კონსტანტინე გამსახურდია – “კვირიკაშვილი ისეთი გაბრაზებული წავიდა, სახლში მშვიდად არ დაჯდება”

კონსტანტინე გამსახურდია - "კვირიკაშვილი ისეთი გაბრაზებული წავიდა, სახლში მშვიდად არ დაჯდება"ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო კონსტანტინე, დავით უსუფაშვილმა გიორგი მარგველაშვილს ღია წერილით მიმართა, სადაც ის მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გაერთიანებას სთხოვს, რასაც ექსპერტების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციურ ფლანგზეც გაურკვევლობაა. რატომ?
– “ქართულმა ოცნებამ” ბიძინა ივანიშვილის მეთუარობით პოლიტიკური ლანდშაფტის გაუდაბურება მოახერხა. ამიტომაც არის, რომ ინიციატივები, რომლებიც პარტიებიდან საპრეზიდენტო და ნებსიმიერი არჩევნების წინ უნდა მოდიოდეს, არ ჩანს.
უსუფაშვილის შეთავაზება მარგველაშვილისადმი არის შეთავაზება შეთავაზებისთვის, რადგან ამას შედეგი არ მოჰყვება. ასე არ ხდება შეთავაზება თუ შედეგი გინდა მიიღო, მსგავსი მოლაპარაკებები ყოველთვის არასაჯარო ფორმატში ხდება და შემდეგ ცხადია ამას იგებს საზოგადოება, ამომრჩეველი.
– პრეზიდენტი მარგველაშვილი შეიძლება კვლავ ვიხილოთ, როგორც კანდიდატი?
– ვერ გეტყვით. მე ვფიქრობ, რომ თავადაც კი არ აქვს ჯერ გადაწყვეტილება მიღებული.
– რა აყოვნებს?
– მე არ გამოვრიცხავ, რომ ის “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატს ელოდება. თუ სახელისუფლო პარტიის კანდიდატი იქნება, როგორც იტყვიან, სხვას ყველას ველოდით, მაგრამ ამას არა, მაშინ ის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი და მე არ გამოვრიცხავ, რომ მეორე ტურიც გაიმართოს. ამიტომაც არის, რომ გიორგი მარგველაშვილი არ ჩქარობს და ჯერ თავის კარტებს არ შლის. პოლიტ-ტექნოლოგიურად ეს სწორი სვლაა.
– ამდენი ხნის მანძილზე საპრეზიდენტო კანდიდატი რომ ვერ შეარჩია მმართველმა პარტიამ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ მას კანდიდატი არ ჰყავს თუ ძლიერს ეძებს?
– რა თქმა უნდა, “ქართულ ოცნებას” კანდიდატი არ ჰყავს. არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ივანიშვილი, რომ ამ არჩევნებზე წაბორძიკდეს, ამიტომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რეალური კანდიდატი შეარჩიოს.
– რატომ, მისი რეიტინგი ხომ იმუშავებს?
– მისი რეიტინგი კი იმუშავებს, მაგრამ ისე ვერა, როგორც სხვა არჩევნების დროს მუშაობდა. “ვინც უნდა იყოს”, უკვე ეს პრინციპი არ იმუშავებს. მე არ გამოვრიცხავ, რომ აქამდე არაოფიციალურად, ჭორის დონეზე გავრცელებული კანდიდატები მოსინჯვისთვის იყო შემოგდებული, მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა ვერ დაიმსახურა საზოგადოების ნდობა.
– ოპოზიციურ კანდიდატებშიც სერიოზული გაურკვევლობაა.
– გასაგები მიზეზების გამო. წარმოიდგინეთ, როდესაც სახელისუფლო პარტია ვერ ასახელებს კანდიდატს, ოპოზიციას მით უფრო გაუჭირდება ეს პროცესი. დღეს პოლიტიკურ ავანსცენაზე ოპოზიციურ ფლანგზე ვინ ჩანს, რასაკვირველია, “ევროპული საქართველო” და ნაციონალური მოძრაობა, რაც აბსოლუტურად არის “ქართული ოცნების” შეგნებული არჩევანი.
– რატომ?
– ერთად თავს გრძნობენ, როგორც თევზი წყალში. ეს პირადად ბიძინა ივანიშვილის არჩევანია.
– “ქართული ოცნება” გეტყვით, რომ ეს ამომრჩევლის არჩევანია.
– ისევე, როგორც იყო გიორგი თარგამაძის “ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა” სააკაშვილის დროს, როგორც მთავარი ოპოზიცია პარლამენტში. სამწუხაროდ, ეს პარალელები იკითხება. ამიტომაც ძალიან ძნელია, რომ მზარდი ოპოზიციური პოლიტიკური ცენტრი გაჩნდეს, რომელიც რეალურ კონკურენციაში შევა ხელისუფლებასთან და შემდეგ მისი ალტერნატივა შეიძლება გახდეს კიდეც.
– არ არის გამორიცხული, რომ ყოფილმა პრემიერმა კვირიკაშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ახალი ოპოზიციური ძალა შექმნას. თუ ეს გადაწყვეტილება მიიღო კვირიკაშვილმა, რა შანსები ექნება?
– გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის გარიცხეს პარტიიდან, პარტიის პოლიტსაბჭო დატოვა და ა.შ. ამ ყველაფრის შემდეგ უკვე “ოცნების” დეპუტატებისგან გაკეთებული მკვახე-მკვახე განცხადებები ალბათ ამ ნაბიჯისკენ უბიძგებს. თუ ამის შესაძლებლობა მისცა მას ივანიშვილმა, რომ ახალი ოპოზიციური ძალა გაჩნდეს, მაშინ საქმე სერიოზულად იქნება, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
კვირიკაშვილი ისეთი გაბრაზებული წავიდა, რომ არ მგონია, სახლში მშვიდად დასაჯდომად განეწყოს. ის ალბათ შეეცდება, გარკვეული პოლიტიკური სვლები გააკეთოს, მაგრამ რა შედეგს მოუტანს, ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა