გიორგი მღებრიშვილი: „დროა, ჩემი ცხოვრების ნაწილი მცირეწლოვან შვილებსაც დავუთმო“

გიორგი მღებრიშვილი: „დროა, ჩემი ცხოვრების ნაწილი მცირეწლოვან შვილებსაც დავუთმო“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი ამბობს, რომ თანამდებობა მცირეწლოვანი შვილების გამო დატოვა:

“ძალიან ბევრი ინტერპრეტაცია მოვისმინე და ძალიან ბევრი სასაცილო ინტერპრეტაციაც. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ მე მივმართე პრემიერს თხოვნით გავეთავისუფლებინე დაკავებული თანამდებობიდან. დაახლოებით 22 წელია უკვე საჯარო სამსახურში ვმუშაობ, ვფიქრობ, დროა, ჩემი ცხოვრების ნაწილი მცირეწლოვან შვილებსაც დავუთმო”,- განაცხადა მღებრიშვილმა იმედთან საუბრისას.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი მღებრივშვილმა თანამდებობა გუშინ, 20 ივლისს დატოვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობას შალვა ხუციშვილი შეასრულებს, რომელიც გიორგი მღებრიშვილის პირველი მოადგილე იყო.

მღებრიშვილი ამ თანამდებობაზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც 2017 წლის ნოემბერში შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვა.

გიორგი მღებრიშვილი შს მინისტრის პოსტზე 2015 წლის 1 აგვისტოს დაინიშნა. მანამდე – 2014 წლის ივლისიდან 2015 წლის 1 აგვისტომდე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის თანამდებობა ეკავა, ხოლო უფრო ადრე ქვემო ქართლის გუბერნატორი იყო.

ნეტგაზეთი