“ივანიშვილმა იცის, რომ “ოცნების” კანდიდატი არჩევნებს წააგებს” – შოთა მალაშხია: “ჩვენი ამოცანა საპრეზიდენტო არჩევნებით არ შემოიფარგლება”

ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის ლიდერს, ყოფილ დეპუტატ შოთა მალაშხიას.
– ოპონენტებს დარჩათ შთაბეჭდილება, რომ ბიძინა ივანიშვილმა ფეხი შეაწმინდა გადამდგარ პრემიერ კვირიკაშვილს.
– მისთვის პრობლემების გადაბრალება აუცილებელი გახდა. ინტერვიუში დამტკიცდა, რომ ბიძინა ივანიშვილი, მეტ-ნაკლებად, ადეკვატურად უყურებს შექმნილ მძიმე სიტუაციას. მას გაცნობიერებული აქვს, რომ “ოცნებას” აღარავინ ენდობა, სიღატაკის მასშტაბები დიდია, საზოგადოება ჩავარდნილია ვალებში. ის ეძებს აქედან გამოსავალს.
ივანიშვილისთვის გამოსავალი ისრების სხვებზე მიმართვაა. არ იფიქროთ, რომ საქმე კვირიკაშვილით და ქუმსიშვილით დასრულდება. გადაბრალებები გაგრძელდება. გასაოცარია, რომ პრემიერად შეირჩა კაცი, რომელიც კვირიკაშვილის მთავრობის ფინანსთა მინისტრი იყო. თუ ამ ბლოკის ერთი წარმომადგენელი ცდებოდა, ან რაიმეს მალავდა, რას აკეთებდა ბახტაძე?
– გადაბრალების მეთოდი სხვებზეც გავრცელდება?
– რასაკვირველია. ყველა იქნება დამნაშავე, ბიძინა ივანიშვილის გარდა. თვითონ არ აპირებს მმართველობის სტილის და ცხოვრების წესის შეცვლას. ყველაფერი ძველებურად იქნება – ხეების ამოთხრა და ტრანსპორტირება. ბიძინა ივანიშვილი ისევ ჩაერევა პროცესებში და დაგვარწმუნებს იმაში, რომ დემოკრატიის დონით საქართველომ დემოკრატიულ სახელმწიფოებს გაუსწრო. ის საუბრობს ისე, თითქოს მთელ საზოგადოებას წარმოადგენდეს.
– სიღატაკის პრობლემა მან ჭარბვალიანობას დაუკავშირა. ესეც უსერიოზულესი სატკივარია, მაგრამ სიღატაკე ხომ უფრო მასშტაბური მოვლენაა და ღატაკია არა მხოლოდ ის, ვინც ვალი აიღო?
– ჭარბვალიანობა და ორი ბანკი მან უფრო მეტად იმიტომ ახსენა, რომ ცუდი ეთქვა თიბისი-ზე და “საქართველოს ბანკზე”. ივანიშვილის გადმოსახედიდან, ეს ორი ბანკია დამაქცევარი, მისი კუთვნილი “ქართუ” კი კეთილშობილურ მიზნებს ემსახურება.
ამაზე გაგვახსენდა მისი წინასაარჩევნო დაპირებები ნულოვან ან მცირეპროცენტიან სესხებზე. ამ კრედიტების პროცენტი არ უნდა ასცილებოდა 3%-ს. თუ ჭარბვალიანობა და მაღალი პროცენტები აწუხებს, თვითონ დასწიოს პროცენტი!
სიღატაკე მართლაც სხვა კატეგორიის მოვლენაა. ჩვენ ეკონომიკაში ხან ზრდა არ გვაქვს, ხან მიზერული ზრდაა. ეკონომიკა მოიცვა კორუფციამ და ნეპოტიზმმა. ეკონომიკაში დაბრუნდა კრიმინალი. დამნაშავეთა სამყარო უკვე წილებს მოითხოვს. ამით დავაბრუნეთ შევარდნაძის დრო.
ასეთ ეკონომიკაში სიღატაკე ვერ დაიძლევა. ახლანდელმა ეკონომიკის მინისტრმა, რომელიც მოსკოვიდან ჩამოიყვანეს, აღნიშნა, რომ ეკონომიკის ზრდა მისი მთავარი ამოცანა არ არის. ეს კაცი მინისტრად დამტკიცების შემდეგ სასწრაფოდ დაბრუნდა რუსეთში ბიზნესის საკითხების დასალაგებლად. როცა მინისტრი ხარ, სხვა ქვეყანაში ჩასვლა უკვე ოფიციალური ვიზიტია. არ აქვს მნიშვნელობა, რა მოტივს მოიტან გამგზავრების მიზეზად.
– ბევრს უკვირს, რომ ეკონომიკის მინისტრად მოსკოვში მომუშავე ექიმი დაამტკიცეს.
– მას ექნებოდა ბიზნესში სერიოზული გადაკვეთა ბიძინა ივანიშვილთან. კომპეტენტური და წესიერი ადამიანი, თუ მას თავისუფლება არ ეძლევა, ამ პოსტს არ დათანხმდება. უნდა იყო მზად იმისთვის, რომ ყველა პატარა ნაბიჯი ივანიშვილს შეუთანხმო. შეიძლება ასეთ დროს ქვეყანაში გასაძარცვადაც იყოს ვინმე ჩამოსული. რატომ უნდა მიატოვო საქმიანობა და დათანხმდე ეკონიმიკის მინისტრობას პრობლემებით სავსე ქვეყანაში! ივანიშვილი თან იმას ამბობს, რომ ბევრ რამეში არ ერევა, თან აღნიშნავს, რომ მასთან კონსულტაციებს გადიან. ეს ყოფილა დემოკრატიის უმაღლესი ხარისხი.
– უკვე დავასკვენით, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში “ქართული ოცნება” თავისი რიგებიდან კანდიდატს არ ასახელებს. ამის კონტექსტში ივანიშვილმა ახსენა მრავალპარტიულობა და შანსი ოპოზიციისთვის.
– მან, ამავე დროს, კანდიდატები ჩამოთვალა. წულუკიანი იქნება, სუბარი თუ ზურაბ აბაშიძე, მათ ხალხი არ აირჩევს. კრახის თავიდან ასაცილებლად ის უფრო შორიდან დაუჭერს მხარს ე.წ. დამოუკიდებელ კანდიდატს. მასაც არ აირჩევენ, მაგრამ, მისი გათვლით, მოხდება კრახის გადადება.
– სხვა კანდიდატს აქვს გამარჯვების შანსი?
– დიახ და ეს ივანიშვილმაც იცის. ჩვენმა გაერთიანებამ “ძალა ერთობაშია” დავასახელეთ ისეთი ადამიანი, რომელიც მოწონებულია ბევრი ჯგუფისა და სუბიექტის მიერ. ის არაა ერთი პარტიის კანდიდატი. გრიგოლ ვაშაძე მისაღებია შოთა მალაშხიასთვისაც და თაკო ჩარკვიანისთვისაც.
ივანიშვილი რეალურ ოპოზიციად სწორედ ჩვენს მრავალრიცხოვან გაერთიანებას აღიქვამს. ჩვენი ამოცანა საპრეზიდენტო არჩევნებით არ შემოიფარგლება. პარლამენტის ვადამდელი არჩევნები ისევ დღის წესრიგში დგას. მით უმეტეს, ეს საკითხი უფრო გამძაფრდება იმ კრახის მერე, რომელიც “ოცნებას” ელოდება.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა

გაზიარება:

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018