მთავარ პროკურორად შალვა თადუმაძის კანდიდატურა განიხილება

მთავარ პროკურორად შალვა თადუმაძის კანდიდატურა განიხილებაამ დრომდე უცნობია, ვის დაასახელებს “ქართული ოცნება” მთავარი პროკურორის კანდიდატად. მმართველმა გუნდმა მთავარი პროკურორის კანდიდატურასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში უნდა მიიღოს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ქართულმა ოცნებამ” მთავარი პროკურორობის კანდიდატად შესაძლოა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, შალვა თადუმაძე დაასახელოს. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, გუნდში ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა არ გამართულა.

გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ “ქართული ოცნება” საზოგადოების მოთხოვნას არ გაიზიარებს და ბიძინა ივანიშვილი მთავარ პროკურორად მისთვის სასურველ პირს დანიშნავს.

საპარლამენტო ოპოზიცია შალვა თადუმაძეს ბიძინა ივანიშვილის კადრადმოიხსენიებს.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მდივანი, თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად სწორედ პროკურატურა და შს სამინისტრო სჭირდება.

„შალვა თადუმაძე არის პირადად ივანიშვილის კადრი და, შესაბამისად, ეს ამტკიცებს იმას, რომ მთელი ეს საუბარი, ვითომდა „ქართული ოცნება“ აპირებდა დამოუკიდებელი გენერალური პროკურორის დანიშვნას, იყო სრული ფარსი. იმიტომ, რომ ივანიშვილს სჭირდება მის მიერ პირდაპირ კონტროლირებადი პროკურატურა და გახარიას უწყება, იმიტომ, რომ ამ ორი უწყების მეშვეობით აკეთებს ის ყველაზე შავ საქმეს, რაც სჭირდება მას ძალაუფლების შენარჩუნებისთვის,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.

საზოგადოებას და მმართველ გუნდს მთავარ პროკურორად კვლავ შალვა შავგულიძის კანდიდატურას სთავაზობს “ევროპული საქართველო”.

„შალვა თადუმაძე იყო ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ადვოკატი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, დღეს არის მთავრობის საპარლამენტო მდივანი, ის არის უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრი და ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ არა ივანიშვილის მორიგი იურისტი, არამედ საზოგადოების ფართო წრეებისთვის მისაღები პირი გავამწესოთ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე,“ – განაცხადა ოთარ კახიძემ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე არ აკონკრეტებს განიხილება თუ არა შალვა თადუმაძის კანდიდატურა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე.

რუსთავი 2