დავით ჭიჭინაძე – “ქართული ოცნების” დატოვებას არ ვაპირებ”

დავით ჭიჭინაძე - "ქართული ოცნების" დატოვებას არ ვაპირებ"რატომ წყინთ ზარდიაშვილობა “ოცნების” ლიდერებს, ვისზე ცდილობს ხელების შეწმენდას ირაკლი კობახიძე, რას ფიქრობენ მის გარიცხვაზე პარტიაში, რა საიდუმლო ოთახებია პარლამენტში? – ამის შესახებ “ახალ თაობას” დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ესაუბრება.
– “ქართული ოცნებიდან” გარიცხვის შემდეგ თავს როგორ გრძნობთ?
– მშვენივრად ვარ და შემიძლია გითხრათ, რომ “ქართული ოცნებიდან” ვერავინ გამრიცხავს. “ქართული ოცნება” არის ის ხალხი, რომელიც 2012 წელს ივანიშვილთან ერთად ებრძოდა სააკაშვილის რეჟიმს. ამ “ქართული ოცნებიდან” ვერავინ გამრიცხავს. მე “ოცნებიდან” წასვლას არ ვაპირებ.
– ისე, უცნაურია, რომ “ოცნებიდან” გაგრიცხათ იმ ხალხმა, ვინც ამ პარტიაში 2016 წელს მოვიდა.
– ეს საინტერესო ფაქტია, მაგრამ გარიცხვას ხელი იმ ადამიანებმაც მოაწერეს, რომლებიც “ოცნებაში” 2012 წლიდან იყვნენ.
– გია ვოლსკიზე და კახა კალაძეზე საუბრობთ?
– მაგათზე და დიტო სამხარაძეზეც.
– ვოლსკიმ თქვა, რომ თქვენი გარიცხვა იმიტომ მოხდა, რომ პარტიაში დესტაბილიზაციას იწვევდით.
– მე სიმართლეს ვლაპარაკობდი. მომავალშიც ასე გავაგრძელებ. რაც შეეხება ვოლსკის, მან ისიც თქვა, რომ ჩემი საქციელი დეპუტატის სტატუსს არ შეესაბამება. ამაზე “ქრონიკა +”-თან გავაკეთე კომენტარი და თქვენთანაც გავიმეორებ,
მაგის მსგავსად კომკავშირელი და ცეკას ინსტრუქტორი არ ვყოფილვარ, არც იმ ცხოვრებით მიცხოვრია: არის, უფროსოო!“ მე თავისუფალი ადამიანი ვარ და როცა პოლიტიკით დავინტერესდი, უკვე „პერესტროიკა“ იყო.
– თქვენ განაცხადეთ, რომ “ოცნების” საპარლამენტო ჯგუფში არსებობს  ლიდერშიფი და პარლამენტში არის ცალკე ოთახები, სადაც გენიალურ აზრებს ხარშავენ.
– ცალკე ოთახებით კოლექტიური ზარდიაშვილები სარგებლობენ. მათ
ჩაკეტილი ჯგუფის მსგავსი შექმნეს პარლამენტში, ცალკე ოთახებიც კი აიღეს, რომ დანარჩენს ხელი არ შეეშალათ. აი, აქ ასვენებდნენ ტვინებს და გენიალურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ. ამ ოთახების გარდა, კოლექტიურ ზარდიაშვილებს კაბინეტებიც აქვთ.
– “ოცნების” ლიდერები ტერმინზე “კოლექტიური ზარდიაშვილები” ძალიან ღიზიანდებიან. 
– ეს მათი პრობლემაა. ზარდიაშვილი მათ გვერდით არის და არ უნდა ბრაზდებოდნენ. ძალიან კარგი გვარია ზარდიაშვილი. ბავშვობის მეგობარი მყავდა დავით ზარდიაშვილი. ის სამაჩაბლოში პირველი კონფლიქტისას დაიღუპა. ასე რომ, გვართან არაფერი პრეტენზია არა მაქვს. კოლექტიურ ზარდიაშვილებში რასაც ვგულისხმობ, “ოცნებაში” ძალიან კარგად იციან.
– რამდენიმე თვის წინ თქვენ თქვით, რომ “ოცნება” ისნის რაიონში აპირებდა ვანო ზარდიაშვილის მაჟორიტარად დასახელებას, მაგრამ ამას მოსახლეობის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
– დეტალებზე ახლა არ ვისაუბრებ, მაგრამ ზარდიაშვილის დასახელების მცდელობას დიდი ამბები მოჰყვა ჩემს რაიონში.
– ამომრჩეველზე ვსაუბრობთ და როგორ შეხვდა ხალხი თქვენს გარიცხვას?
– უარყოფითად. ისინი კარგად ხედავენ, რომ სიმართლის თქმა არ მაპატია რამდენიმე ლიდერმა.
– “ოცნების” დეპუტატებისგან თუ გრძნობთ მხარდაჭერას?
– რა თქმა უნდა. ისინიც მეთანხმებიან, რომ არ შეიძლება წასულ ადამიანს ხელები შეახოცო. რამე პრეტენზიები თუ ჰქონდა, ეს ირაკლი კობახიძეს ადრე უნდა ეთქვა.
– გიორგი კვირიკაშვილის ამბავი გაქვთ მხედველობაში?
– დიახ. კვირიკაშვილზე კობახიძე მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც მან პრემიერის პოსტი დატოვა. მანამდე რატომ არ თქვა, რომ კვირიკაშვილმა შეუშალა ხელი ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში, როგორიც შრომითი უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებაა.
– შრომითი უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებას არ სთხოვდნენ კობახიძეს ლაბორატორია 115-ის წევრები, ახალგაზრდებს ბოლშევიკები რომ ეძახა?
– ასე იყო. თავად წავიდა ამის წინააღმდეგი და ახლა კვირიკაშვილზე ცდილობს ხელის შეწმენდას. ეს არასწორია.
– როდესაც პარტიიდან გაგრიცხეს, თქვით, რომ ახალ ფრაქციას, “ოცნება 2012”-ს, შექმნიდით. ისევ აპირებთ ამის გაკეთებას?
– ვთქვი, რომ ფრაქციას “ოცნებიდან” გამოყრილებისგან შევქმნიდი. “ოცნებიდან” თუ კიდევ გამოყრიან დეპუტატებს, ეს ფრაქცია შეიქმნება.
– თქვენი აზრით, სხვებსაც გარიცხავენ?
– ზოგი შეიძლება გარიცხონ, ზოგი ალბათ თავად წამოვა.
  შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა