ანზორ აბრალავა – “ვინც უნდა აირჩიონ პრეზიდენტად, ახლანდელი კურსი არ შეიცვლება”

ანზორ აბრალავა - "ვინც უნდა აირჩიონ პრეზიდენტად, ახლანდელი კურსი არ შეიცვლება"მიმდინარე პროცესებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დეპუტატ ანზორ აბრალავას.
– ამბობდით, რომ ვინც უნდა დააყენოს “ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტობის კანდიდატად, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გამო ყველა გაიმარჯვებსო. საქმე ისაა, რომ მმართველი პარტია კანდიდატს საერთოდ არ ასახელებს.
– მართლაც, ითქვა, რომ მმართველ პარტიას თავისი კანდიდატი შეიძლება არ ჰყავდეს. ეს კურსის ცვლილებას არ ნიშნავს. ვინც უნდა აირჩიონ პრეზიდენტად, ახლანდელი კურსი არ შეიცვლება. რა უნდა გადაატრიალოს პრეზიდენტმა? ვეტოს თუ დაადებს კანონპროექტებს, ვეტო დაძლევადია.
– რისი გამომხატველია ასეთი მიდგომა?
– ჩემი აზრით, არაფრის გამომხატველი არ არის და არც რაიმე შედეგს მოიტანს. ესაა დემოკრატიის ანტურაჟი და იმის ჩვენება, თითქოს მმართველი პარტია რაღაცას თმობს.
– ვთქვათ, “ქართულმა ოცნებამ” სიტყვით დაუჭირა მხარი დამოუკიდებელ ან ვითომ დამოუკიდებელ კანდიდატს. ეს გამარჯვების გარანტია იქნება?
– ალბათ მეორე ტური გახდება საჭირო და პრეზიდენტი მაინც აირჩევა.
– პრეზიდენტი შეიძლება ნაცმოძრაობის და “ევროპული საქართველოს” კანდიდატი გახდეს?
– არა, ეს სრულიად გამორიცხულია. თუ მათ შორის დიდი გარიგება არ არსებობს, ეს შეუძლებელია. ნაცმოძრაობის გეგმები გასაგებია. ნაციონალები ამაზე საუბრობენ თავიანთი ტელევიზიის ეკრანიდან. “რუსთავი 2”-ს სპეციალურად ვუყურებ და შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ ნაცმოძრაობა არ იშლის თავის კონტრრევოლუციურ განზრახვებს, ეს ტელევიზია კი გადაქცეულია კონტრრევოლუციურ შტაბად. იქ მარტო ოპონენტების და მოვლენების კრიტიკა არ მიდის. ღიად გამოიყენება სიძულვილის ენა, მათ შორის, გასართობ გადაცემებში. პოლიტიკური შეფერილობის სატირულ თუ სერიოზულ შოუებში ხშირად გაიგონებ ისეთ ფრაზებსა და სიტყვებს, როგორიცაა, “მაგათი დედა, სულელი, უაზრო, კრეტინი, ერთ ადგილზე შემძვრალები”. სხვამ რომ ვინმე მსუბუქად გააკრიტიკოს, მაშინვე სიძულვილის ენის გამოყენებას დააბრალებენ, თვითონ კი თავი აქვთ აშვებული.
– დიდი გარიგება თქვენც ახსენეთ. ხალხში მითქმა-მოთქმაა. ადამიანები ამბობენ, რომ “ქართული ოცნება” თმობს ხელისუფლებას. ხშირად გაიგონებ სიტყვა “გადაბარებას”.
– ეს არ გამოვა. ამის მთავარი ახსნა მსოფლიოში არსებულ ვითარებაშია. ნაციონალებისთვის ძალაუფლების გადაცემა რომ მოხდეს, საჭირო გახდება ძლიერი დიქტატურის დამყარება. ახლა აღარ არის მეოცე საუკუნის 70-იანი წლები, როცა, მაგალითად, ჩილეში ჩამოყალიბდა ასეთი რეჟიმი.
– იმ რეჟიმმა ცუდად დაამთავრა.
– იმას ვამბობდი, რომ მაშინაც არ იყო ესა თუ ის დიქტატურა სამუდამო. ახლა სრულიად სხვა მდგომარეობაა და ეს არ გამოვა. სააკაშვილსაც ჰქონდა პატარა დიქტატურის დამყარების მცდელობა. ეს დიქტატურა დემოკრატიული საფარველით ინიღბებოდა. დემოკრატია და ადამიანის უფლებები გახდა დიქტატურის დამალვის საშუალება. სააკაშვილს თავისი ჩანაფიქრი ბოლომდე არ გამოუვიდა და ვერც ახლა გამოუვა კონტრრევოლუცია.
მისი პროპაგანდისტები უცებ იქცნენ ადამიანებზე მზრუნველებად, არადა, მათ არც მემარცხენეობაზე აქვთ წარმოადგენა, არც მემარჯვენეობაზე და არც ოდესმე საზოგადოებაზე უზრუნიათ. სხვის ჯიბეში ფულს ითვლიან. კორუფციაზე უნდა ილაპარაკონ იმათ, ვისაც ამაზე ხმა ამოეღება. ნაცმოძრაობის ჩინოსნები თვითონ აკეთებდნენ ფულს!
– რამდენიმე გუბერნატორის გადაყენებამ ბევრს გაგვახსენა, რომ გუბერნატორის ინსტიტუტს საკონსტიტუციო კურიოზს უწოდებენ. ეს არის გაუგებარი ბიუროკრატიული რგოლი ცენტრალურ ხელისუფლებასა და თვითმმართველობას შორის. რა საჭიროა ამ აპარატზე ფულის ხარჯვა?
– გუბერნატორების ინსტიტუტის გაუქმებას მხარს ვუჭერ. ამაზე აქტიური საუბარი იყო შევარდნაძის დროს. ეს თანამდებობა მისი შემოღებულია. ყველაზე პარადოქსული სახე გუბერნატორებმა სააკაშვილის რეჟიმის დროს მიიღეს. ისინი ოკუპანტებს 2008 წელს სუფრებს უშლიდნენ, მძღოლობას და გიდობას უწევდნენ!
ისინი ქართული გვარების მქონე კონდოტიერები იყვნენ. კონდოტიერები წარმოადგენდნენ უცხოელებს, რომლებიც გამორჩენისათვის ნებისმიერ მოქმედებას ჩაიდენდნენ. ასეთი გუბერნატორები ჰყავდა სააკაშვილს. დღევანდელები მტერს არ მოუძღვებიან, მაგრამ მათზე და მათ აპარატებზე დიდი თანხები იხარჯება, გაკეთებული საქმე არ ჩანს, ზოგი უკანონობასაც არ ერიდება. მათი შენახვა ზედმეტი ხარჯია.
– ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას პრემიერი ბახტაძე სხვა რგოლებში დაგვპირდა, მაგრამ არ ვიცით, როდის მოხდება ეს.
– შედეგის მისაღწევად ხარჯების შეკვეცა არ არის მთავარი. შეიძლება რესურსები გაზარდო, ან იგივე დატოვო, მაგრამ ეფექტიანობა აამაღლო და ხელშესახები მიღწევები გქონდეს.
– ეს გასაგებია, მაგრამ რეგიონებში, სამინისტროებში, პარლამენტში, დედაქალაქის მერიასა თუ საკრებულოში შტატიანი და უშტატო თანამშრომლების რიცხვი ხელოვნურად და რეკორდულად არის გაზრდილი. ისინი ჩვენი ჯიბეებიდან ფინანსდებიან. ბევრი მოხელე საერთოდ არაფერს აკეთებს.
– დიახ, ეს პრობლემაა. ამის თავიდათავი უმუშევრობაშია. ქვეყანაში არ არის განვითარებული მცირე და საშუალო ბიზნესი. ამიტომ, საბიუჯეტო სამსახური გახდა დასაქმების მთავარი ადგილი. მცირე და საშუალო ბიზნესის წინსვლას ხელს უშლის მონოპოლიზმი. მონოპოლიზმი დაძლეული არ არის. ამის მოსაგვარებლად აუცილებელია ინტერესთა კონფლიქტის არდაშვება და არაპროფილური საქმიანობის აკრძალვა.
საამისოდ კანონების შემუშავება-მიღებას ძალიან ცოტა დრო უნდა. ეს უნდა გააკეთონ მცოდნე, პატიოსანმა და პატრიოტმა კადრებმა. ასეთი ძალები ფაქტობრივად გაანადგურეს. ამიტომ ვართ იმ კადრების ხელში, რომლებიც ყველაფერს კადრულობენ. ყველაფრის მკადრებელ კადრებს ქვეყანა და ხალხი არაფრად უღირთ.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა