კახა კუკავა – “მამუკა ბახტაძე მიხეილ სააკაშვილს ბაძავს – კვირიკაშვილი იმიტომ გაუშვეს, რომ ზედმეტად გაძლიერდა”

კახა კუკავა - "მამუკა ბახტაძე მიხეილ სააკაშვილს ბაძავს - კვირიკაშვილი იმიტომ გაუშვეს, რომ ზედმეტად გაძლიერდა"“ახალი თაობის” კითხვებს “ახალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა პასუხობს.
– ბატონო კახა, მამუკა ბახტაძემ დიდი ზარზეიმით გვახარა, ეკონომიკური ზრდაა ქვეყანაშიო. არადა გიორგი კვირიკაშვილი ეკონომიკაში ჩავარდნისთვის გაუშვეს. რას ერჩოდნენ ყოფილ პრემიერს, თუ ყველაფერი ასე კარგად იყო ეკონომიკაში?
– არასერიოზულ მოვლენასთან გვაქვს ჩვენ საქმე და მთავრობა არასერიოზულ სპექტაკლს გვთავაზობს და ამას სერიოზულად არ უნდა მივუდგეთ. ძალიან კარგად ვიცით, რატომაც გაუშვეს გიორგი კვირიკაშვილი.
– რატომ?
– ეს არის კანონიერი ქურდის, ბიძინა ჭორვილსკის მართვის მეთოდი, რომელსაც იყენებდა აგრეთვე შევარდნაძე ლანჩხუთსკი, რომ არ უნდა დატოვო დიდხანს თანამდებობაზე ხალხი, განსაკუთრებით თუ ის ხალხი გავლენიანია და თავის ირგვლივ პოლიტიკურ ცენტრს აკეთებს. ყველას გვახსოვს, რომ შევარდნაძეს ავადმყოფურად ეშინოდა სწორედ ამისი, რომ მის გუნდში არ გაძლიერებულიყო ვინმე და ამიტომაც ხშირად ცვლიდა ხოლმე სახელმწიფო მინისტრებს.
– ივანიშვილსაც იგივე მეთოდები აქვს?
– დიახ. გიორგი კვირიკაშვილი გაუშვეს სწორედ იმის გამო, რომ მან გუნდი შექმნა, საზოგადოებაში მის მიმართ, მართვის პირველ ეტაპზე, იყო პოზიტივები. მერე ხაზარაძესთან დამეგობრდა, ტელემედიაში თავისი პოზიციები გაუჩნდა და სწორედ ამის გამო მოხსნეს. არავის იმ სისულელის არ გვჯერა, რომ ეკონომიკურ პოლიტიკაში ჰქონდათ აზრთა სხვადასხვაობა. სხვათა შორის, ეს სისულელე გიორგი კვირიკაშვილმაც დაიბრალა.
– რა დაიბრალა?
– რომ თურმე იდეური თანხვედრა არ ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან.
– მთავრობა ატარებს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას და ეკონომიკური ზრდაც ამის დასტურიაო.
– შევარდნაძის დროს, 6 ლარიან პენსიებსაც რომ ვერ არიგებდნენ, შევარდნაძის ეკონომიკური მრჩევლები გამოდიოდნენ მაშინაც ტელევიზიით და ამბობდნენ, რეიტინგებში საქართველო პირველ და მეორე ადგილებს იღებსო.
არსებობს რამდენიმე პარამეტრი, რომელიც არის ობიექტური. ერთ-ერთი არის ეროვნული ვალუტის კურსი. თუ ქვეყანაში ეკონომიკა იზრდება, მაშინ ეროვნული ვალუტა რატომ უფასურდება?! როდესაც მთავრობა მოვიდა, კურსი იყო 1,6 და დღეს არის 2,45.
ასეთივე ზუსტი პარამეტრია ის, რომ ცოტა ხნის წინ, გერმანიის შს მინისტრი გამოვიდა და დაასახელა სამი-ოთხი ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი ლტოლვილი ცდილობს გერმანიაში მოხვედრას. ამ ჩამონათვალში იყვნენ სირია, ერაყი, ლიბია და საქართველო! ეს არის ისეთი ზუსტი პარამეტრი, რომელსაც, რამდენი პრესკონფერენციაც უნდა ჩაატაროს ბახტაძემ, ვერ გადაწონის.
– ბახტაძემ ყველა რეკორდი მოხსნა, ისეთ პოპულისტურ განცხადებებს აკეთებს. წინა პრემიერის დროს გაკეთებულ საქმეებსაც თვითონ იბრალებს. ტრიბუნებით აქეთ-იქით სიარულიც არ დარჩენია საზოგადოებას უყურადღებოდ. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?
– კომიკურია ეს ყველაფერი. როდესაც ტრიბუნა ჩადგა ტრასაზე, მაშინვე ვთქვი, რომ ბახტაძე სააკაშვილს ბაძავს და ალბათ ხვალ დადიანების სასახლეში დაალაგებს სკამებს-მეთქი და მართლაც ასე მოიქცა და სააკაშვილის სტილში ჩაატარა შეხვედრა პარტიის აქტივთან.
როცა ასეთი ბანძი პიარი გაქვს, რომ უკვე ადამიანები წინასწარ ხვდებიან, რა მაიმუნობასაც აკეთებ, ეს უკვე პიარი აღარ არის, ეს არის საკუთარი თავის საწინააღმდეგო შავი პიარი. სააკაშვილი რასაც აკეთებდა, მასაც დასცინოდნენ, მაგრამ ამას აკეთებდა პირველად და პირველს ყოველთვის სხვა ეფექტი აქვს ხოლმე. თანაც რასაც სააკაშვილი აპიარებდა, იმ დარგებს გარკვეული მიღწევები ჰქონდა. დღევანდელ მთავრობას არ აქვს ეს ხელშესახები მიღწევები. ამ მთავრობას აქვს ერთადერთი მიღწევა.
– რა მიღწევა?
– ციხეში პატიმრებს არ აწამებენ. ეს არის ერთადერთი მნიშვნელოვანი პოზიტივი, რომელიც “ქართული ოცნების” პოზიტივად შეიძლება ჩაითვალოს. არაფერი სხვა მიღწევა ამ მთავრობას არ აქვს. როდესაც სააკაშვილი ტრასებს ხსნიდა, შესაძლოა, ეს ფორმა ვიღაცისთვის გამაღიზიანებელი იყო, მაგრამ ის ტრასები მართლა იგებოდა. დღეს, როდესაც გახსნილ ტრასაზე მიხვალ, ტრიბუნას დადებ და ამბობ, რომ საქართველოში ახალი ტრასა გაიხსნა, ეს უბრალოდ სასაცილოა!
– რას ელოდებით ახალი, მცირე მთავრობისგან. ახალ სახეებზე გვესაუბრება პრემიერი. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ?
– ახალი სახეები არის ტელეჟურნალისტების მიერ მოგონილი ტერმინი. ახალი ველოსიპედები კი არ უნდა გამოვიგონოთ, რაც უკვე გამოგონებულია, ის დანერგონ და ჩვენს ქვეყანაში გადმოიტანონ. ამერიკაში მუშაობს, ან ლონდონში სწავლობს და მოდი, ის ჩამოვიყვანოთ, ეს არის საშინელი ქაჯობა და პროვინციალიზმი! თურმე რადგან ამერიკაში მუშაობს, ის იქნება მაგარი ეკონომიკის მინისტრი.
– ამ მიდგომას არ იზიარებთ?
– მინისტრი ყველა ქვეყანაში უნდა დაინიშნოს მისი ეკონომიკური ხედვებით! ახალი და უცხო სახე არის მიუღებელი. ეკონომიკის მინისტრად უნდა დაინიშნოს ისეთი კადრი, ვისაც აქვს კარგი ეკონომიკური ხედვები და ეს საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა იციან. მინისტრი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი. ეკონომიკის მინისტრად ვინც ინიშნება, მას უნდა ვიცნობდეთ და უნდა ვიცოდეთ, რის გაკეთებას აპირებს და არა ის, რომ კემბრიჯი ჰქონია დამთავრებული და ამიტომ დავნიშნოთ ეკონომიკის მინისტრად.
ეს არასრულფასოვნების კომპლექსის გამოხატულებაა. ეს სააკაშვილმა დაამკვიდრა 2004-2005 წლებში, შესაძლოა, ეს მაშინ ვიღაცას მოსწონდა, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ამ ადამიანებმა ყველა სფეროში კრახი განიცადეს. გახსენდებათ რომელიმე ამერიკულ დიპლომიანი წარმატებული მინისტრი? მე არ მახსენდება!
– იგივე გზას დაადგა ახალი პრემიერიც?
– დიახ და ეს არის უზნეობის გამოხატულება. ასევე ამ მთავრობის პიარ-გუნდის უმწეობის გამოხატულება. ვერაფერი ახალი პიარული და საზოგადოებისთვის საინტერესო იდეა რომ ვერ მოიგონეს, სააკაშვილის არსენალში დაიწყეს უკვე ნახმარი მეთოდების გადმოკოპირება.
ქალს რომ ლამაზად გამოპრანჭვა უნდა და მაინცდამაინც სხვის ნახმარ ბიჟუტერიას რომ ეცემა, ზუსტად ასე არიან. სააკაშვილის ნახმარი ბიჟუტერიით ცდილობენ სამთავრობო პიარის გაფორმებას!
მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვასიკო მაღლაფერიძე, შალვა რამიშვილი და ლაშა ნაცვლიშვილი სხედან საღამოს, უყურებენ სააკაშვილის 2005–2007 წლების საინფორმაციო გამოშვებებს და ცდილობენ მათ გადმოკოპირებას!
– გამოდის, რომ არანაირი დადებითი მოლოდინი არ გაქვთ?
– დადებითი მოლოდინი ერთადერთი რაც მაქვს, არის ის, რომ იმდენად ბევრ არასწორ ნაბიჯს დგამენ, რომ ამან შეიძლება დააჩქაროს მათი აღსასრული.
ჩვენთან ერთ-ერთი სიმბოლური ათვლის წერტილი არის წულუკიანის დარჩენა-არდარჩენა. თუ წულუკიანი დარჩა პოსტზე, ეს არის უკეთესი! რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის უარესია, მაგრამ ჯობია, ბარემ მთელმა ქართველმა ხალხმა დაინახოს, რომ ამ მთავრობას ხალხის საერთოდ არ ესმის და ფეხებზე ჰკიდია საზოგადოებრივი აზრი და თუ ეს მთავრობა წულუკიანის გაშვებას არ აპირებს, მაშინ ჯობია, მთლიანად ეს მთავრობა მოვიშოროთ, ვიდრე ვიღაცა ისევ ილუზიების ტყვეობაში დარჩეს.
აი, ამას ვხედავ ერთადერთ სასიკეთოს, რომ ამ მთავრობის სულელური ნაბიჯები დააჩქარებს ამ მთავრობის დემონტაჟს.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა