ნუკრი ქანთარია – “გულუბრყვილობა მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილმა დავით ჭიჭინაძის გარიცხვა არ იცოდა და ეს ამ ხუთმა კაცმა გადაწყვიტა”

ნუკრი ქანთარია - "გულუბრყვილობა მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილმა დავით ჭიჭინაძის გარიცხვა არ იცოდა და ეს ამ ხუთმა კაცმა გადაწყვიტა"“ქართული ოცნების” წარმომადგენელი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში “ქართულ ოცნებაში” განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.
– ბატონო ნუკრი, საპრეზიდენტო არჩევნებზე მინდა გკითხოთ, რატომ ვერ ასახელებს “ქართული ოცნება” საპრეზიდენტო კანდიდატს და პრეზიდენტი მარგველაშვილიც რატომ ვერ იღებს აქამდე გადაწყვეტილებას, იყაროს თუ არა მეორე ვადით კენჭი?
– გიორგი მარგველაშვილს აქამდე ალბათ იმიტომ არ მიუღია გადაწყვეტილება, რომ ჯერ ჩვენ არ მიგვიღია გადაწყვეტილება. ერთმანეთს ველოდებით. თუმცა, სულ რაღაც ორი კვირა არის დარჩენილი და ამ ვადებში ყველა უნდა ჩაეტიოს. ბუნებრივია, ერთ ან ორ კვირაში ყველაფერი ცნობილი გახდება, რადგან ვადები იწურება. ისე, რაღაც კომიკური სახეც კი მიიღო ამ ყველაფერმა.
– რას გულისხმობთ?
– 10 ოპოზიციური პარტიის გაერთიანებას, გაერთიანებულ ოპოზიციას რომ უწოდებენ თავს. ამ შემთხვევაში ჟანრი აბსოლუტურად კომედიურია. ბევრი დამოუკიდებელი კანდიდატიც იქნება, თუმცა, ისინი კანდიდატად დასარეგისტრირებელ ხმებასაც კი ვერ მოიპოვებენ.
– მართალია, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნება “ქართული ოცნების” კანდიდატი?
– ვერ გეტყვით, მე არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია. ერთი ვიცი, რომ მას ადრე ამის სურვილი ჰქონდა, მაგრამ მაშინ ორმაგმა მოქალაქეობამ შეუშალა ხელი. შინაგანად არ მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილს ეს სურვილი გამქრალი ჰქონდეს.
– იყო ამაზე გუნდში საუბარი?
– ისე, რომ უმრავლესობა შეკრებილიყო და ამაზე გვემსჯელა, ასე ნამდვილად არ ყოფილა. არც პოლიტსაბჭოს უმსჯელია.
– აბა რა დონეზე იყო?
– რაღაც საუბრები შეიძლება ჩატარდა. ვერ გეტყვით, ამას ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ. სულ რამდენიმე დღე დარჩა და ყველაფერი გაირკვევა და ეს მარათონიც დაიწყება. თუმცა, პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ მისი ფუნქციები და მოვალეობები იცვლება.
სიმართლე გითხრათ, ცოტა მიჭირს გააზრება, თუ როგორ უნდა წარმართოს კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანია, რას უნდა დაპირდეს ხალხს, რომ ის იქნება პატიოსანი არბიტრი?! ამ დროს მოსახლეობას სულ სხვა რაღაცეები აინტერესებს. თუ მოიტყუებს, ეს მთლად უარესი. არ ვიცი, ძალიან მაინტერესებს, რაზე იქნება აგებული პრეზიდენტობის კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანია.
– ბატონო ნუკრი, ვიცე-სპიკერმა ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ დავით ჭიჭინაძის გარიცხვის საკითხი დღის წესრიგში დგას. რას იტყვით?
– ძალიან სამწუხარო ამბავია, როდესაც პარტიიდან ვინმე გაირიცხება. მართალია, ჭიჭინაძე თავის შეფასებებში მაღალი დიპლომატიური სტანდარტებით არასდროს გამოირჩეოდა, მაგრამ, ჩემი აზრით, ის მაინც ამომრჩეველზე მუშაობდა. მე ვიყავი მაჟორიტარი დეპუტატი და ვიცი, რასაც ნიშნავს მაჟორიტარობა, ცოტა სპეციფიურია. ის ალბათ ცდილობდა იმ ამომრჩევლის შენარჩუნებას, რომელმაც “ქართულ ოცნებას” ზურგი აქცია. ალბათ ეს იყო მისი აქცენტი. თუმცა, ერთი რამ ცხადია – თუ გუნდის წევრი ხარ, გარკვეული გეზი ერთიანად უნდა გატარდეს.
ადრე მსგავს საკითხებს, გასვლას, გარიცხვას, შემოსვლას და ა.შ. პარტიის პოლიტსაბჭო წყვეტდა.
– და არა სამდივნო, როგორც ამ შემთხვევაში?
– სამდივნო სულ სამი კაცი იყო. დებულებაში ალბათ ჩანაწერი არის და ალბათ მათ აქვთ ამის უფლება, არ ვიცი. ბიძინა ივანიშვილი იმისთვის არ დაბრუნებულა, რომ არ იცოდეს, პარტიაში ვინ შემოვა და ვინ გაირიცხება. ძალიან გულუბრყვილობა მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს არ იცის და ეს ამ ხუთმა კაცმა გადაწყვიტა.
ისე, დავით ჭიჭინაძემ თქვა, რომ თურმე 2012 წელს ჩემ გვერდით იდგა, როდესაც მე მაჟორიტარულ ოლქში კენჭს ვიყრიდი, რაც ნამდვილად არ მახსოვს. ჩემი შტაბის უფროსთანაც გადავამოწმე და მასაც არ ახსოვს. შეიძლება შორიდან მიჭერდა მხარს.
– ისე, გარიცხვაზე რას იტყვით, რამდენად მისაღებია თქვენთვის?
– ასეთი საკითხები ჯობია, რომ პოლიტსაბჭოზე იყოს გადაწყვეტილი. მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო უკეთესი ფორმაა, ვიდრე ის, რომ ჟურნალისტებიდან გაიგო, რომ პარტიიდან გაგრიცხეს. ჩვენ ადამიანები ვართ და, ბუნებრივია, რომ ეს არის ცოცხალი პროცესი, რაღაცეები მოგვწონს, რაღაც არა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რადგან ბიძინა ივანიშვილი თავის პარტიაში დაბრუნდა, სწორედ იმის გამო დაბრუნდა, რომ მან მართოს სიტუაცია. გარკვეული ეტაპზე მან აირჩია ხალხი, მიუხედავად იმისა, მე სასტარტო შემადგენლობაში ვარ თუ არ ვარ, ჩემი პოზიციები ყოველთვის ადეკვატური იყო და, ვფიქრობ, რომ ასეც გაგრძელდება.
– თქვენ რა პოზიცია გაქვთ დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის პროკურატურაში დაბარებასთან დაკავშირებით? პროკურატურამ უკვე დაადასტურა, რომ მისი დაბარების მიზეზი ფინანსები იყო, პროკურატურამ თქვა, რომ ძიება სწორედ ამ მიმართულებით მიმდინარეობს.
– ვინც უნდა იყოს, თუ გვინდა, სამართლებრივ სახელმწიფოში ვიცხოვროთ და ხელისუფლებასაც ეს იმიჯი ჰქონდეს, ბუნებრივია, ნებისმიერი ფაქტი უნდა იყოს გამოძიებული თუ ასეთი ეჭვი არსებობს. რა თქმა უნდა, ძალიან მეწყინება, თუ ეს სიმართლე აღმოჩნდება. ნამდვილად არ გამიხარდება. თუმცა, ჯობია, საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს, თუ ეს ყველაფერი რეალობაა, ვიდრე ის, რომ თვალი დავხუჭოთ.
პარტიის თავმჯდომარის პოზიციაცაა, რომ ამ მიმართულებით თუნდაც ერთმანეთის მიმართ თუკი ვიღაცას ხელი წაუცდა, დაუნდობლები უნდა ვიყოთ. მე ვფიქრობ, რომ გამოძიება აბსოლუტურად სამართლიანად წარიმართება და საზოგადოება რეალობას გაიგებს.
– პოლიტიკურ ინტერესებს გამორიცხავთ?
– არ მინდა, რომ ამგვარ რამეს ადგილი ჰქონდეს. ვფიქრობ, რომ ეს არის ეჭვები და ეს ეჭვები გამოძიებამ უნდა დაადგინოს, აქვს თუ არა მას რამე საერთო რეალობასთან და ხალხს სიმართლე უთხრას.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა