გორი: სტალინის ქუჩას მარო მაყაშვილის სახელი დავარქვათ – ვინ მოუწოდებს “მაროს” წევრების ჩაქოლვისკენ

გორი: სტალინის ქუჩას მარო მაყაშვილის სახელი დავარქვათ - ვინ მოუწოდებს "მაროს" წევრების ჩაქოლვისკენსაინიციატივო ჯგუფ “მაროს” წევრების მიმართ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მუქარებსა და შეურაცხმყოფელ კომენტარებს შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობს. ჯგუფის წევრებმა ერთი თვეა, რაც სტალინის ქუჩისთვის მარო მაყაშვილის სახელის მინიჭების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, მათ მიმართ აგრესია ფეისბუქში სწორედ ამ ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა.

„ვიფიქრეთ, რომ შესაძლოა კიდევ უფრო რთული შედეგები მოჰყოლოდა ამ საქმეს, ამიტომ მივმართეთ შსს-ს. როგორც აღმოჩნდა, აღნიშნულზე სამართალდამცავებს მანამდე ინფორმაცია არ ჰქონდათ. ჩემი გამოკითხვის შემდეგ უკვე დაიწყეს გამოიება. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მუქარებში პირდაპირი მიმართვა არ იყო ლიკვიდაცისა და სიცოცხლის ხელყოფის შესახებ, მაგრამ ფონი შეიქმნა ისეთი, რომ შესაძლოა ვინმეს ქუჩაში დახვედროდნენ, ფიზიკურად გასწორებოდნენ და ა.შ. სწორედ მსგავსი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, მივიჩნიეთ, რომ საჭირო იყო ამ საქმეში სამართალდამცავები ჩართულიყვნენ.“ – ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი, ლექსო მერებაშვილი.

სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს საინიციატივო ჯგუფ „მაროს“ წევრი, გვანცა დოლუაშვილი. ორშაბათს გეგმავს შინაგან საქმეთა სამინისტროში მისვლას ჯგუფის კიდევ ერთი წევრი, ნინო დალაქიშვილი, – ,,ჩვენი იდეის (სტალინის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის თაობაზე) ჯანსაღი და კონსტრუქციული კრიტიკა არ მოგვისმენია. იყო მხოლოდ ლანძღვა და გინება. ასევე, ჩაქოლვისკენ მოწოდებები და აგრესია ჩვენ მიმართ. ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ ყველაფრის თაობაზე (ლანძღვასა და აგრესიას ვგულისხმობ) არ გამოუთქვამთ შეშფოთება. პირიქით, ზოგიერთმა საჯარო მოხელემ ღიად დააფიქსირა ჯანსაღ ღირებულებებს მიღმა პოზიცია, რაც მხარდაჭერილი იყო გორის მერის მოადგილის მიერ.“

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 151 -ე მუხლითაა აღძრული. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოკითხვაზე დაიბარებენ ყველა იმ ადამიანს, ვინც სოციალურ ქსელში მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა.

ქართლი