გოჩა მირცხულავა: “ივანიშვილმა კვირიკაშვილის გუნდზე შური გამქრალი 1,5 მილიარდის გამო იძია”

გოჩა მირცხულავა: "ივანიშვილმა კვირიკაშვილის გუნდზე შური გამქრალი 1,5 მილიარდის გამო იძია"ვინ გაიზიარებს ქუმსიშვილი-ალავიძის ბედს, სად გაქრა 1.5 მილიარდი ლარი, რატომ გამოუჩნდა კვირიკაშვილს ამდენი დამცველი და რას ერჩის მას ივანიშვილი? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ესაუბრება.
– ზურაბ ალავიძეს და დიმიტრი ქუმსიშვილს რომ პროკურატურა დაიბარებდა, ეს თქვენ რამდენიმე თვის წინ იწინასწარმეტყველეთ “ახალ თაობასთან” საუბარში. მათ უკვე უხმო პროკურატურამ. საზოგადოების, პოლიტიკოსების და ექსპერტების ნაწილმა ეს შეაფასა, როგორც პოლიტიკური დევნა.
– პროცესები აბსოლუტურად ლოგიკურად ვითარდება. ეს არის იმ საქმის გაგრძელება, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ალავიძე მინისტრობიდან გაათავისუფლეს. მის ადგილზე მოსულმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ მისი წინამორბედის საქმიანობასთან დაკავშირებით კითხვები არსებობდა. მინისტრმა არსებული ვითარება ძალიან რბილად შეაფასა, თორემ არამცთუ კითხვები არის, არამედ საქმეს პროკურატურა და სუსის ანტიკორუფციული ბიურო იძიებენ.
სუსის ანტიკორუფციულმა ბიურომ ამ საქმის შესწავლა რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ეს საქმე მოგვიანებით გადავიდა პროკურატურაში. საუბარია 1,5 მილიარდი ლარის გაფლანგვაზე და კორუფციულ გარიგებებზე.
– 1,5 მილიარდი ლარი ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გაფლანგა?
– მარტო ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რატომ? საქმეში სხვებიც არიან, საავტომობილი გზების დეპარტამენტზე მოდის სერიოზული წილი.
გაფლანგულია 1.5 მილიარდი ლარი და ამ დროს ძალიან უხერხულია იმაზე საუბარი, რომ გიორგი კვირიკაშვილის და მისი გუნდის დევნა მიმდინარეობს. ეს განცხადებები არის უპასუხისმგებლო. უპასუხისმგებლოა თუნდაც იმიტომ, რომ ამ საქმეების შესწავლა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა კვირიკაშვილს ჯერ კიდევ პრემიერის სავარძელი ეკავა, ქუმსიშვილი კი ვიცე-პრემიერი იყო.
ყველა ექსპერტი და პოლიტიკოსი, ვინც ახლა კვირიკაშვილს აფარებს ხელს, დათვურ სამსახურს უწევს მართლმსაჯულებას და საკუთარ თავს. ამასთან, სამომავლოდ ინდულგენციას იკეთებენ – თავად თუ აღმოჩნდებიან თანამდებობაზე, მათაც მიეცეთ მოპარვის და მითვისების უფლება. ამის გამო თუ ვინმე მოჰკიდებს ხელს, ამას პოლიტიკური დევნის კვალიფიკაციას მისცემენ.
ამიტომ ვამბობ, რომ კვირიკაშვილის გუნდის დაცვა არასახელმწიფოებრივი მიდგომაა. თავი დავანებოთ “ოცნების” ხელისუფლებას. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ნებისმიერი ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა.
იმისთვის, რომ კორუფციის წინააღმდეგ დაიწყოს ბრძოლა, ამას პოლიტიკური ნება სჭირდება. ეს ნება, როგორც იქნა, გამოჩნდა.
– კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ნება რომ გამოჩნდა, კარგია, მაგრამ რაღა კვირიკაშვილის გუნდის წინააღმდეგ გამოიჩინეს ეს ნება? სხვა კორუმპირებული ჩინოსნები არ ჰყოლია საქართველოს? ინფრასტრუქტურის წინა მინისტრებთან დაკავშირებითაც იყო კითხვები, მაგრამ მათ წინააღმდეგ არ დაწყებულა გამოძიება.
– აქ მარტო ალავიძის ერთ ქეიფზე არ არის საუბარი. საქმე იმაშია, რომ ამ სამინისტროში კორუფციული სქემები მისი მისვლის შემდეგ დაიხვეწა. ალავიძის წინამორბედების საქმეებიც შესასწავლია, მაგრამ ამ შემთხვევაში კორუფციული მადა ძალიან იქნა გაზრდილი. აქ ესაა პრობლემა და არა ის, რომ რომელიღაც ჩინოსანი გარიგებაში შედიოდა კონკრეტულ ბიზნესმენთან. აქ კორუფციული სისტემა აეწყო.
ამ სქემაში ძალიან ბევრი ვინმე იყო ჩართული, დაწყებული ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიდან, დამთავრებული ინფრასტრუქტურის სამინისტროთი.
ახლა ვიღაცა იტყვის, რა შუაშია ამ ამბავში ქუმსიშვილის პერსონა. ეს ადამიანი გახლდათ ვიცე-პრემიერი და კურირებდა კონკრეტულ სფეროებს, მათ შორის, ინფრასტრუქტურის სამინისტროს გარკვეულ მიმართულებებს. აქედან გამომდინარე, გამოძიებას აქვს გონივრული ეჭვი, რომ ქუმსიშვილი ამ პროცესებში იყო ჩართული.
რატომ ავიწყდებათ კვირიკაშვილის გუნდის დამცველებს, რომ სულ ცოტა ხნის წინ ისინი სულ იმაზე საუბრობდნენ, რომ ეს გუნდი კორუფციაში იყო ჩართული. ახლა ვინც პოლიტიკურ დევნაზე საუბარობს, ცოტა ხნის წინ ამბობდა, რომ სქემებს ქუმსიშვილი ალაგებდა და მას მთავარ კასირს ეძახდნენ.
ვიღაცები იმასაც ამტკიცებენ, რომ ამ კორუფციული გარიგებიდან წილი ივანიშვილთანაც მიდიოდა. მოდით, გულზე დავიდოთ ხელი და ვთქვათ, რაში სჭირდებოდა ივანიშვილს რომელიღაც სოფელში მშენებარე გზიდან მოტეხილი ფულიდან წილი.
– რომელიღაც სოფლიდან მოტეხილი ფულიდან წილი მართლა არაფერში სჭირდება, მაგრამ ივანიშვილმა ახლა გაიგო, რომ საოცნებო ხელისუფლება კორუფციაში იყო ჩართული? ოპოზიცია გამუდმებით ამაზე საუბრობდა.
– ახლა ივანიშვილთან დადასტურებული ინფორმაციები მივიდა იმასთან დაკავშირებით. რომ კორუფცია ყვაოდა. სწორედ მაშინ გაუშვეს ალავიძე სახლში, ინფრასტრუქტურის სამინისტროში კი ივანიშვილის კადრი მიიყვანეს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან დაკავშირებით ადრეც იყო კითხვები და მაშინაც შეცვალეს მინისტრი. ივანიშვილმა მაშინაც მისი ნდობით აღჭურვილი პირი – ნოდარ ჯავახიშვილი – მიავლინა ამ უწეებაში.
ნოდარ ჯავახიშვილის მინისტრობისას უწყება თითქოს დალაგდა. ყოველ შემთხვევაში, კორუფციულ გარიგებებზე ასე ღიად არავინ საუბრობდა. ალავიძის მისვლის შემდეგ ეჭვები გაჩნდა და გამოძიებამ დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა.
– საგამოძიებო სამსახურებმა გამოძიება საკუთარი ინიციატივით დაიწყეს თუ ივანიშვილისგან ჰქონდათ მითითება?
– გამოძიება ივანიშვილთან შეთანხმებით დაიწყო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოფილმა პრემიერმა კვირიკაშვილის გუნდის წევრებზე შური იძია.
– რისთვის იძია შური?
– რისთვის? მან ამ ადამიანებს ქვეყანა ანდო, მათ კი რითი გადაუხადეს? სავარაუდოდ, ამ ხალხმა ჯიბეში ჩაიდო ძალიან ბევრი ფული. კიდევ ერთხელ ვიტყვი, იმის მტკიცება, რომ ბიუჯეტიდან მოტეხილი ფულიდან წილი ივანიშვილს მისდიოდა, არის ალოგიკური. ეს თუ ასე იყო, მაშინ ქუმსიშვილს, კვირიკაშვილს და ალავიძეს შეუძლიათ, ეს თქვან.
შემიძლია გითხრათ, რომ ისინი წილს არავის აძლევდნენ. ისინი თავად მდიდრდვბოდნენ და ცდილობდნენ, თითოეული ჩვენგანისთვის წაეგლიჯათ რაც შეიძლება ფული.
სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნა უნდა იყოს ერთი – ამ ქვეყანაში კორუფცია დასრულდეს. როგორი მაღალი თანამდებობის პირიც არ უნდა იყოს, თუ ის კორუფციაშია ჩაფლული, მან პასუხი უნდა აგოს.
– ამბობთ, რომ გამქრალია 1.5 მილიარდი. ამაზე ივანიშვილს არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება? ამ ხალხს ხომ მან ანდო ქვეყანა?
– ამ ამბავში ივანიშვილის ბრალეულობაც არის. როგორც ჩანს, მან პროცესები მიუშვა. მან პროცესები ჯერ კიდევ მაშინ მიუშვა, როცა ნარმანია იყო ინფრასტრუქტურის მინისტრი. მაშინ ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ ტენდერები არ სრულდებოდა.
– ნარმანიას ამაზე პასუხი არ უგია. კითხვები მის მემკვიდრეებთანაც იყო, მაგრამ არც მათთვის მოუთხოვიათ პასუხი.
– დავით შავლიაშვილთან ბევრი კითხვა იყო, მაგრამ მას პირდაპირ ირაკლი ღარიბაშვილი მფარველობდა. იქ არსებული ვითარება ჯავახიშვილმა დაარეგულირა. ივანიშვილმა თავისი მენეჯერების მიმართ ჭარბი ნდობა გამოავლინა. ასეთი ჭარბი ნდობა ყოველთვის არ ამართლებს.
ძალიან ცუდია, რომ ყოფილი პრემიერი პოლიტიკას უყურებს, როგორც ბიზნესს. სწორედ ამის შედეგია ის მძიმე რეალობა, რაშიც დღეს სახელმწიფო იმყოფება.
ისე ნუ გავიგებთ, რომ მარტო ინფრასტრუქტურის სამინისტროში ჰქონდა ადგილი კორუფციულ ფაქტებს. ასეთი კითხვები იყო კულტურის და სპორტის ყოფილი მინისტრების მიმართაც.
– მათთან კითხვები იყო, მაგრამ პროკურატურას მათზე საქმეები არ აღუძრავს. კორუფციას თუ ებრძვიან, მათ რატომ შერჩათ ხახვივით ეს ყველაფერი?
– უნდა ვივარაუდოთ, რომ იქ კორუფციის მასშტაბები ასეთი დიდი არ იყო. ანდა მათ ვიღაცამ მისცა უფლება, რომ რაღაც თანხები შეიძლება მოეპარათ. 1,5 მილიარდი კი ნამეტანი სერიოზული ლუკმაა და ამაზე რეაგირება აუცილებლად იქნებოდა.
– ამ 1.5 მილიარდზე კვირიკაშვილსაც მოსთხოვენ პასუხს?
– 1.5 მილიარდის გაქრობის საქმეში პირდაპირ იკვეთება კვირიკაშვილის პასუხისმგებლობა. ის მხოლოდ ერთ შემთხვევაში აირიდებს პასუხისმგებლობას. მან უნდა თქვას, რომ ეს 1.5 მილიარდი რომ გამქრალიყო, ამის უფლება ივანიშვილმა მისცა.
ის ამას ვერ იტყვის. კვირიკაშვილი საკმაოდ ცუდი პოლიტიკოსი და მენეჯერი აღმოჩნდა.
ჩემი აზრით, ის ამ კორუფციულ გარიგებებში ჩართული იყო. ამის მტკიცებულებები საგამოძიებო უწყებებმა უნდა დადონ.
– მასაც მიუწევს პროკურატურაში მისვლა?
– სავარაუდოდ, მოუწევს და ეს თუ ასე მოხდა, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ოპოზიცია ვენებს გადაიჭრის და იტყვის, რომ ეს პოლიტიკური დევნაა. ამ დროს საერთოდ არ იღებენ ხმას იმაზე, რამდენი ფულია ბიუჯეტიდან მოპარული.
კორუმპირებულმა ჩინოსნებმა პასუხი აუცილებლად უნდა აგონ. მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად მაღალი თანამდებობა უკავიათ მათ. ეს ერთგვარი პრევენცია იქნება და დაბალ საფეხურებზე მყოფი თაგვები ასე იოლად ვეღარ მოიპარავენ ბიუჯეტის ფულს.
– კორუმპირებულმა ჩინოსნებმა მართლაც უნდა აგონ პასუხი, მაგრამ არა იმის მერე, რაც მთავარ ფიგურასთან საქმე გაუფუჭდებათ. კვირიკაშვილს ამის გამო ხომ არ სთხოვენ პასუხს? როგორც ამბობენ, მას ივანიშვილთან ურთიერთობა ივნისის აქციებმა გაუფუჭა. ექსპრემიერს აქციის ორგანიზატორებთან კავშირსაც აბრალებდნენ.
