“მაყვალა რომ მერქვა, ბიჭები იმიტომ მიწუნებდნენ”

"მაყვალა რომ მერქვა, ბიჭები იმიტომ მიწუნებდნენ"ამბობენ, ადამიანისთვის სახელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამ არისო. ბევრ ადამიანს ისეთი სახელი ჰქვია, რომელსაც ყოველთვის და ყველგან სიამაყით ამბობს, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თავისი სახელის გამო რცხვენიათ და მის დაძახებას ყველას უკრძალავენ. ზუსტად ასე რცხვენია თავისი სახელის ქალბატონ მაყვალასაც. მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე 50 წელს არის გადაცილებული, დღემდე მშობლებისთვის ვერ უპატიებია, მას რომ ასეთი უშნო და შეუფერებელი სახელი დაარქვეს.

ქალბატონი მაყვალა:

– მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი საუკუნეა ეს სახელი მქვია, მაინც დღემდე ვერ მიპატიებია ჩემი მშობლებისთვის, რომ მაყვალა დამარქვეს. მჯერა იმის, რომ ადამიანისთვის სახელს თავისებური დატვირთვა აქვს. ისიც კარგად მესმის, რომ იმ დროს ის სახელები არ იყო მოდაში, არც ახლაა, მაგრამ ჩემს მშობლებს ჩემთვის მაინც ნორმალური სახელი უნდა დაერქვათ. არ მომწონს ეს მაყვალა და ყველა ჩემს ახლობელს ვუკრძალავ, ოფიციალური სახელით მომმართონ.

– სახელი ვინ შეგირჩიათ?

– მამაჩემმა, მაგრამ ეს არ იყო სახელის შერჩევა, ეს იყო ჩემი დაცინვა.

– ამას რატომ ამბობთ?

– იმიტომ, რომ ეს სიმართლეა. ჩვენ 5 დედმამიშვილი ვართ, 4 და ვართ და ნაბოლარა ძმა გვყავს. მე ჩემი მშობლების მეოთხე შვილი ვარ. დედაჩემი წარმოშობით რაჭიდანაა. როცა ჩემზე 7 თვის ორსული იყო, თავის მშობლებთან რაჭაში წავიდა, მოულოდნელად მშობიარობა დაეწყო და თბილისში ჩამოსვლა ვეღარ მოასწრო. მაშინ ექოსკოპია არ იყო და წინასწარ ვერავინ გეტყოდა, გოგო გეყოლებოდა თუ ბიჭი. მამაჩემი ხშირად ყვებოდა, 3 გოგოს მერე დიდი იმედი მქონდა, რომ ბიჭი მეყოლებოდაო, მაგრამ, როცა ისევ გოგო გაუჩნდა, თურმე ძალიან გაბრაზდა. არ ვიცი, მე რას მერჩოდა, მაგრამ გაბრაზებულ გულზე ასეთი საშინელი სახელი დამარქვა.

– ვინმეს ერქვა თქვენს წინაპრებში მაყვალა და იმიტომ დაგარქვათ?

– არა, არავის. ეს უბრალოდ მამის სურვილი იყო.

– მოსწონდა სახელი მაყვალა?

– არა, არ მოსწონდა. ხომ შეეძლო ან ნანა დაერქმია, ან მაია, ან მარინე, ან რამე ნორმალური. ეს მაყვალა რა ჯანდაბაა. მამაჩემს დედაჩემის მშობლებმა დეპეშით აცნობეს, გილოცავთ, ვახტანგ, ქალიშვილის მამა გახდიო. მამაჩემი, იმის მაგივრად, რომ დედაჩემის მშვიდობით მოლოგინება და ჯანმრთელი შვილის დაბადება გახარებოდა, თურმე ძალიან გაბრაზდა. 2 დღე დედაჩემის სანახავადაც კი არ მისულა. მერე ეტყობა, მიხვდა, რომ ცუდად იქცეოდა და რაჭაში ჩავიდა. დედაჩემი ძალიან ბედნიერი იყო, ჯანმრთელი შვილი რომ ეყოლა, მამაჩემმა კი უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ისევ გოგო ეყოლა და მისთვის საოცნებო ბიჭი არ აღმოვჩნდი. დედაჩემმა მამას უთხრა, უშენოდ სახელის დარქმევა არ მინდოდა, წადი მმაჩის ბიუროში და რაც შენ გაგიხარდება, ბავშვს ის დაარქვიო. გაბრაზებული მამაჩემიც მმაჩის ბიუროში მივიდა, თანამშრომელმა საბუთების შევსება რომ დაიწყო, მამას ჰკითხა, რა ჰქვია თქვენს პატარასო. მამაჩემმა კი იმ ქალს ჰკითხა, თქვენ რა გქვიათო. იმ ქალმა უთხრა, მაყვალაო, ჰოდა, ჩემს შვილსაც მაყვალა ჰქვიაო. ასე დამარქვა მამაჩემმა სახელი მაყვალა.

– დედას მოეწონა მამის არჩევანი?

– რა თქმა უნდა, არა. დედა ნაწყენი დარჩა, მისი ქმარი შვილს ასე რომ მოექცა. დედაჩემს არ მოსწონდა ჩემი სახელი, ამიტომ ნატალის მეძახდა. ისე გავიზარდე, სულ ნატალი მესმოდა, მაყვალა ჩემთვის არავის არასდროს დაუძახია.

– როდის გაიგეთ, რომ მაყვალა გერქვათ?

– სკოლაში რომ მივედი. როცა პირველ კლასში მიმიყვანეს, მასწავლებელმა სია წაიკითხა და ჩემს გვართან ერთად სახელი მაყვალა ამოიკითხა. მე რეაქცია არ მქონია, მეგონა, სხვა ბავშვიც იყო ჩემი გვარის, მაგრამ როცა გავარკვიე, რომ თურმე ნატალი კი არა, მაყვალა მერქვა, ისტერიკული ტირილი დავიწყე. სახლში რომ მოვედი, ყველას გავებუტე, არავის ველაპარაკებოდი. ჩემი შემორიგება ისევ მამამ სცადა. მაშინ არ ვიცოდი სიმართლე, მეგონა, სახელი დედამ დამარქვა, ამიტომ დედაზე უფრო ვიყავი გაბრაზებული, ვიდრე მამაზე. თურმე ყველაფერი მამაჩემის ბრალი ყოფილა.

– ახლა რას გეძახიან?

– რა თქმა უნდა, ნატალის. კლასში ყველას ავუკრძალე ჩემთვის მაყვალას დაძახება. მასწავლებლებიც, რომ ხედავდნენ, როგორ განვიცდიდი, ნატალის მეძახდნენ. უფროსებმა კი შეისმინეს ჩემი თხოვნა, მაგრამ ჩემს კლასელებს ვერაფერი გავაგებინე. როცა ჩემი გაბრაზება უნდოდათ, მაშინვე მაყვალას მეძახდნენ და ძალიან მაბრაზებდნენ. ამ უაზრო სახელის გამო, ბევრჯერ მიტირია და გულიც მტკენია. მხოლოდ საბუთებში ვარ მაყვალა, თორემ ისე ყველა ნატალის მეძახის.

– ამ სახელმა რამე პრობლემები შეგიქმნათ?

