გიორგი გაჩეჩილაძე – ”ნენსკრაჰესი აშენებული რომ ყოფილიყო, სვანეთში ეს პრობლემები არ იქნებოდა”

გიორგი გაჩეჩილაძე - ”ნენსკრაჰესი აშენებული რომ ყოფილიყო, სვანეთში ეს პრობლემები არ იქნებოდა””ახალი თაობა” მწვანეთა პარტიის ლიდერს, დეპუტატ გიორგი გაჩეჩილაძეს ესაუბრა.
– ბატონო გიორგი, ჭუბერში სტიქია რამ გამოიწვია? მეწყერული მოვლენები ნესკრაჰესის მშენებლობასთან ხომ არ არის დაკავშირებული?
– მოგეხსენებათ, საქართველო არის მთიანი რეგიონი, რომელიც ძალიან მოწყვლადია სტიქიური მოვლენებისთვის. სტიქიის არეალში მოქცეულია საქართველოს ტერიტორიის 70%. აქ იგულისხმება მეწყერები, წყალდიდობები, ღვარცოფები და ა.შ. მეწყერების არეალში მოქცეულია 3 ათასამდე დასახლებული პუნქტი, სადაც ცხოვრობს 400.000 ოჯახი. მეწყერული მოვლენები, წყალმოვარდნები საქართველოში ძალიან ხშირად ვითარდება.
– ჰესების მშენებლობა არ უწყობს ხელს სტიქიურ მოვლენებს?
– ჰესებმა როგორ შეიძლება შეუწყოს ხელი სტიქიურ მოვლენებს. ჰესი წყალსაცავია და ჰესმა როგორ შეიძლება გამოიწვიოს სტიქიური უბედიურება. პირიქით, წყალსაცავიან ჰესებს, გარდა იმისა, რომ ელექტროენერგია გვაძლევს, აქვს წყლის მარეგულირებელი ეფექტი.
– უფრო მეტი წყლის აორთქლება არ ხდება და მისი თანმდევი მოვლენებიც უფრო არ აქტიურდება?
– წყალსაცავი აკუმულაციას უკეთებს წყალს თავის მოცულობაში. ამით აკავებს წყალმოვარდნას, აორთქლება რა შუაშია წყალმოვარდნასთან?
– თითქოს დიდი ოდენობით რომ აორთქლდება, გამოწვევს დიდი ოდენობით ნალექს და შესაბამისად ღვარცოფებს.
– წყალმოვარდნასა და წყალდიდობას აქვს თავისი ფაქტორები. ნენსკრაჰესი აშენებულია, რომ ეს გამოეწვია?
– არ არის აშენებული, მაგრამ აცხადებენ, რომ დიდი ფართობის ტყე გაიჩეხა და მთა ამიტომ ჩამოიქცა. მაშინ თქვენ მითხარით, რამ გამოიწვია ჭუბერში მეწყერული მოვლენები.
– მე ვარ მეცნიერებათა დოქტორი, სპეციალობით ჰიდროლოგი. ამ ტემაზე მონოგრაფიები მაქვს გამოცემული.
– იმიტომაც დაგიკავშირდით. 
– სხვა საკითხია, ტელევიზიებში რომ არ მიწვევენ სპეციალურად. რეალურად, არსებობს შეფასება (ყველაფერი კიდევ დადგინდება) – მდინარე ნესკრა არის მყინვარული საზრდოობის მდინარე, ანუ ზაფხულის პერიოდში ძირითადად იკვებება მყინვარის დნობის შედეგად. როდესაც მაღალი ტემპერატურებია, საერთოდ, ასეთი ტიპის მდინარეებს ზაფხულის პერიოდში წყალდიდობები ახასიათებს, რადგან მაღალი ტემპერატურაა და ყინული აქტიურად დნება.
ზაფხულის პერიოდში კავკასიონის ფერდობებზე მყინვარების დნობა ინტენსიურად მიმდინარეობს. თუ ამას პარალელურად დაერთო ინტენსიური ნალექები, წვიმები, სიტუაცია მძაფრდება. ამ პროცესს დაერთო მეწყერის ჩამოწოლა რომელიმე შენაკადზე, მერე ამ ნაკადმა გაარღვია. მაშინ წარმოიშობა დიდი მოცულობის წყალმოვარდნა, რასაც ჰქონდა ადგილი ახლა ჭუბერში.
ჭუბერში სამი რამ დაემთხვა ერთმანეთს – ერთდროულად იყო მაღალი ტემპერატურები, რამაც გამოიწვია მაღალ მთაში არსებული მყინვარისა და იმ ტერიტორიაზე დაგროვილი თოვლის ინტენსიური დნობა, შესაძლებელია კიდევ მყინვარის გარკვეული ნაწილი მოწყდა. მყინვარში მაღალი ტემპერატურების დროს ჩნდება ბზარები და მყინვარის ტანში დნობისაგან წარმოიშობა უზარმაზარი ტბები. მყინვარის ნაწილი რომ მოწყდება, მყინვარი წყლებისაგან იცლება, წყალი გამოდის და ისიც ემატება.
გარკვეული ინფორმაცია არსებობს, რომ მდინარე ნენსკრას ერთ-ერთ შენაკად ჰოკრილაზე მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც მდინარე გადახერგა. პატარა შენაკადია, მაგრამ წყალი დაგუბდა. ისიც რომ გაარღვია, ეს ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა და წყალმოვარდნა წარმოიშვა, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაგრძელდა, ახლა დაიკლო და კიდევ დაიკლებს.
– ბატონო გიორგი, იმასაც ამბობენ, ჰესი აშენებული რომ ყოფილიყო, საფრთხე უფრო დიდი იქნებოდაო. 
– ამაზე ბევრი სისულელე მოვისმინე. ტელეკომპანია “იმედმა” მიიწვია სეისმოლოგი, რომელმაც რამდენიმე უცნაური რამ თქვა – ერთი, ტყის გაჩეხვა არ არის დაკავშირებული წყალდიდობებთანო. ბავშვი რომ გააჩერო და ჰკითხო, ხეები რომ იჩეხება, წყალდიდობა მეტი იქნება თუ არაო, გეტყვის, რომ უფრო მეტი წყალდიდობა იქნება, რადგან ნიადაგის ზედაპირი ვეღარ დააკავებს.
– ამ შემთხვევაშიც ხომ ამბობენ, ტყე გაიჩეხა და ამიტომ ვერ დაკავდა მთა, რომელიც მოწყდაო? 
– ტყე სვანეთში რომ იჩეხება, ყველამ იცის. ყველაზე ცხელი წერტილი ტყეების გაჩეხვის იქ არის. ყოველ 1 კილომეტრში თუ 500 მეტრში ხის სახერხი საამქროა.
– ამ ტყვის გაჩეხვას უკავშირებენ ნენსკრაჰესის მშენებლობას.
– ახლა ჭუბერში განვითარებული მოვლენები ნენსკრაჰესის მშენებლობასთან არავითარ კავშირში არ არის. იქ არ დაწყებულა ისეთი პროცესები, რომლებიც შეიძლება დავუკავშიროთ ნენსკრაჰესის მშენებლობას. ძირითადად შენაკადებზე განვითარდა მეწყერული მოვლენები. თითქოს ტყეების გაკაფვა წყალმოვარდნასთან და ღვარცოფებთან კავშირში არ არის, იცით, როგორი სისულელეა? რომ ვთქვათ, ტყვიას რომ ესვრი ადამიანს, ტყვია ადამიანს არ მოკლავსო. ვფიქრობ, ეს სპეციალურად ითქვა.
– რატომ სპეციალურად?
– სპეციალურად ითქვა იმიტომ, რომ, ჩვენმა ახალმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ჭუბერში ყოფნისას განაცხადა, რომ რეგიონში მეწყერული მოვლენები შეიძლება ტყის ინტენსიურ ჭრასთან იყოს დაკავშირებულიო.
მეორე სერიოზული სისულელე ითქვა – ჰიდროსადგურები, წყალსაჩავები წყალმოვარდნებისა და ღვარცოფების უფრო დიდ რისკს შეიცავს. ამ დროს მსოფლიოში წყალსაცავები, გარდა ენერგეტიკული დანიშნულებისა, სპეციალურად შენდება იმისთვის, რომ წყალმოვარდნები და ღვარცოფები არ მოხდეს. იმ პერიოდში, როდესაც წყალდიდობები მოსალოდნელია, თავის წყალსაცავში დააგუბოს ჭარბი წყალი და არ გაუშვას. ასეა შვეიცარიაში, ასეა ავსტრიაში და სხვა ქვეყნებში.
