“ასეთი რაღაც არ ახსოვს არავის, ცენტრში მოდის მთელი ხეობა” – ჭუბერში ჰესის მშენებლობასთან მთა მოწყდა

"ასეთი რაღაც არ ახსოვს არავის, ცენტრში მოდის მთელი ხეობა" - ჭუბერში ჰესის მშენებლობასთან მთა მოწყდასვანეთში სტიქია მძვინვარებს – ჭუბერში მთის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. ადიდებულმა მდინარემ რამდენიმე ხიდი წაიღო. დატბორილია მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორია.

ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განმარტებით, სამაშველო სამსახური მობილიზებულია და მაშველები ადგილზე მისვლას ცდილობენ, რათა ღვარცოფის სალიკვიდაციო სამუშაოები განხორციელდეს.

ჭუბერში, სადაც ჰიდროელექტროსადგურს აშენებენ, მთა რამდენიმე საათის წინ მოწყდა და მდინარის კალაპოტი ჩახერგა.

“ასეთი რაღაც არ ახსოვს არავის, ცენტრში მოდის მთელი ხეობა. აქ ცენტრალური ხიდი საერთოდ წაღებულია. ზუსტად არ ვიცი, ქვემოთ რა მდგომარეობაა, ცენტრში მოდის მთელი ხეობა. მესაზღვრეებთან დარეკეს, მთა მოწყდა, დააგუბა და წამოვიდა. ჯერ-ჯერობით არაფერი ვიცით. ჩვენ რაც ვიცით, ოთხი ცენტრალური ხიდია წაღებული, სასიცოცხლო ხიდი, ქვემოთ შემოსასვლელი წაღებულია. ახლა მდინარემ ცოტა დაიკლო“ – ამბობს ადგილობრივი.

სოფელ მესტიაში სტიქიის შედეგად რამდენიმე სახლი დაიტბორა, დაზიანდა ინფრასტრუქტურა და გზა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოფლის მაჟორიტარმა ზაზა ვიბლიანმა განუცხადა.
მისი თქმით, სოფელში სრულიად მოშლილია ინფრასტრუქტურა და ხალხი პანიკაშია.
„სოფელი ორადაა გაყოფილი. მოსახლეობის ნაწილი ერთ მხარესაა დარჩენილი, მეორე კი – მეორე მხარეს. პანიკაც შეიმჩნევა ხალხში. სახლების გარკვეული რაოდენობა დატბორილია. წაღებულია სოფელში არსებული ყველა ხიდი, ერთის გარდა. სოფელი მოწყვეტილია სხვა სოფლებს ისე, რომ ერთიდან მეორეში გადასვლა შეუძლებელია. აქ არის ყველა შესაბამისი სამსახური. ადიდებულია მდინარე, ჩამოიშალა მთის ნაწილი და მთლიანად მოდის ეს მასა. ამ დროისთვის მისი დონე შედარებით დაწეულია“, – თქვა ვიბლიანმა.

სოფელ ჭუბერის მოსახლეობის განცხადებით, მდინარე ნენსკრა ასეთი ადიდებული არასოდეს უნახავთ და ეშინიათ, დღეს ღამით მდინარე კიდევ უფრო არ ადიდდეს.
მანანა საღლიანის თქმით, ჭუბერის ზედა სოფლები მთლიანად არის მოწყვეტილი გარესამყაროს.
“ხიდები წაღებულია. ამ წუთას ხალხი გამოსულია გარეთ და ცდილობენ თავი დაიცვან. ამ მდინარემ ასეთი გაგიჟება არ იცის და შეიძლება ამაღამ რაღაც სასწაული დაატრიალოს“, – განუცხადა „რუსთავი 2“-ს საღლიანმა.
შეგახსენებთ, რომ ჭუბერში მთა ჩამოიშალა, რის შედეგადაც მდინარე ნენსკრა ადიდდა.
ჭუბერის თემის რწმუნებულის ინფორმაციით, 10 თემი და ჭუბერის მთელი ხეობა გარესამყაროსაა მოწყვეტილი.