“გიგა ბოკერია ბიძინა ივანიშვილის მფარველი გახდა” – რას ფიქრობს ემზარ კვიციანი

"გიგა ბოკერია ბიძინა ივანიშვილის მფარველი გახდა" - რას ფიქრობს ემზარ კვიციანირაში სჭირდება პარლამენტს ეთიკის კოდექსი, რატომ ვერ კიდებენ ხელს გიგა ბოკერიას, რა რეზოლუციის მიღებას ითხოვს “პატრიოტთა ალიანსი”, რატომ ალაპარაკდნენ ნაციონალები სამართლიანობის აღდგენაზე? – ამ თემებზე “ახალ თაობას” “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ემზარ კვიციანი ესაუბრება.
ემზარ კვიციანი:
– ქვეყანაში არსებული ვითარება უკვე აუტანელი გახდა – ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ისე გათავხედდნენ, რომ სამართლიანობის აღდგენაზე დაიწყეს საუბარი. ეს ჯერ მხოლოდ საუბარია, მაგრამ მალე ისე შეატრიალებენ საქმეს, რომ აქეთ დაგვბრალდება მათი წამება და დევნა. იმასაც დაამტკიცებენ, რომ ცხონებულმა სულხან მოლაშვილმა აწამა გიგა ბოკერია.
– ამბობთ, იმას იტყვიან, რომ მათი დევნა მიდის. ამას უკვე ამბობენ და ევროპის სახალხო პარტია შეშფოთებულია იმის გამო, რომ ნაცმოძრაობის ლიდერები ციხეში სხედან.
– მთავარი დამნაშავე, სააკაშვილი, თავისუფალია. ციხეში ვინც ზის, იმათაც მინიმალური აქვთ მისჯილი. რამდენიმე ადამიანის ციხეში გაშვება საკმარისი არაა. ნაციონალური მოძრაობა, როგორც რეჟიმი, ისე უნდა გასამართლდეს. ყოფილ ხელისუფლებას სამარართლებრივი შეფასება თუ არ მიეცა, არაფერი არ გამოგვივა.
– თქვენ გჯერათ რომ ნაციონალებს დამნაშავე რეჟიმად გამოაცხადებენ?
– “პატრიოტთა ალიანსს” ამასთან დაკავშირებით უკვე შეტანილი აქვს პარლამენტში რეზოლუცია. ახლა მმართველი პარტიის გადასაწყვეტია, დაუჭერენ თუ არა ამას მხარს.
– ნაციონალების წინააღმდეგ თქვენი პარტია ხელმოწერებსაც ხომ აგროვებდა?
– ხელმოწერებს ისევ ვაგროვებთ და ყოფილი ხელისუფლების გასამართლებას ვითხოვთ.
– თქვენი პარტიის რეზოლუცია პარლამენტში განსახილველად როდის გამოვა?
– არ ვიცით, იმედი გვაქვს, რომ ეს მალე მოხდება. “ოცნების” დეპუტატები გვეუბნებიან. რომ მხარს დაგვიჭერენ.
– თავად რატომ არ მოამზადეს ასეთი რეზოლუცია?
– ვერ გეტყვით, მიზეზების კითხვასაც არ ვაპირებ. ახლა მთავარია, მხარი დაუჭირონ ჩვენ მიერ მომზადებულ რეზოლუციას. იმედი გვაქვს, რომ მხარდაჭერა იქნება.
– თქვენ იმის იმედიც გქონდათ, რომ “ოცნება” დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას დაუჭერდა მხარს, რომელიც კოდორის ამბებს გამოძიებდა.
– ამ კომისიის შექმნას გიგა ბოკერიას გამო არ დაუჭირეს მხარი. ის იყო ამ საქმის გამოძიების წინააღმდეგი.
– ასეთი გავლენები აქვს ბოკერიას “ოცნებაზე”?
– გავლენა როგორ არა აქვს. აქამდე ამბობდნენ, რომ მას ივანიშვილი მფარველობდა. ახლა უკვე იმაზე საუბრობენ, რომ ბოკერია მფარველობს ივანიშვილს.
– რანაირად მფარველობს?
– რანაირად და ჩვეულებრივად. ბოკერია “ოცნების” ლიდერს რუსეთში და დასავლეთში უწევს ლობირებას.
– დასავლეთში კიდევ გასაგებია, მაგრამ რუსეთში ივანიშვილს ბოკერიას მფარველობა რაში სჭირდება?
– სჭირდება, რომ იცოდეთ, ბოკერიას მოსკოვში ყველაზე დიდი ლობი ჰყავს.
– ვინ ლობირებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს?
– ვინ? რუსეთის მმართველობის ელიტა. ბოკერიას ყველაზე მთავარი ლობი კი იგორ გიორგაძეა. ამიტომაც თითსაც ვერავინ დაადებს ყოფილი ხელისუფლების ერთ-ერთ ლიდერს.
– რომ დააკარონ?
– დააკარებენ და მოსკოვი აუფეთქდებათ.
– რაღაც დაუჯერებელია, რომ ბოკერიას მოსკოვი მფარველობდეს.
– არაფერი ამაში დაუჯერებელი არ არის. ეს კაცი მაგათია და მაგიტომაც აკეთებენ ყველაფერს მის დასაცავად.
– ბოკერიას რუსეთის კაცობაც დაუჯერებელია. მთელი ცხოვრება რუსეთს აგინებს.
– არანაირი უცნაურობა. აბა დააკვირდით, ყველაზე მეტად რუსებს ვინც ლანძღავდა და პროამერიკელობას იბრალებდა, დღეს ისინი რუსეთში ცხოვრობენ.
– მაგ ლოგიკით თქვენ ამერიკაში უნდა წახვიდეთ საცხოვრებლად, ძალიან ხშირად აკრიტიკებთ ამ ქვეყანას.
– ყველანაირი ლოგიკით საქართველოში უნდა ვიყო და ვარ კიდევაც. სხვებისგან განსხვავებით, არც ამერიკა მჭირდება და არც რუსეთი. მეგობრობას თუ გაგვიწევენ, მაშინ კიდევ ჰო, მაგრამ მაგათგან მეგობრობის სურვილი არ მოდის.
ამერიკას აკრიტიკებო, ხომ მითხარით, მაგრამ იყო დრო, საქართველოში ჩემზე დიდი პროამერიკელი არ დადიოდა.
– ეს როდის იყო?
– სულ ცოტა ხნის წინ. ძალიან მაგარი პროამერიკელი ვიყავი, ვიდრე ბოლომდე არ შევიცანი ეგენი. აშშ-მ ბევრჯერ გვიღალატა, ისევე როგორც გაერომ და ეუთომ. რუსეთზე აღარაფერს ვამბობ.
როცა საუბრობენ პროდასავლურობასა და პრორუსულობაზე ძალიან მეცინება. ერთსაც და მეორესაც ქართველი კაცი იმ დოზით აინტერესებს, რა დოზით ჩაიხდის ის შარვალს.
– თქვენზე პარლამენტი აშკარად ცუდ გავლენას ახდენს. ადრე ასეთ უზრდელობებს არ ამბობდით.
– შარვლის ჩახდა უზრდელური არაა. ეს ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია, როგორც შარვლის ჩაცმა. იმედია, ამის გამო ეთიკის ნორმების დარღვევაში არ დამდებენ ბრალს. ისიც იცოდეთ. რომ ეთიკის კოდექსი პარლამენტში ბოკერიასთვის შემოაქვთ.
– ბოკერია აქ რა შუაშია?
– შუაში არ არის, თავშია. ეს კანონი იმიტომ მოამზადეს, რომ ბოკერიას ბუზიც კი ვერ ავუფრინოთ. სამაგიეროდ, მას უფლება ექნება, ჩვენ თვალწინ ითავხედოს.
– თავხედობაში რას გულისხმობთ?
– თავხედობაში თავხედობას ვგულისხმობ. მას ამის უფლებას ეთიკის კოდექსით აძლევენ.
– ამ კოდექსში სადმე წერია, ბოკერიასთვის ბუზის აფრენა არ შეიძლებაო?
– არ წერია, მაგრამ იგულისხმება. ჩემთვის პირადად სერიოზული ტანჯვის ტოლფასია იმის ყურება, რომ მწამებელი და სამშობლოს გამყიდველი წინ მიზის. როცა პარლამენტში ამდენი მწამებელია, იქ ეთიკის კოდექსის დაწესება დანაშაულია. ასე ძალიან თუ უნდათ ამ კოდექსის დაწესება, მაშინ ჯერ სამართლიანობა აღადგინონ.
– ეთიკის კოდექსი ბოკერიას არ ზღუდავს?
– ეგ ისეთია, თავს დაიძვრენს. შემოტრიალდება, გამოხატვის თავისუფლების ეგიდით ისეთ რამეს გეტყვის, გადაგრევს. ეთიკის კოდექსის გამო პასუხის გაცემის უფლება არა გაქვს. ვერც შეაგინებ, მოკლედ, ვერაფერს უზამ.
– გამოხატვის თავისუფლების ეგიდით რომ უპასუხოთ?
– ამის გაკეთება ძნელია. ისეთი კოდექსი დაწერეს, რომ ბოკერიას და მის გუნდს ვერაფერს ეტყვი.
– ეთიკის კოდექსი რას ავალდებულებს დეპუტატს?
– ბევრ ცუდ რამეს.
– მაგალითად, რას?
– თავი უნდა შევიკავოთ კოლეგების ლანძღვისგან. რაღაც გამოთქმებიც გვეკრძალება. ეს არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა.
ცოტა ხნის წინ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა შევიტანე რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ. ამ ინიციატივასთან დაკავშირებით მედიას და არასამთავრობოებს უამრავი კითხვა გაუჩნდათ. მეკითხებოდნენ, როგორ უნდა განვაზღვროთ, რა არის შეურაცხმყოფელიო.
ეთიკის კოდექსთან დაკავშირებით კითხვები არ გასჩენიათ. ახლა მე ვეკითხები მათ, ეთიკის კოდექსში როგორ უნდა განვსაზღვროთ, რა არის შეურაცხმყოფელი?! ამ კოდექსიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ “ოცნება” დეპუტატებს გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავს.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა