გია ხუხაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“  ცხრაწლიანი დანაშაული აერთიანებთ“

გია ხუხაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“  ცხრაწლიანი დანაშაული აერთიანებთ“მიუხედავად იმისა, რომ მათ ერთმანეთი არ უყვართ, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ ერთი ცხოვრებისეული ფილოსოფია და საერთო ცხრაწლიანი დანაშაული აერთიანებთ, უნდა ველოდოთ, რომ ისინი ერთიანი ფრონტით გამოვლენ ხელისუფლების წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობის“ და „ევროპულ საქართველოს“ მემორანდუმის შეფასებისას განუცხადა.

როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, მემორანდუმის გაკონტროლება, რომელიც სამ ძირითად პუნქტს მოიცავს და საპრეზიდენტო არჩევნებზე ამ პარტიების ძალების გაერთიანებას გულისხმობს, შეუძლებელი იქნება.

„ეს მემორანდუმი კიდევ ერთხელ ადასტურებს მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ადამიანებს ისე არაფერი აერთიანებთ, როგორც ერთობლივი დანაშაული. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პარტიის გაყოფა იმიტირებულად ჩავთვალო, მაგრამ რეალურად, როდესაც ვსაუბრობთ რეჟიმზე, ის დანაშაულები მათ ერთად ჩაიდინეს. რაც არ უნდა ერთმანეთი ეზიზღებოდეთ, დანაშაული მათ უჩენთ გადაულახავ ვალდებულებას, რაც ადრე თუ გვიან თავს იჩენს. მიუხედავად იმისა, რომ მათ ერთმანეთი არ უყვართ, ერთი ცხოვრებისეული ფილოსოფია და საერთო, ცხრაწლიანი დანაშაული აერთიანებთ. ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ ისინი ერთიანი ფრონტით გამოვლენ ხელისუფლების წინააღმდეგ. თუმცა, მე მათ შესაძლებლობებს კრიტიკულად ვაფასებ. გარდა ამისა, ამ მემორანდუმის კონტროლიც არ იქნება შესაძლებელი; ეს მემორანდუმი საერთო მრავალწლიან დანაშაულზე დგას, მეტი საფუძველი მას არ აქვს“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციის შანსებს საპრეზიდენტო არჩევნებზე, როგორც ექსპერტი აცხადებს, მეორე ტური იქნება მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი იქნება.

„როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალა და „ევროპული საქართველო” შეიქმნა მათ ერთი ელექტორატი გაიყვეს. ეს ელექტორატი გარკვეულწილად ჩაკეტილი სისტემაა, რომელსაც ზრდის და განვითარების პოტენციალი არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მიმართ სკეპტიციზმი ძალიან მაღალია, ამომრჩეველი არ არის თანახმა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუბრუნდეს, უფრო ეძებს მესამე არჩევანს. ამ ჩაკეტილ სისტემას ისინი წაიღებენ, ეს არის საკმაოდ კარგად ორგანიზებული ელექტორატი, თუმცა, არ არის კრიტიკული და საფრთხეს ვერ შექმნის ხელისუფლებისთვის. მეორე ტური იქნება ერთადერთ შემთხვევაში, თუ მარგველაშვილი კენჭს იყრის. თუ ეს ასე არ იქნება, მაშინ ხელისუფლების კანდიდატი პირველივე ტურში გაიმარჯვებს. თუმცა, სკეპტიკურად ვუყურებ იმას, რომ მარგველაშვილი შეიძლება იყოს „ევროპული საქართველოს“ ან „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი. მარგველაშვილის ირგვლივ შეიძლება შემოიკრიბოს არაკვალიფიციური პარტიები, რომელიც სერიოზულ სინერგიას ვერ შექმნის, თუმცა, თავად მარგველაშვილს აქვს პოტენციალი ხმების 10-12 პროცენტი წაიღოს, რაც ფაქტობრივად, გაზრდის მეორე ტურის შესაძლებლობას. თუმცა, მე არ ვფიქრობ, რომ მარგვალაშვილი მეორე ტურში გავა, ის სავარაუდოდ, გავა მესამე ადგილზე. ხოლო მეორე ადგილზე გავა „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე ნამსხვრევის კანდიდატი, მაგრამ მარგველაშვილი გახდება მეორე ტურის გასაღები. თუ მარგველაშვილი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, მაშინ არჩევნები პირველივე ტურში ხელისუფლების კანდიდატის გამარჯვებით დასრულდება“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) პრეზიდენტის ინიციატივით, „ევროპულმა საქართველომ“ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამპუნქტიან შეთანხმებას მოაწერეს ხელი. კერძოდ: 1. პარტიები საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტურში გადასულ კანდიდატს მხარს დაუჭერენ; 2. კამპანიის დროს თავს შეიკავებენ ერთმანეთზე თავდასხმისგან. 3. არჩევნების პირველ და მეორე ტურებში მაქსიმალურად მოახდენენ ამომრჩევლის მობილიზებას, რადგან არჩევნებია ხელისუფლების შეცვლის გზა.