გომბორზე მიკროავტობუსი ამობრუნდა – დაშავდა 20 ბელორუსი ტურისტი

გომბორზე მიკროავტობუსი ამობრუნდა - დაშავდა 20 ბელორუსი ტურისტიავტოავარია მოხდა გომბორის უღელტეხილზე, სადაც მიკროავტრობუსი, რომელსაც ბელორუსი ტურისტები თბილისიდან თელავის მიმართულებით გადაჰყავდა, ამობრუნდა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ განაცხადა, ამ დროისთვის 20-მდე ტურისტი თელავში ორ საავადმყოფოშია გადანაწილებული და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის.
„არც ერთი ტურისტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. არიან ბელორუსიის მოქალაქეები და კახეთის დასათვალიერებლად მოდიოდნენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა მოხდა, არ ვიცი, თუმცა სამწუხაროა, რომ მძღოლები ხშირად არ ითვალისწინებენ გომბორის გზის საფრთხეებს და საგზაო ნიშნებს არ ემორჩილებიან”, – აღნიშნა აკა საჩიშვილმა.

ერთ-ერთ მგზავრს ოპერაცია ესაჭიროება.

„ერთი არის საოპერაციო, არის ლავიწის ცდომილი მოტეხილობა და საოპერაციოა. არის რამდენიმე თავის ტვინის შერყევით პაციენტი. დანარჩენები ზედაპირული ტრავმებით, ექსკორიაციებით. მცირე ზომის ჭრილობებით,“-განაცხადა ექიმმა მაია მრევლიშვილმა.

გომბორის გზაზე, სოფელ თეთრწყლებთან “სუზუკის” მარკის ავტობუსი იმ ადგილას ამობრუნდა, სადაც რამდენიმე კვირის წინ, ყვარლისკენ ექსკურსიაზე მიმავალი მიკროავტობუსი  გადავარდა.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.