– ნენსკრაჰესი რომ ყოფილიყო აშენებული, ამხელა ღვარცოფებისაგან თვითონ ჰესს საფრთხე არ შეექმნებოდა?
– არა. ჰესებს რომ აშენებენ, იქ გარემოზე ზემოქმედების შეფასება რომ ხდება, რისკები წინასწარ არის შეფასებული. ისტორიული წყალმოვარდნების რაოდენობაც დათვლილი აქვთ თეორიულად და სხვა პროცესებიც. ამხელა ნაგებობა რომ კეთდება, ბუნებრივია, სპეციალურად იქ ყველაფერი გათვლილია იმისთვის, რომ ქვევით მაცხოვრებლების უსაფრთხოებაც უზრუნველყონ.
– ღვარცოფი ჰესამდე არ მიაღწევდა?
– მთის რეგიონებში წყალსაცავიანი ჰესები იმიტომ შენდება, რომ ასეთი პროცესები მოსახლეობას აარიდონ.
– როდესაც თერგზე აშენებდნენ ჰესს, იქაც წამოვიდა ღვარცოფი, მთა რომ მოწყდა და მეწყერული მოვლენები განვითარდა. ამასაც თერგზე ჰესის მშენებლობას უკავშირებდნენ. 
– იქ მყინვარის წვერი მოწყდა, ჰესის მშენებლობასთან კი არ იყო დაკავშირებული. ჰესი შენდებოდა ისეთ ადგილზე, სადაც მყინვარი რომ მოწყდა და წამოვიდა, ქვევით მშენებარე ჰესს დაარტყა. იქ კიდევ სხვა ვითარებაა, წყალსაცავიანი არაფერი შენდებოდა.
– აჭარაშიც ააშენეს და დღეს გაჩერებულია, სოფელი დაინგრაო. 
– შუახევის ჰესი გაჩერებულია გარკვეული მიზეზბის გამო – მოსახლეობა არის აბუნტებული, გარკვეული მოთხოვნები აქვს და, მგონი, იმიტომ არის გაჩერებული.
– სოფელი დაინგრაო. თან თვითონ ჰესსაც ჰქონდა პრობლემა.
– რაღაც მოხდა, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი, იქ რა მოხდა, შუახევში ჰესი რატომ არის გაჩერებული.
– ანუ მითია გავრცელებული აზრი, რომ ჰესები ანგრევს გარემოს?
– საქართველოში ელექტრო ენერგია საჭიროა თუ არა?
– ელექტროენერგია კი არის საჭირო, მაგრამ ქვეყანა თუ დაინგრა? 
– შვეიცარიაში ჰიდრორესურსების 80% ათვისებულია, სადაც იგივე რელიეფია. ასევეა ავსტრიაშიც.
– მაშინ ხალხი, მწვანეთა მოძრაობები ჰესების მშენებლობის წინააღმდეგი რატომ არიან, ბუნებას, გარემოს, ხალხს თუ არ ვნებს?
– ხალხის მხრიდან წინააღმდეგობა იმიტომ არის, რომ მათ სწორ ინფორმაციას არავინ აწვდის. ყველა ხომ არ იქნება ჰიდროლოგი და გეოლოგი. ქართულ ტელევიზიებზე გითხარით, რაც გააკეთეს – ცეცხლზე ნავთი დაასხეს. ეს არის პრობლემა. საქართველოში, ყველაფერთან ერთად, მედიის პრობლემაც არის.
საქართველოში მედიის პრობლემა ძალიან სერიოზული საკითხია. საზოგადოებას ობიექტურ, რეალურ ინფორმაციას არავინ აწვდის. ეს არის სამწუხარო. არადა, უამრავი სპეციალისტია საქართველოში, როგორც გეოლოგიაში, ასევე – ჰიდროლოგიაში. დაუძახონ და ალაპარაკონ.
– ჩვენ არ ვაწვდით სწორ ინფორმაციას?
– მე ტელევიზიებზე ვლაპარაკობ და არა პრესასა და სააგენტოებზე. გაზეთები (ყველა არა), ვინც დეპოლიტიზირებულია, ცდილობენ ობიექტური ინფორმაცია მიაწდონ საზოგადოებას. ქართული ტელევიზიები გადაიქცა დეზინფორმაციისა და ხალხის წყობიდან გამოყვანის მექანიზმად.
