“ჩემი თვალით ვნახე, როგორ წაეკიდა დედა-შვილს ცეცხლი, ბავშვი ჩემ თვალწინ დაიწვა” – რას ყვება საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტი ნინი მაისურაძე

საბერძნეთში გაჩენილი ხანძრის შესახებ AMBEBI.ge-სთან ქართველი ემიგრანტები საუბრობენ.

მათი ინფორმაციით, ხანძარი ამ დრომდე აქტიურია და კვლავ სწრაფად ვრცელდება. როგორც AMBEBI.ge წერს, ემიგრანტები გამოცემასთან როგორც ხანძრის კერების, ასევე მოსახლეობის შესახებ უყვებიან, რომელთა ნაწილი კვლავ ხანძრის კერებთან ახლოს იმყოფება.

“ტელევიზორსა და ინტერნეტს ვერ ვწყდები – ყოველ წუთს გადმოსცემენ ინფორმაციას, სანუგეშო ჯერჯერობით არაფერია… ათენის გარშემო, სამი მხრიდან ხანძრის მასშტაბური კერები არ ცხრება… მე კატში ვცხოვრობ და მხოლოდ ამ ქალაქში, 5 ლოკალური ხანძარი მძვინვარებს, ვერ აქრობენ. ქუჩები, სახლის სახურავები, აივნები, ეზოები ფერფლით არის სავსე… გარშემო შავი კვამლია და ხალხი ვერ ხვდება, საით გაიქცეს”, – ჰყვება AMBEBI. ge-სთან საუბარში საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ვანდა ვირსალაძე.

მისივე თქმით, მთელი ქალაქი სახანძრო მანქანებით არის სავსე, მაგრამ ქარი ძლიერდება, რაც ხანძრის ქრობის სამუშაოებს ართულებს.

კიდევ ერთი ემიგრანტის თქმით, ხანძარი მძვინარებს კინეტაშიც, სადაც ზღვის მთელ სანაპიროზე წიწვნარია გაშენებული და ხეივანს, ცეცხლი ერთიანად ეკიდება.

“ტყიდან ყველაფერზე, გარშემო არსებულ ინსფრასტრუქტურაზე ვრცელდება. ხალხი ზღვაში შეცვივდა, მაგრამ ისეთი ძლიერი ცეცხლი იყო, ზურგები დაგვეწვაო, ჰყვებოდნენ… დილით რამდენიმე ათეული მანქანა იყო დამწვარი, შემდეგ ალბათ უარესი ვითარება იქნებოდა… მე დავტოვე ქალაქი, თუმცა, ახლა სადაც ვარ, იქაც არ მგონია, უსაფრთხოდ ვიყო, რადგან საშინელი ქარია…”, – ამბობს იულია შამრაი.

„მარათონში ვცხოვრობ. გუშინ მატიში ვიყავი, იმ ადგილას, საიდანაც დაიწყო ცეცხლი, იქაურობა უკვე აღარ არსებობს… სადაც ვმუშაობ, იმ ადგილისკენ მივდიოდი, როდესაც პოლიციამ ჩამიარა და გამაფრთხილა – იქით არ წახვიდე, ცეცხლიაო. ვხედავდი ცეცხლს, მაგრამ არ მეგონა, თუ ისე სწრაფად მომიახლოვდებოდა. მე კი არა, იქ მცხოვრებლებსაც არ ეგონათ, მშვიდად იდგნენ და თავიანთ ბაღებში ხეხილს რწყავდნენ, რომ სველ ხეებს ცეცხლი არ მოსდებოდათ… საცხობისკენ ვაპირებდი ჩასვლას და უცებ მოვტრიალდი თუ არა, დავინახე რამდენიმე მეტრში აღმართული ცეცხლი, რომელიც უკან მომყვებოდა… გავიქეცი, მაგრამ არ ვიცოდი, საით წავსულიყავი. აქ ახალი ჩამოსული ვარ და გარდა ამისა, ბნელოდა. ცეცხლი წამებში ისე მომიახლოვდა, რომ სიმხურვალეს ზურგზე უკვე ვგრძნობდი..

შუქიც არ იყო, სადენები დაიწვა და შავ კვამლში გზას ვეღარ ვიკვლევდი… წივილკივილი და ბავშვების ტირილი გავიგე და მივხვდი, რომ სანაპიროსკენ მივდიოდი. მატის გაყოლებაზე, ზღვის ნაპირზე 400-ზე მეტი ბავშვი იყო და ადგილიც არ იყო… ჩემი თვალით ვნახე, როგორ წაეკიდა დედა-შვილს ცეცხლი. ახლაც ცუდად ვხდები, რომ მახსენდება, ბავშვი ვერ გადავარჩინე – ჩემს თვალწინ დაიწვა…

როგორც ჩანს, შემდეგ მეც გავითიშე, ძლიერი კვამლის გამო და ღამის 3 საათზე მიპოვა ვიღაცამ… გონს უკვე სასწრაფოში მოვედი. გზები ჩახერგილი იყო და ძლივს იკვლევდნენ გზას… მერე მითხრეს, რომ 2-წუთიანმა წვიმამ გადამარჩინა, თორემ ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი. ახლა მარათონში ვარ, “ადიო ანდრიას” სახელობის საბავშვო ბანაკში. შოკიდან ჯერ კიდევ ვერ გამოვსულვარ და არც ვიცი, ოდესმე გამოვალ თუ არა…”, – განაცხადა საბერძნეთში მცხოვრებმა ემიგრანტმა ნინი მაისურაძემ.

კიდევ ერთი ემიგრანტის, დათო კირთაძის ინფორმაციით, ადგილზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაღუპულთა უმეტესობა ტურისტია, მათ შორის, 20-მდე ბავშვი.

„250-ზე მეტს მძიმე დამწვრობა აქვს მიღებული… ხალხი ზღვაშია შესული და შიშით უკან ვეღარ გამოდიან. ტურისტების უმეტესობა ახლომახლო სასტუმროებსა და ჰოსტელებში იყო განთავსებული, არადა, გარშემო ყველაფერი ფერფლად იქცა. ბევრი მათგანი მხოლოდ საცურაო კოსტიუმების ამარა დარჩა, მაგრამ ბედნიერები არიან – მთავარია, გადავრჩითო… აქ ქალაქებს გარშემო ტყეები აკრავს და ის ტყეები იწვის სწორედ, ცეცხლი შემდეგ დასახლებულ პუქნტებზე ვრცელდება… ემიგრანტები ვცდილობთ, ერთმანეთს დავუკავშირდეთ და ერთმანეთის შესახებ გავიგოთ“, – აღნიშნა დათო კირთაძემ.

ინტერპრესნიუსი

გაზიარება:

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018