– კვირიკაშვილს ეგონა, რომ ის აქციები მისი იმუნიტეტი იქნებოდა. მას სწორი ნაბიჯები რომ გადაედგა, “ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი იქნებოდა. მან რატომღაც მიიჩნია, რომ მექანიზმი დალაგებული ჰქონდა და მისი დაშლა არ შეიძლებოდა. ჩათვალა, რომ ამ სიტუაციაში კიდევ უფრო მსუყე ლუკმების მოგლეჯვა შეეძლო. მან ამ სიტუაციებით “ქართული ოცნების” დაშანტაჟება დაიწყო.
– პრეზიდენტობის კანდიდატად თუ ასახელებდნენ, დაშანტაჟება რაში დასჭირდა.
– საქმეც მაგაშია. მან დაიწყო ღია კარის მტვრევა. მოდით, გავიხსენოთ, როდის გაჩნდა უკმაყოფილება კვირიკაშვილთან დაკავშირებით. ეს ადრიან გაზაფხულზე დაიწყო. მაშინ ალავიძის ქეისთან დაკავშირებით ბევრი კითხვა გაჩნდა. ეს კითხვები პირველს გიორგი კვირიკაშვილს უნდა გასჩენოდა. ეს ყველაფერი მის მთავრობაში ხდებოდა, კვირიკაშვილი კი ამ პროცესს არხეინად უყურებდა.
მოვუხმობ უდანაშაულობის პრეზუმფციას და არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ ის ამ კორუფციულ სქემაში იყო ჩართული. ეს დაუჯერებელია, მაგრამ, ვთქვათ, ასეა, მაშინ კვირიკაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დგება. მას უნდა სცოდნოდა, რა ხდებოდა მის მთავრობაში.
– თუ ასეთ საქმეებში იყო გარეული კვირიკაშვილი და მასთან დაკავშირებით კითხვები იყო, რატომ ასახელებდნენ პრეზიდენტობის კანდიდატად?
– მისი პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება ქართველი ხალხის სულში ჩაფურთხება იქნებოდა. სულში ჩაფურთხების არაერთი მაგალითი ვნახეთ ბოლო წლებში. თავის დროზე მარგველაშვილის პრეზიდენტად დასმაც ხალხის სულში ჩაფურთხებად მიმაჩნდა.
“ოცნება” კვირიკაშვილის პრეზიდენტად დასახელებას მანამდე აპირებდა, ვიდრე არ დადასტურდა, რომ მთელ რიგ სამინისტროებში კორუფციულ გარიგებებს ჰქონდა ადგილი.
ივანიშვილსა და კვირიკაშვილს შორის შავმა კატამ სწორედ გამქრალი 1,5 მილიარდის გამო გაირბინა. ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა კვირიკაშვილის პოლიტიკურ დევნაზე კი არ უნდა ილაპარაკონ, არამედ უნდა დასვან კითხვა – რატომ გაჯანჯლდა ამ საქმის გამოძიება.
– ისე, მართლა რატომ ჯანჯლდება ამ საქმის გამოძიება?
– ამასაც აქვს მიზეზები. რაღაც დროის მანძილზე მთავარი პროკურორი არ გვყავდა. გარდა ამისა, თემა არის ცოტა სენსიტიური – “ქართული ოცნება” უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, თუ დამტკიცდება, რომ პრემიერი და ვიცე-პრემიერი კორუფციაში იყვნენ ჩართული.
ამას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდანაც ექნება რეზონანსი და ყველაფერი დოკუმენტებით უნდა იყოს გამყარებული.
კორუფციის წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლას მივესალმები და, ამავე დროს, ახალ პრემიერთან მაქვს ერთი კითხვა – რატომ არ ათავისუფლებს ის თანამდებობიდან მრჩეველ დავით კირვალიძეს და გუბერნატორებს.
კირვალიძის გვარი ფაროსანას სკანდალში ფიგურირებს, გუბერნატორები კი სხვადასხვა პარტიებთან აგზავნიან ემისრებს. ამა თუ იმ პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატებისგან რაღაც გარანტიებს ითხოვენ.
– ისევ 1,5 მილიარდს დავუბრუნდეთ, სად წავიდა ეს ფული? ამხელა თანხას 3 კაცი ვერ გააქრობდა.
– აქ მარტო 3 კაცზე არაა საუბარი. ბევრი ვინმეა ამ საქმეში ჩართული. კვირიკაშვილი, ალავიძე და ქუმსიშვილი ამ ფულს მუთაქებში ნაღდად არ შეინახავდნენ. მე დაახლოებით ვიცი, სად წავიდა ამ ფულის ნაწილი, მაგრამ სანამ მტკიცებულებები არ მექნება, ამაზე არ ვისაუბრებ.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა