„ლადო გრიგალაშვილმა ნანგრევებისკენ, სადაც ანა ნაცვლიშვილის მკვლელობა მოხდა, შეშინებულმა გაიხედა” – ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე მოწმე ნიკა ქიტუაშვილი დაკითხეს

„ლადო გრიგალაშვილმა ნანგრევებისკენ, სადაც ანა ნაცვლიშვილის მკვლელობა მოხდა, შეშინებულმა გაიხედა” - ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე მოწმე ნიკა ქიტუაშვილი დაკითხეს”პოლიციაში მითხრეს, ანა ნაცვლიშვილი შენი ძმაკაცის მოკლულიაო, ძალიან გამიკვირდა, მაგრამ იმდენი ფაქტი მომიყვანეს, ამის დაჯერება რთული აღარ იყო,” – ამის შესახებ თემქაზე, 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდებულის მეგობარმა ნიკა ქიტუაშვილმა განაცხადა.

ქიტუაშვილმა მკვლელობის დღეს განვითარებული მოვლენები გაიხსენა და აღწერა, თუ სად და როგორ ეძებდა ბრალდებულთან ერთად სახლიდან გაუჩინარებულ ნაცვლიშვილს.

„2017 წლის 22 თებერვალს დილით 06:20 საათზე დამირეკა ლადომ და მთხოვა, ანა ნაცვლიშვილის კორპუსთან ჩავსულიყავი. რატომ მეთქი, ვკითხე და მიპასუხა, ანა დაიკარგაო. ორი მანქანით ავედით ანას სახლთან. ცოტა ხნის ლოდინის შემდეგ მაინც და მაინც მე მიმითითა, იქ ჩავსულიყავი, სადაც, როგორც მერე აღმოჩნდა, ცხედარი იყო. იქ დათო ალექსიძესთან ერთად ჩავედით, ფარეხთან დაცვის პოლიცია იდგა, იქ ვიკითხეთ, ღამის 4 საათიდან ჩემი სიმაღლის გოგოს ხომ არ გამოუვლია და მიპასუხეს, რომ არავინ უნახავთ. ამის შემდეგ ისევ ანას სახლთან ავბრუნდი. ანას მამის ჩამოსვლის შემდეგ ზეემკაზე, ანას მეგობართან წავედით“, – განაცხადა ნიკა ქიტუაშვილმა.

მისივე თქმით, როდესაც ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილთან ერთად იმ ტერიტორიას ჩაუარა მანქანით, სადაც ანა ნაცვლიშვილის ცხედარი იყო, ბრალდებულის სახეზე გარკვეული აფორიაქება შენიშნა.

„ლადომ ნანგრევებისკენ, სადაც მკვლელობა მოხდა, შეშინებულმა გაიხედა. ვკითხე კიდეც, რა მოხდა-მეთქი, მიპასუხა არაფერი, ვიღაც კაცი დავინახეო“, – აღნიშნა მოწმემ.

ნიკა ქიტუაშვილის ინფორმაციით, ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია პოლიციელებისგან შეიტყო. „პოლიციაში გვითხრეს, რომ ანა ნაცვლიშვილი ყელგამოჭრილი ნახეს. ალბათ, ერთ საათში პოლიციის განყოფილებაში როცა გადამიყვანეს, იქ მითხრეს, შენი ძმაკაცის მოკლულიაო. ძალიან გამიკვირდა, მაგრამ იმდენი ფაქტი მომიყვანეს, რომ ამის დაჯერება რთული აღარ იყო“, – განაცხადა ქიტუაშვილმა.

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.

ინტერპრესნიუსი