“ჩემს შვილთან არ ჰყოლია ბავშვი. თარხანთან ჰყავდა” – რას ყვება სედა დუდურკაევას ყოფილი დედამთილი

"ჩემს შვილთან არ ჰყოლია ბავშვი. თარხანთან ჰყავდა" - რას ყვება სედა დუდურკაევას ყოფილი დედამთილითავის დროზე ის ჩეჩნეთის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სარძლო იყო – დიდი ყავისფერი თვალებით, გრძელი წამწამებითა და კავკასიური ხასიათით… მისი სახელია სედა… სედა დუდურკაევა, იგივე აიშა… ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის ყოფილი მაღალჩინოსნის, ასუ დუდურკაევის ქალიშვილი…

სედამ უზრუნველი ცხოვრება ჯიჰადის სანაცვლოდ დათმო… ეს მას შემდეგ, რაც წარმოშობით პანკისელ ჰამზათ ბორჩაშვილზე დაქორწინდა და მასთან სირიაში გაემგზავრა. ჰამზათის გარდაცვალების შემდეგ კი ის „ისლამური სახელმწიფოს“ ყოფილი საველე მეთაურის, თარხან ბათირაშვილის, იგივე ომარ ალ-შიშანის ცოლი გახდა და მას ორი შვილიც გაუჩინა.

გასულ კვირას კი თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოთხ ივლისს სედა დუდურკაევა სტამბოლში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ალ-შიშანზე დაქორწინებამდე სედა დუდურკაევა სოფელ დუისის მკვიდრის, ჰამზათ ბორჩაშვილის მეუღლე გახლდათ, რომელიც სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა და 2013 წელს ძმასთან, ხალიდ ბორჩაშვილთან ერთად დაიღუპა.

ძმები ბორჩაშვილების დედა, ანუ ოთხ ივლისს სტამბოლში დაკავებული სედა დუდურკაევას ყოფილი დედამთილი ლეილა აჭიშვილია… ის შვილების დასაბრუნებლად სირიაში საკუთარი ფეხით ჩავიდა, თუმცა უშედეგოდ. მან ჰამზათისა და ხალიდის დარწმუნება ვერ შეძლო. უფრო მეტიც, ცნობილია, რომ ჰამზათმა ჩეჩნეთიდან სირიაში თავისი მეუღლე სედა დუდურკაევაც წაიყვანა, რომელიც, ასევე, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანდა.

ჯერ კიდევ მოზარდობის პერიოდში ჰამზათ ბორჩაშვილი ოჯახმა პანკისიდან ავსტრიაში გაგზავნა. იქ დაამთავრა ვენის უნივერსიტეტი და ხუთი ენაც შეისწავლა. კარგი განათლების მიუხედავად, ის მალევე ჯიჰადისტების გვერდით აღმოჩნდა და არც მეტი, არც ნაკლები, თარხან ბათირაშვილის პირად თანაშემწედ და თარჯიმნად დანიშნეს. ის ბათირაშვილს ყოველთვის თან ახლდა და მის ერთგულ თანამებრძოლად ითვლებოდა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, 2013 წელს ჰამზათ ბორჩაშვილის სიკვდილი პირადად ბათირაშვილმა მოაწყო მისი ცოლის ხელში ჩაგდების მიზნით.

ამ ინფორმაციას „პრაიმტაიმთან“ საუბრისას არც უარყოფს და არც ადასტურებს ჰამზათ ბორჩაშვილის დედა ლეილა აჭიშვილი, რომელიც ამჟამადაც პანკისის ხეობაში ცხოვრობს. მან ყოფილი რძლის თურქეთში დაკავების შესახებ ინფორმაცია ჩვენგან შეიტყო.

ლეილა აჭიშვილი:

– მისი დაკავების შესახებ არ გამიგია. თქვენგან შევიტყვე ახლა…

– არსებობს ინფორმაცია, რომ თქვენი ვაჟი, ჰამზათ ბორჩაშვილი თარხან ბათირაშვილმა მოაკვლევინა, რათა შემდეგ სედა დუდურკაევაზე დაქორწინებულიყო… ასეა?

– მე არც ვადასტურებ და არც უარვყოფ ამ ინფორმაციას.

– სედასა და ჰამზათს საერთო შვილები ჰყავდათ?

– არა, ჩემს შვილთან არ ჰყოლია ბავშვი. თარხანთან ჰყავდა.

– სედა პანკისში ნამყოფია თქვენთან?

– არა, ჩეჩნეთში ცხოვრობდა. აქ არასდროს ყოფილა. რუსეთის მოქალაქეა. შემდეგ სირიაში იყო.

– თქვენს ვაჟთან როდის იქორწინა ზუსტად?

– 2013 წელს დაქორწინდნენ. იმავე წელსვე გარდაიცვალა ჰამზათი.

ჯანმრთელობის პრობლემების გამო ლეილა აჭიშვილმა „პრაიმტაიმთან“ უფრო დეტალური საუბარი ვერ შეძლო, თუმცა სხვადასხვა დროს მან პრესასთან თავისი შვილების „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის შესახებ ისაუბრა. ერთ-ერთ უცხოურ გამოცემასთან ინტერვიუში კი ლეილა აჭიშვილი იხსენებს, რომ ჰამზათის გარდაცვალების შემდეგ, რძალმა, სედა დუდურკაევამ მას ფული გამოუგზავნა.

„ჰამზათის ქვრივმა, სედამ, გამომიგზავნა ფული, რაც ხალიდის საფულეში იპოვა და მითხრა, რომ ეს მე მეკუთვნოდა. ჰამზათის სიკვდილის შემდეგ სედა მზად იყო, შინ დაბრუნებულიყო, მაგრამ აბუ ომარმა (თარხან ბათირაშვილი) მას ამის საშუალება არ მისცა და ცოლად შეირთო. ეს მუსლიმანი მეომრების ძველი ტრადიციაა – თუ შაჰიდის ცოლი დაქვრივდება, ის უპატრონოდ არ უნდა დარჩეს. ამ წესის თანახმად, ვინმე სხვას უნდა მოეყვანა სედა ცოლად, ეს ვიღაც კი თარხანი აღმოჩნდა, ვისაც ჩემი შვილი ენდობოდა და მუდამ გვერდით ედგა!“ –  ამბობს ლეილა აჭიშვილი.

თურქული მედიის ინფორმაციით, სედა დუდურკაევასთან ერთად ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ფარგლებში კიდევ ოთხი პირი დააკავეს. მათ თურქეთის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, სედა დუდურკაევა ჩეჩნეთის მიგრაციის საკითხთა ყოფილი მინისტრის ასუ დუდურკაევის შვილია. რამზან კადიროვმა დუდურკაევი თანამდებობიდან მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც მისი ქალიშვილი „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებს შეუერთდა, რასაც ჩეჩნეთში დიდი სკანდალი მოჰყვა. ამ საკითხს პირადად რამზან კადიროვიც გამოეხმაურა და განაცხადა:

„დუდრკაევს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრუქტურის ლიდერს, არ აქვს მორალური უფლება, ისაუბროს პატრიოტიზმსა და რელიგიაზე, ვინაიდან მისი ქალიშვილი ვაჰაბისტებისა და ბანდიტების რიგებში გაწევრიანდა, რომლებიც იღებენ სამოქალაქო პირების სისხლს და აფეთქებენ ისლამურ სალოცავს სირიაში“.

გავრცელებული ინფორმაციით, დუდურკაევას ოჯახის წევრები რამდენჯერმე იმყოფებოდნენ სირიაში, რათა ქალი ჩეჩნეთში დაბრუნებაზე დაეთანხმებინათ, თუმცა უშედეგოდ. სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციების შესუსტების შემდეგ კი, როგორც ჩანს, სედა შვილებთან ერთად თურქეთში გადავიდა, თუმცა ცნობები მისი ტერორისტული გეგმების შესახებ ამ დროისთვის არ არსებობს.

რაც შეეხება თარხან ბათირაშვილს… აშშ-ის თავდაცვის უწყების ოფიციალური პირების განცხადებით, ომარ ალ-შიშანი 2016 წელს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ სირიაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების დროს მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

თარხან ბათირაშვილი 2010 წლამდე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და 2008 წელს რუსეთის წინააღმდეგაც იბრძოდა, თუმცა, როგორც პანკისის ხეობაში, კერძოდ, სოფელ ბირკიანში მცხოვრები მისი ნათესავები ჰყვებიან, ის ჯანმრთელობის პრობლემების გამო სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს. ამის შემდეგ კი თარხან ბათირაშვილი სირიაში წავიდა და მალევე ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა.

30 წლის ასაკში თარხან ბათირაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს 4 ყველაზე საშიშ და ძვირად ღირებულ ტერორისტთა სიაში შეიყვანა. მის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის კი 5 მილიონი დოლარი იყო დაწესებული.

მირიან ბოქოლიშვილი, პრაიმტაიმი