– თუკი ტელევიზიები ტყუიან, სპეციალისტები პრესკონფერენციებს რატომ არ ატარებენ და საზოგადოებას სწორ ინფორმაციას რატომ არ აწვდიან?
– სად უნდა ჩაატარონ პრესკონფერენცია?
– ვთქვათ, სააგენტოში.
– აი, მე ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს მიწვეული ვარ სააგენტო “კვირაში”, მაგრამ ნახავთ, ტელევიზიები არ მოვლენ.
– თქვენ პარლამენტშიც შეგიძლიათ ჩაატაროთ პრესკონფერენცია.
– იქ არ ვარ 24 საათი? ახლაც იქ მივდივარ (ქუთაისში). ჩემზე კვალიფიციური ამ დარგში არავინ არ არის, მეცნიერებათა დოქტორი ვარ, მით უმეტეს, ამ დარგის. რატომ არ მოდიან ჩვენთან და ინტერვიუს რატომ არ იღებენ, რატომ არ მიწვევენ? ჟურნალისტი ხართ და გეკითხებით.
– მთავარ თემას ცოტა გადავუხვიეთ, მაგრამ შეგვიძლია დასკვნა გავაკეთოთ.
– საზოგადოებამ არ იცის, რომ 50 ათაზე მეტი ეკოდევნილია საქართველოში ეკოლოგიური პროცესებიდან გამომდინარე. ზოგი სად არის გადასახლებული, ზოგი – სად. მეწყერული, ღვარცოფული პროცესებიდან გამომდინარე, უამრავი დაზარალებული ადამიანია. საზოგადოებას ჰგონია, ნენსკრაზე ჰესი რომ შენდება, იმიტომ არის ღვარცოფული პროცესები. ჰესების მშენებლობის გამო კი არ ვითარდება მეწყერული მოვლენები, ასეთი ქვეყანაა. ამ მხრივ ძალიან მოწყვლადია, ძალიან სერიოზული პრობლემებია. ამ ქვეყანაში ყველაფრის პოლიტიზირება ხდება და ეს არის უბედურება. რა ვქნათ, ასეთი ტერიტორიაა.
– ალბათ ახლა ჭუბერში სიტუაცია დამშვიდდება, ხელისუფლებაც დაზარალებულებს დაეხმარება.
– რა თქმა უნდა, დამშვიდდება. ბუნებრივად წყალდიდობების პერიოდი იწყებოდა, მაღალი ტემპერატურის გამო. წყალდიდობა ყველა მდინარისთვის არის დმაახასიათებელი, მით უმეტეს, მთის მდინარეებისთვის. ამას დაემთხვა კიდევ რაღაც პროცესები, რამაც გამოიწვია წყალმოვარდნა. წყალმოვარდნა და წყალდიდობა განსხვავებულია რაღაცეებია.
– ბატონო გიორგი, ნენსკრაჰესის მშენებლობის დროს ტყის გასაჩეხად რომ მიდიოდნენ, იქაური მაცხოვრებელი ქალი მიწაზე დაწვა და ტექნიკას არ უშვებდა, მაგრამ მაინც გაჩეხეს, ანუ ყველაფერს მაინც ჰესის მშენებლობას უკავშირებენ.
– მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, იქ არის უამრავი სახერხი საამქრო. მოსახლეობა თვით ჭრის ტყეს და იქიდან გამოაქვს. ყველაზე ცხელი წერტილი ამ კუთხით სვანეთია.
– ხელისუფლება ამას რატომ არ აკონტროლებს?
– როგორ არ აკონტროლებს. ზედამხედველობის სამსახური აჩერებს იქიდან გამომავალ მანქანებს, ხურავს სახერხებს, აჯარიმებს. ზედამხედველობის სამსახური გეტყვით, მხოლოდ ამ წელში რამდენი დააჯარიმეს, რამდენი სახერხი დახურეს. ახლა ნენსკრაჰესი აშენებული რომ ყოფილიყო, ის პრობლემები არ იქნებოდა, რაც წარმოიშვა.
 გულიკო ბალაძე, ახალი თაობა