– არ დაიჯერებთ, მაგრამ რამდენიმე ბიჭმა სწორედ სახელის გამო დამიწუნა და ჩემთან ურთიერთობაზე უარი თქვა. სკოლაში ყველამ იცოდა ჩემი ნამდვილი სახელი, ამიტომ აღმოჩენა არავისთვის ყოფილა, რომ ნატალი კი არა, მაყვალა მერქვა. უმაღლესში რომ ჩავაბარე, ძალიან ბედნიერი ვიყავი. იქ უკვე ყველას ნატალითი ვეცნობოდი. ჩემს კლასში სწავლობდა ერთი გოგო, რომელსაც ყოველთვის ყველასი შურდა. ძალიან გულჩათხრობილი და შურიანი გოგო იყო. არც მეგობარი ჰყავდა კლასში და არც მხარდამჭერი, ყოველთვის ღვარძლიანი გამოთქმებით გამოირჩეოდა, რის გამოც, მასწავლებლებისგან ყოველთვის საყვედურს იმსახურებდა. ნონა ჩვენს კლასში არავის უყვარდა. ყველაზე ხშირად ის მაბრაზებდა და მაყვალასაც ის მეძახდა. მერე მას ჩემი დანარჩენი კლასელებიც აყვებოდნენ და ყველა დამცინოდა. სანამ ისტერიკულ ტირილს არ დავიწყებდი, არ ჩერდებოდნენ. რამდენჯერმე დედას ვთხოვე, გადავეყვანე სხვა სკოლაში, მაგრამ უარი მივიღე, მოვალ სკოლაში და იმ შენს კლასელებს ჭკუას ვასწავლიო, მეუბნებოდა დედა, მაგრამ მისი მოსვლა და მუქარა საქმეს არ შველოდა. ერთი-ორი დღით გაჩერდებოდნენ ჩემი კლასელები და მერე ისევ ყველაფერი თავიდან იწყებოდა. ძალიან გამიხარდა, როცა აღმოვაჩინე, რომ ჩემთან ერთად უმაღლესში არც ერთი ჩემი კლასელი არ ჩააბარებდა, მაგრამ გაოგნებული დავრჩი, როცა პირველივე დღეს ჩემს თანაკურსელებში სწორედ ნონა აღმოვაჩინე. პირველი სტუდენტური დღეც ჩამშხამდა, ძალიან ვინერვიულე, წინასწარ წარმოვიდგინე, როგორ გამიმწარებდა მთელ სტუდენტობას და როგორ დამიწყებდა დაცინვას ჩემი სახელის გამო. ჩემი ვარაუდი გამართლდა, ნონამ მთელი კურსის ბავშვებს გააგებინა, რომ ნატალი კი არა, სინამდვილეში მაყვალა მერქვა. სამწუხაროდ, ჩემს კურსზეც აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დამცინოდნენ და შეურაცხყოფას მაყენებდნენ. ჩემი სახელის გამო ძალიან დავითრგუნე. მშობლებს ვეხვეწებოდი, სხვა სასწავლებელში გადამიყვანეთ-მეთქი, მაგრამ უარს მეუბნებოდნენ, სადაც გინდოდა, იქ მოხვდი და ახლა სასწავლებელი რატომ უნდა შეიცვალოო. ბედს შევეგუე და სასწავლებელში დავრჩი.

მეორე კურსზე ჩვენს ჯგუფში ერთი ბიჭი გადმოვიდა, ძალიან კარგი ადამიანი ჩანდა. ჩვენ კურსზე ისედაც ცოტა ბიჭი გვყავდა, ამიტომ გოგონები მათ განსაკუთრებულად ვუფრთხილდებოდით და ვანებივრებდით. კარგი ბიჭი იყო, წესიერი, მორიდებული. ავარდნილი და “მობლატავე” პიროვნება არ ჩანდა. სანზონაში ცხოვრობდა და სწავლასთან ერთად მუშაობდა კიდეც. როცა ახლოს გაგვეცნო, მის შესახებ გავიგეთ, რომ ძმაკაცი ჰყავდა ავარიაში დაღუპული და მეგობრები მუშაობდნენ, რომ მის სახელზე უბანში ეკლესია აეშენებინათ. თურმე გარდაცვლილი მეგობარი ერთ-ერთ ძმაკაცს გამოცხადებია და უთხოვია, ჩემს სახელზე უბანში ეკლესია ააშენეთო. მასაც სიზმარი სამეგობროში რომ მოუყოლია, ბიჭებს გადაუწყვეტიათ, ყველას შეძლებისდაგვარად ემუშავა და თემურის სახელზე ეკლესია აეშენებინათ. ჩვენი ჯგუფელიც მუშაობდა, მანქანებს რეცხავდა, მერე აღებული ხელფასით ხან ერთ ტომარა ცემენტს ყიდულობდა, ხან რამდენიმე აგურს, ეკლესია რომ დაესრულებინათ. ამ ამბის მოყოლის შემდეგ ლადო ჩვენს თვალში კიდევ უფრო ამაღლდა. გოგონები კონსპექტებსაც ვუწერდით, გამოცდებზეც ვეხმარებოდით და ჩათვლებზეც. ერთი ქართულის ლექტორი გვყავდა, შინაბერა იყო და მთელ ინსტიტუტში სიმკაცრით იყო ცნობილი. თუ ასომთავრულად კითხვა არ იცოდი, ნიშანს არ გაღირსებდა. ლადომ ასომთავრულის კითხვა არ იცოდა, ამიტომ ჩვენი ლექტორი ნიშანს არ უწერდა, მაგრამ გოგონებმა იმდენი ვქენით, მისი გადარჩენა შევძელით. როცა ლადოს ლექტორმა ტექსტი სათარგმნად მისცა, ჩუმად გადმომაწოდა, ვუთარგმნე და ლექტორმა რომ წაიკითხა, ძალიან ესიამოვნა, რა კარგი ბიჭი ხარ, ზოგმა გოგომ არ იცის, ასომთავრულად ასოების ცნობა, შენ კი თარგმანიც შეგძლებიაო. მერე საგამოცდო რაღაც საკითხი ჰკითხა, მაგრამ ლადომ არ იცოდა, ლექტორი ნიშანს არ უწერდა, მაგრამ ყველამ დავიცავით. ვუთხარით, რომ ლადო მუშაობს, რომ გარდაცვლილი მეგობრის სახელზე ეკლესია ააშენოს და ამიტომ სწავლისთვის დრო არ რჩებაო. ჩვენს ლექტორს გული მოულბა და ლადომ ცხოვრებაში პირველად ხუთიანი მიიღო. გაგიჟებული იყო, ჩათვლის წიგნაკში რომ იყურებოდა. თქვენ მე ნიშნები გამიფუჭეთო, ხუმრობდა. სულ სამიანებით ჰქონდა გავსებული ჩათვლის წიგნაკი. მეორე დღეს ლადომ გოგონები კაფეში დაგვპატიჟა და თავისი ფრიადოსნობა აღნიშნა. ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა, გულღია, მხიარული, საოცარი იუმორი ჰქონდა. სიცილით გვიყვებოდა, მამაჩემს რომ ვუთხარი, ქართულში ხუთიანი მივიღე, არ დაიჯერა და მაღარიჩის ნიშნად, შამპანურები დახსნაო. მეორე დღეს გოგონები ლადოზე ვიყავით შეყვარებულები და თან ერთმანეთს დავცინოდით, აბა, თვითონ რომელს ამოგვირჩევსო.

– და თქვენ ამოგირჩიათ?

– მე და ლადოს ნამდვილად მოგვწონდა ერთმანეთი, მას ქცევებში ვატყობდი, რომ მისთვის სულ ერთი არ ვიყავი. არც მე ვიყავი მის მიმართ გულგრილი და რატომ უნდა დამემალა? გოგონებს ჩემი შურდათ, მაგრამ ამას არ გამოხატავდნენ. მე და ლადო ძალიან დავახლოვდით, სახლშიც მაცილებდა, ერთი-ორჯერ ჩემთან სახლშიც ამოვიდა, დედაჩემს გავაცანი, ჩემი ჯგუფელია-მეთქი, მაგრამ სრულიად მოულოდნელად, ჩვენი ურთიერთობა დასრულდა.

– რატომ?

– თავიდან არ ვიცოდი, რა დაემართა ლადოს, ყველაფერი გვიან გავარკვიე. თურმე ჩემმა კლასელმა ნონამ რომ გაიგო, მე და ლადო ასე ახლოს ვიყავით ერთმანეთთან, თავისი შურიანი კლანჭები გამოაჩინა. ლადოს ჩემზე უთხრა, არ დაუჯერო, გატყუებს, მისი კლასელი ვარ და ნატალიზე ყველაფერი ვიცი, ეგ ნატალი კი არა, მაყვალააო. ლადო დიდხანს უმტკიცებდა, ალბათ სხვა გოგოზე მეუბნები, მე ჯგუფელი მაყვალა არავინ მყავსო.

– ლადო სახელის გამო დაგშორდათ?

– კი. მითხრა, მაპატიე, მაგრამ ჩემთვის ნატალი ხარ, მაყვალა სულ სხვა ადამიანი მგონია და თუ გინდა მომკალი, როგორც მაყვალას, ვერ აღგიქვამო. ტყუილში დამიწყო დადანაშაულება, ჩემთვის არ უნდა მოგეტყუებინა, მერჩივნა, თავიდანვე მცოდნოდა, რომ მაყვალა გერქვა, ახლა შენთან გაუცხოების მომენტები მეწყება და არანაირი ურთიერთობა არ შემიძლიაო. რაღა უნდა მეთქვა, ლადო მართალი იყო, მაგრამ მისი გაგება მიჭირდა, ვერაფრით გამეგო, რატომ უნდა დამშორებოდა საყვარელი ადამიანი მხოლოდ სახელის გამო.

– ასეთი შემთხვევა მერეც გქონდათ?

– ორჯერ მქონდა შემთხვევა, როცა სახელის გამო დამიწუნეს და დამშორდნენ. ახლა მეცინება ამ ამბავზე, თორემ მაშინ ძალიან განვიცდიდი. განსაკუთრებით ლადოსთან განშორება იყო ჩემთვის ყველაზე მტკივნეული. ორმაგად მტკივნეული აღმოჩნდა იმის გაგება, რომ ლადო და ნონა ერთმანეთს ხვდებოდნენ, მერე შეყვარებულებიც გახდნენ და დღეს ნონა ლადოს ცოლია.

– ახლანდელ მეუღლეს როგორც მოეწონეთ, როგორც მაყვალა თუ როგორც ნატალი?

– ლადოსთან და რეზისთან ურთიერთობის შემდეგ კომპლექსები გამიჩნდა. სხვებისთვის რა პასუხი უნდა მომეთხოვა, როცა საკუთარი თავი თვითონ მეგონა უცხო მაშინ, როცა მაყვალათი მომმართავდნენ. ყველა ჩემმა ახლობელმა იცოდა, რომ თუ ჩემი გაბრაზება და მდგომარეობიდან გამოყვანა უნდოდათ, ჩემთვის მაყვალა უნდა დაეძახათ. ჩემი ახლანდელი მეუღლის თენგიზის შემთხვევაში ასე არ დამმართნია. უკვე ყველაფერი გათავისებული მქონდა და მას გაცნობიდანვე მალე მოვუყევი ჩემი ისტორია, მამაჩემის ასეთი აგდებული დამოკიდებულება ჩემი სახელის მიმართ და ისიც ვუთხარი, რომ სახელი მაყვალა ძალიან მაბრაზებდა. თენგიზს ამაზე რეაქცია არ ჰქონია, მითხრა, ისე მიყვარხარ, გინდა ნატალი გერქვას, გინდა მაყვალა და გინდა ფოთოლა, ჩემთვის მაინც ყველაზე სასურველი ქალი იქნები, სახელს ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვსო. თენგიზი ძალიან დამეხმარა იმაში, რომ ეს კომპლექსი დამეძლია. ლადოსთან და რეზისთან დაშორების შემდეგ, ერთი პერიოდი, სერიოზულად ვფიქრობდი, რომ საბუთები შემეცვალა და ამეღო დოკუმენტაცია, სადაც ოფიციალურად ნატალითი ვიქნებოდი დაფიქსირებული, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში თენგიზის გამოჩენამ ყველაფერი შეცვალა.

– თქვენი შვილებისთვის სახელის დარქმევისას თუ გაითვალისწინეთ თქვენი შემთხვევა?

– რა თქმა უნდა. ჩემი შემთხვევა ჩემთვის ყველაზე კარგი, ნათელი და ჭკუის სასწავლებელი მაგალითია. ყველას ვურჩევ, არ დაარქვან შვილს ისეთი სახელი, რომელიც შემდეგ შვილსა და მშობლებს შორის კონფლიქტს წარმოქმნის. მე 4 შვილი მყავს და არც ერთს არ ჰქვია ისეთი სახელი, რომ მისი რცხვენოდეთ. დავითი, გიორგი, მაია და ნინო მყავს. მიმაჩნია, რომ ნამდვილად არ დამირქმევია მათთვის ისეთი სახელები, რომ მათი დაძახებისას შერცხვეთ და მთელი ცხოვრება საყვედურით ამავსონ.