“მარგველაშვილი არჩევნებს მოიგებს, თუ “ოცნება” სალომე ზურაბიშვილს დააყენებს” – როგორია სანდრო თვალჭრელიძის პროგნოზი

"მარგველაშვილი არჩევნებს მოიგებს, თუ "ოცნება" სალომე ზურაბიშვილს დააყენებს" - როგორია სანდრო თვალჭრელიძის პროგნოზიექსპერტი, პროფესორი სანდრო თვალჭრელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საპრეზიდენტო კანდიდატებზე საუბრობს.
– ბატონო სანდრო, თქვენ იზიარებთ მოსაზრებას, რომ დემოკრატიის კუთხით, საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი ძალის მიერ პოზიციების დათმობა მართლაც წინგადადგმული ნაბიჯი შეიძლება იყოს?
– ძალიან რთული საკითხია. მე არ ვიცი, იყო თუ არა მსგავსი პრეცედენტი სადმე, რომ მმართველ პარტიას საკუთარი კანდიდატურა არ ჰყოლოდეს საპრეზიდენტო არჩევნებში. თუმცა, რომ ვუკვირდები, რატომაც არ შეიძლება, რომ არ ჰყავდეს?! საერთოდ, კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ ამოქმედდება, ამბობს, რომ ის ზეპარტიული უნდა იყოს. თუ მართლაც ასე ზედმიწევნით წავიკითხავთ კონსტიტუციის ამ მუხლს, მაშინ არც უნდა იყოს პარტიული.
ჩვენ სიახლის გვეშინია. დაე, ეს იყოს ახალი ნაბიჯი ქართულ პოლიტიკაში, რატომ არ შეიძლება?! აქ უმთავრესი სულ სხვა საკითხია.
– კონკრეტულად?
– ვინ იქნება კანდიდატი. რამდენად ღირსეული პიროვნება იქნება და რამდენად წარმოადგენს ის ჩვენს ქვეყანას საზღვარგარეთ დადებითად, იმ ღირსებებით, რომლებიც საქართველოს აქვს. მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო ამ შემთხვევაშია მნიშვნელოვანი.
– დასახელებული კანდიდატები მოგწონთ?
– არა, არც ერთი დასახელებული კანდიდატი მე პირადად არ მომწონს, რადგან არც ერთი მათგანი არ პასუხობს იმ ამოცანას, რასაც პირველ რიგში ამ ადამიანებს კონსტიტუცია უწესებს.
– როგორი უნდა იყოს ახალი პრეზიდენტი?
– მე ვფიქრობ, რომ ცნობილი პიროვნება უნდა იყოს ყველა გაგებით, მაგალითად, ჩემთვის იდეალური კანდიდატი იქნებოდა აწგანსვენებული მერაბ მამარდაშვილი. მე ამ შემთხვევაში მოდელს ვთავაზობ მათ, ვინც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. რატომ ვაკეთებ ამ ხაზგასმას, ალბათ მიმიხვდებით.
– თქვენ რომ გვითხრათ?
– ჩემთვის ამ შემთხვევაში ამოსავალი არის კონსტიტუციის ახალი რედაქცია. ჩვენ გვჭირდება ადამიანი, რომელიც იქნება წარმომადგენლობითი საზღვარგარეთ. ისეთი უნდა იყოს, რომლითაც ყველა ქართველი ვიამაყებთ. პრეზიდენტი განაგებს თუ უმაღლესი წარმომადგენელია საგარეო პოლიტიკის. ვინაიდან ჩვენ უკვე გვაქვს განაცხადი, რომ ევროკავშირი არის ჩვენი სამიზნე, ამ მიმართულებით მას უნდა შეეძლოს ევროპელ ლიდერებთან, როგორც ტოლ-სწორებთან, ურთიერთობა, მოაზროვნე უფრო უნდა იყოს, ვიდრე, მაგალითად, მაღალი დონის პოლიტიკოსი. არჩევანი რომ მქონდეს გასაკეთებელი, ვინ – პოლიტიკოსი თუ მაღალი დონის მოაზროვნე – რასაკვირველია, მე არჩევანს ამ უკანასკნელზე გავაკეთებდი.
მე მაინც მგონია, რომ მოღვაწე უნდა იყოს, რომელიც არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული. პრეზიდენტი, რომელიც ყველას პრეზიდენტი იქნება და არა მხოლოდ რომელიმე ერთი პარტიის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრ ენაზე უნდა საუბრობდეს, უშუალო კონტაქტი, რომ დაამყაროს დასავლეთის ლიდერებთან.
ვიღაცამ შეიძლება თქვას, დიმიტრი გელოვანი ხომ არ უნდა ავირჩიოთ?! არა, ბატონებო, სრულიად თავისუფლად შეიძლება, ასეთი ადამიანი საქართველოში მოიძებნოს.
– სალომე ზურაბიშვილზე რა აზრის ხართ?
– ჩემი აზრით, საქართველოს პრეზიდენტმა ქართული კარგად უნდა იცოდეს და ის, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს. სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა და პენსიას საფრანგეთის სახელმწიფო უხდის.
– ოპოზიციამ რომ წაიღოს ეს პოსტი, როგორც ივანიშვილმა თქვა?
– მე ზეპარტიულ კანდიდატზე ვსაუბრობ, რომელიც არც ერთი პარტიის წევრი არ იქნება. ჩემთვის ეს იქნებოდა იდეალური ვარიანტი. უკვე დასახელებული ოპოზიციური კანდიდატები, მაგალითად, გრიგოლ ვაშაძე, არ არის ჩემთვის კარგი კანდიდატურა, არც დავით ბაქრაძე. რაღაც უღიმღამოდ ჟღერს.
– გიორგი მარგველაშვილზე რას იტყვით, თუ მან მეორე ვადით იყარა კენჭი?
– გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებს მეორე ვადითაც მოიგებს იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი მართლაც სალომე ზურაბიშვილი იქნება ან მას დაუჭერს მხარს.
ისე, ეს საპრეზიდენტო არჩევნები ერთგვარად ლაკმუსის ქაღალდი იქნება. ეს არჩევნები, რომელიც ბოლო პირდაპირი არჩევნებია, ერთი ეტაპის დამამთავრებელი არჩევნები იქნება. ალბათ ქართული პოლიტიკური რეალობა ახალ ათვლას უკვე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყებს.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა