უნდა იყოს იმასთან დაკავშირებით, თუ საერთოდ რა უნდა ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილს. ბევრ ადამიანს შეიძლება ვერ წარმოუდგენია, რომ ადამიანი შეიძლება აკეთებდეს უანგაროდ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ უანგაროდ უყვარს ეს ქვეყანა და უნდა ქვეყანა გახდეს ისეთი სახელმწიფო, როგორიცაა შვეიცარია, დანია და ნორვეგია…ვიზიარებ იმ არგუმენტაციას, რაც ითქვა, რომ როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობა და ყველა ინსტიტუტი “ქართული ოცნების” კონტროლის ქვეშ არის, ჯანსაღი კონკურენცია ჩვენვე გვაძლიერებს. დღეს ეს ჯანსაღი კონკურენცია ოპოზიციის მხრიდან არ გვაქვს. პოლიტიკური ოპოზიცია დღეს პირადად ბიძინა ივანიშვილის კრიტიკაზეა გადასული”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.