მკვლელობამდე მალხაზ კობაური ლორა სმიტს უთვალთვალებდა და ფოტოებს უღებდა – ადგილობრივები მწყემსის ჩაქოლვას აპირებდნენ

მკვლელობამდე მალხაზ კობაური ლორა სმიტს უთვალთვალებდა და ფოტოებს უღებდა - ადგილობრივები მწყემსის ჩაქოლვას აპირებდნენპროკურატურას სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის ტელეფონი და სხვა მწყემსების ჩვენებები, აქვს, სადაც დაკავებული მწყემსის ბრალეულობა ნათლად იკვეთება. ეკონომისტი ირაკლი ლატარია „რეზონანსთან“ ყვება, რომ ადგილობრივი მწყემსების ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილს ტელეფონში გარდაცვლილი ლორა სმიტის ფოტოები ჰქონდა და ის მათ აჩვენებდა, თითქოს მისი მეგობარი გოგო იყო.მწყემსებმა გარდაცვლილი ქალი მას შემდეგ ამოიცნეს, რაც მათთან პოლიცია მივიდა და დაკარგული ოჯახის შესახებ ინფორმაცია ჰკითხა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მწყემსი ოჯახის დახოცვამდე ქალს უთვალთვალებდა და ფოტოებს უღებდა.

ლატარიას თქმით, მას მამაკაცის სხეული იქვე ჰქონდა გადამალული და კვალის არევის მიზნით, როდესაც ქალის ცხედარი აღმოაჩინეს, ქმრის გვამი ღამით ჩანჩქერთან მიიტანა; ადგილობრივებმა საკუთარი ყურით უსმინეს, როგორ ყვებოდა დეტალურად ოჯახის დახოცვის ისტორიას. მწყემსები ვარაუდობენ, რომ ეს იყო სექსუალური მიზნით ჩადენილი დანაშაული და არ გამორიცხავენ, რომ მას ლორა სმიტის გაუპატიურება სურდა. ადგილობრივი ახალგაზრდები შეიკრიბნენ და მწყემსის ჩაქოლვას აპირებდნენ, რის გამოც პოლიციამ თავიდან მისი დაკავების ამბავი დამალა. მოგვიანებით კი ის ხეობიდან სამართალდამცველებმა ჩუმად გააპარეს.

„პროკურატურას აქვს საკმაო მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები, სადაც მწყემსი ბიჭის ბრალეულობა აშკარა და უტყუარია. როგორც ადგილობრივი მწყემსები ყვებიან, მათ დაკავებული თავის ტელეფონში ლორა სმიტის ფოტოებს უჩვენებდა და ამბობდა, ნახეთ რა ლამაზი ქალი მყავსო. ხოლო მათ ქალი მას შემდეგ ამოიცნეს, რაც მათთან პოლიცია მივიდა და დაკარგული სმიტების ოჯახის ფოტოები აჩვენა.

“მწყემსები ვარაუდობენ, რომ ის ლორა სმიტს უთვალთვალებდა და ფოტოებს უღებდა. მათი აზრით, ეს იყო სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული და მან მთელი ოჯახი ამის გამო ამოხოცა. ადგილობრივები ამბობენ, რომ, სავარაუდოდ, მამაკაცის დამარხვას აპირებდა, თუმცა ვერ მოასწრო, ამიტომაც კვალის არევის მიზნით ის ღამე ჩანჩქერთან მიიტანა. პროკურატურას ძალიან ბევრი მტკიცებულებები აქვს, თუმცა მის გამოქვეყნებას ჯერჯერობით ერიდება. ხეობაში ეჭვი არავის ეპარება, რომ ის მარტო მოქმედებდა და მთელი ოჯახი მან ამოწყვიტა“, – აცხადებს „რეზონანსთან“ ლატარია.