გახარია – ”კოკა კობალაძესთან გლდანის პოლიციის 2 წარმომადგენელი იმყოფებოდა, რომლებმაც ეს ფაქტი დამალეს. ჩვენ მათ დავსჯით”

გახარია - ”კოკა კობალაძესთან გლდანის პოლიციის 2 წარმომადგენელი იმყოფებოდა, რომლებმაც ეს ფაქტი დამალეს. ჩვენ მათ დავსჯით”საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი, გიორგი გახარია ამბობს, რომ პოლიციელი, რომელიც დადასტურებულად იქნება დადანაშაულებული უფლებამოსილების გადამეტებაში ან არაკეთილსინდისიერებაში უმკაცრესად დაისჯება.

გიორგი გახარიამ კოკა კობალაძის ცემის საქმეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გენინსპექციის ძიების შედეგად, დადასტურდა, რომ კობალაძესთან სახლში იმყოფებოდა პოლიციის ორი თანამშრომელი, რომელმაც ეს ინფორმაცია დამალა.

„ამ ახალგაზრდა ადამიანმა გააკეთა განცხადება, რომ მასთან ვიზიტით იმყოფებოდნენ პოლიციელები და მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. გუშინწინ გენერალური ინსპექციის მუშაობის შედეგად, მართლაც დადასტურდა ფაქტი, რომ მასთან სტუმრად ვიზიტით იმყოფებოდნენ პოლიციის წარმომადგენლები, კერძოდ, გლდანი-ნაძალადევის განყოფილების ორი თანამშრომელი, რომლებმაც ეს ფაქტი დამალეს.

ეს ფაქტი გუშინ დადგინდა გენინსპექციის ძიების შედეგად და იმის გამო, რომ მსგავსი ქმედება აბსოლუტურად მიუღებელია სისტემისთვის, ჩვენ მივიღეთ დისციპლინარული დასჯის უმაღლესი ზომა და ეს ორი თანამშრომელი, მათი უშუალო ხელმძღვანელი და თბილისის პოლიციის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს ხელმძღვანელი, რა თქმა უნდა, დათხოვილი იქნებიან შსს-ს რიგებიდან. მსგავსი საქციელის ჩამდენი პოლიციელების ადგილის შსს-ს რიგებში არ არის. შსს-ს მიმართ ხშირად იყო პრეტენზია და საყვედური, ზოგჯერ დასაბუთებულიც, რომ როცა საქმე ეხებოდა ოჯახურ ძალადობას, იყო აზრი, რომ სისტემა ოჯახში მოძალადე პოლიციელებს აფარებს ხელს. 12 ივლისს ჩვენ მივიღეთ ბრძანება, რომლის შინაარსი არის შემდეგი, რომ თუ შსს-ს თანამშრომელს დაუდასტურდება ოჯახში დანაშაულის ფაქტი და თუ ის იქნება ბრალდებული ოჯახში ძალადობაში, ავტომატურად დატოვებს შსს-ს რიგებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.