პაატა ზაქარეიშვილი – “მინისტრის მანქანიდან ისევ მეტროში რომ ჩავედი, გავოგნდი სიღარიბის დონით. 2012 წელს ასე ღარიბი არ იყო ხალხი”

“ახალი თაობის” კითხვებს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი პასუხობს.
– ბატონო პაატა, თქვენ “ქართული ოცნების” მთავრობის წევრი იყავით. დღეს ბევრი კრიტიკა ისმის “ოცნების” მისამართით. ქაოსი, შიდა დაპირისპირებაა გუნდში. როგორია თქვენი შეფასებები?
– იმ ძველი მთავრობიდან, რომლის წევრიც მეც გახლდით, მხოლოდ ორი მინისტრია, წულუკიანი და სერგეენკო, დანარჩენი ყველა ახალია და მათზე მეც იმდენი ვიცი, რაც დანარჩენმა საზოგადოებამ. პრობლემები მართლაც არის. კარგი მთავრობა არ ნიშნავს იმას, რომ უკეთესი იყო ნაციონალურ მოძრაობაზე. სხვა ბევრი რამაა საჭირო. სტაბილურობის და მდგრადობის განცდა უნდა იყოს საზოგადოებაში.
– ეს ყველაფერი არ არის?
– პოლიტიკური მდგრადობა არ არის. ივანიშვილის დაბრუნება ვერც ვერავინ შეამჩნია. ახლა ამ გამოსვლით, შესაძლოა, რაღაც სიცხადე შემოიტანოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ცხადია, რომ ის ძალიან ადრე წავიდა პოლიტიკიდან და ძალიან გვიან დაბრუნდა. თუ წამსვლელი იყო, ცოტა მოგვიანებით უნდა წასულიყო და თუ დამბრუნებელი იყო, ცოტა ადრე უნდა დაბრუნებული. ის დროში აცდა წასვლასაც და უკან შემობრუნებასაც. პრაქტიკულად ამან შექმნა გარკვეული რყევები, რაც გამოიყენეს სხვებმა “ქართულ ოცნებაში”.
– შიგნით გუნდში?
– დიახ, რაღაც ახალი დაჯგუფებები შეიქმნა. ეს ბუნებრივი მოვლენაა, როცა სისტემა არ არსებობს, შემდეგ ის თავისებურად ლაგდება. თუ ყანაში სიმინდს არ თესავ, იქ სარეველა ამოდის. ეს ხომ ბუნებრივი პროცესებია. ვაკუუმი არ არსებობს, რაღაცა პროცესები მაინც მიმდინარეობს. ან შენ მართავ პროცესებს, ან პროცესები გმართავს შენ! მესამე ვარიანტი არ არსებობს.
ამ ფონზე პროცესებმა დაიწყო მართვა იგივე “ქართულ ოცნებაში”, რამაც გაუჩინა განცდები წარმატებისა ოპოზიციურ ძალებს. საკმაოდ დისკრედიტებულ და მარგინალურ ძალას, როგორიც ნაციონალური მოძრაობაა, ან ევროპული საქართველო.
– მათ რა განცდები გაუჩნდათ, რომ უკან დაბრუნდებიან?
– დიახ, მათ გაუჩნდათ მოლოდინი, რომ შეუძლიათ რომ დაბრუნდნენ უკან და თავისი დანაშაულებრივი პოლიტიკა გააგრძელონ, რაც ყოვლად დაუშვებელია.
– ეს მოლოდინი რამ გაუჩინა, ხელისუფლების სისუსტემ?
– რა თქმა უნდა, სისუსტემ. მე თუ მკითხავთ, რა განსხვავებაა ნაციონალურ მოძრაობასა და “ქართულ ოცნებას” შორის, ნაციონალურ მოძრაობას შევადარებდი პროფესიონალ მკვლელებს, რომლებმაც კარგად იციან, როგორ უნდა მოკლან, როგორ გაანადგურონ, როგორ დაანგრიონ. ხოლო “ქართულ ოცნებას” შევადარებდი არაპროფესიონალ მშენებლებს, რომლებმაც არ იციან, როგორ აშენონ.
იმათ ბოროტების რესურსი ჰქონდათ უნიკალური, იცოდნენ, როგორ უნდა ჩაედინათ ბოროტება.
– “ოცნებას” რისი რესურსი აქვს?
– ამათში არის სიკეთის ნიშნები, მაგრამ არ იციან, როგორ აკეთონ ეს სიკეთე, იმიტომ, რომ არ არიან პროფესიონალები. ჩვენ მესამე ვარიანტი გვჭირდება – კეთილი პროფესიონალები, რომლებიც არ არიან ამ სიტუაციაში.
ეს მთავრობა არ არის ჩამოყალიბებული პოლიტიკურ ხედვებში. ძალიან ბევრი რამ არ იციან. თუ ჩვენ დემოკრატიისკენ მივდივართ, მაშინ ეს სწორი გზა არ არის. ასე აკეთებდა ნაციონალური მოძრაობა, რომელიც მიდიოდა ავტორიტარიზმისკენ.
გაურკვეველი სიტუაციაა, არც ავტორიტარიზმისკენ მიდიან, მაგრამ ეს არც დემოკრატიაა. ლაქები ჩნდება სახელმწიფოს სხეულზე, რაც ბევრ კითხვას ბადებს. ნაცმოძრაობა ჩამოყალიბებული და იცოდა, რომ ავტორიტარული მართვა სურდა, ესენი კი ჩამოყალიბებულები არ არიან და არ იციან, რა უნდათ. აი, ესაა მათ შორის პრინციპული განსხვავება.
– ამით ჩანს “ოცნების” ხელისუფლების არაპროფესიონალიზმი?
– რა თქმა უნდა. ესენი არაპროფესიონალები არიან ქვეყნის მართვაში. შეიძლება კარგად იციან, ტურიზმი რა არის, კარგად იციან, ბიზნესის მართვა რა არის, იციან სხვადასხვა ეკონომიკური სფეროები, მაგრამ ჯამში ეს არაფერს არ იძლევა, არ იძლევა პოლიტიკას.
– რას ფიქრობთ ახალ პრემიერ-მინისტრზე, ახალ გუნდზე, რამდენად შეძლებენ შექმნილი ვითარების გამოსწორებას?
– ასეთი ღრმა მინუსების ფონზე არცერთ პრემიერ-მინისტრს არ დაუწყია მუშაობა, იგივე ნაციონალური მოძრაობიდან მოყოლებული. თავად ბიძინა ივანიშვილიც დადებითი კონტექსტით მოვიდა, ის ცნობადი სახეც იყო. ბახტაძე მოდის უარყოფითი კონტექსტიდან. მან ორი უდიდესი შეცდომა დაუშვა.
– რომელ შეცდომებს გულისხმობთ?
– მაშინ, როცა მთელმა ქვეყანამ ზურგი შეაქცია ნაციონალურ მოძრაობას და ხმის მიცემასაც არ აპირებდა მისთვის, ეს ადამიანი არამარტო ხმას აძლევდა, არამედ ფულსაც აძლევდა. ანუ ის საერთოდ აზრზე არ იყო, რა ხდებოდა ქვეყანაში 6 წლის უკან და 6 წელი დიდი დრო არ არის.
– დიდი დრო რისთვის?
– ასე მალე აზრზე ვერ მოვიდოდა. ეს ერთი და მეორე, მან აღიარა, ეს ჩემი ფული კი არ იყო, უბრალოდ ჩემი ანგარიშით გადარიცხესო. ეს კიდევ უარესი, ანუ მან დაადასტურა, რომ ნაციონალების დროს კორუფცია იყო და ამ კორუფციაში თვითონ მონაწილეობდა. ამაზე კი ხმა არც ნაცმოძრაობამ ამოიღო და არც – ევროპულმა საქართველომ.
ასეთი აღიარებების შემდეგ პრემიერ-მინისტრები თანამდებობებიდან მიდიან, კი არ მოდიან!
– ანუ უარყოფითია თქვენი შეფასებები ბახტაძის მიმართ?
– პიროვნულად მის მიმართ მე არც დადებითი გამაჩნია რაიმე და არც – უარყოფითი. მე ვსაუბრობ ფაქტებზე. გამიხარდება, თუ ის კარგი პრემიერი იქნება. მე მართლა ვგულშემატკივრობ “ქართულ ოცნებას” და მინდა, რომ წარმატებულები იყვნენ და გამოასწორონ ის დანაშაულებრივი შეცდომები, რაც დაუტოვა მათ ნაციონალურმა მოძრაობამ.
– კვირიკაშვილზე რას იტყვით?
– პირადად მე ჩემი პრეტენზიები მაქვს კვირიკაშვილთან, მაგრამ ვერ გავიგე, რატომ გაუშვეს. ეკონომიკური აღმავლობა იყო და ამ დროს ერთ ეკონომიკის მინისტრს ცვლიან მეორეთი. მე კი ვხვდები, რაშიცაა საქმე და მე მომწონს ეს, მაგრამ ეთქვათ ეს, რომ ხალხსაც გაეგო. ეს ცვლილებები მოხდა მას შემდეგ, რაც ივანიშვილი დაბრუნდა პარტიის თავმჯდომარედ და მას ამის განხორციელების უფლება მიეცა.
– რა არ მოსწონდა კვირიკაშვილის საქმიანობაში ივანიშვილს?
– მას არ მოეწონა, როდესაც ქვეყანა მდიდრდებოდა და ეს სიმდიდრე არ ნაწილდებოდა საზოგადოებაზე. ღარიბები უარესად ღარიბდებოდნენ და ვინც ისედაც მდიდარი იყო, კიდევ უფრო მმეტი ფული იშოვა.
ერთ პატარა ისტორიას მოგიყვებით. მეც ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ, არ მყავს ავტომობილი და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვსარგებლობ. როცა გავხდი მინისტრი, ბუნებრივია, მანქანა მემსახურებოდა და არ ვიყავი ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 4 წელი პაუზა მქონდა. 4 წლის შემდეგ რომ ჩავედი ისევ მეტროში, გავოგნდი სიღარიბის დონით! პატარა ბავშვი რომ სახლში იზრდება, შენ თვალწინ, ვერ ხვდები, როგორ იზრდება, მაგრამ საკმარისია, ერთი წელი არ ნახო, მიხვდები, როგორ გაიზარდა.
– ამ ოთხმა წელმა ბევრი რამ შეცვალა?
– მე ამ ოთხ წელიწადში მივხვდი, რომ სიღარიბე, რომელიც იყო 2012 წლისთვის, 2016 წელს კიდევ უფრო მეტად გაღრმავდა. დავინახე, რომ ღარიბი ხალხი კიდევ უფრო მეტად გაღარიბდა. ეს დაინახა ივანიშვილმაც და მიხვდა, რომ თუ ქვეყანა მდიდრდება, არ უნდა მდიდრდებოდნენ მხოლოდ ბანკირები. თვალშისაცემი კაპიტალიზმი წამოვიდა.
– ეს საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის?
– ეს განვითარებულ ქვეყნებში ცუდი არ არის, მაგრამ თუ პარტიას პრეტენზია აქვს სოციალისტურობაზე და “ქართული ოცნება” თავს იწონებს თავის სოციალისტურობით და როცა სოციალისტური პარტია გყავს ხელისუფლებაში, ბანკირები არ უნდა მდიდრდებოდნენ! ეს პარადოქსია! ხოლო როცა კვირიკაშვილი გადადგა, მან თავი მოიწონა, უკაცრავად, მე მემარჯვენე რეფორმებს ვატარებდიო. მან კიდევ უარესი თქვა. შე კაი კაცო, ე.ი. შენ არც კი იცი, რა პარტიის თავმჯდომარე იყავი?! თავმჯდომარე ატარებს მემარჯვენე რეფორმებს და არც კი იცის, რომ პარტია სოციალისტურია?!
– აქ მოხდა დაჯახება?
– მე მგონი, სწორედ აქ მოხდა დაჯახება. ორი იდეოლოგია შეეჯახა ერთმანეთს ერთ პარტიაში. ვფიქრობ, ივანიშვილმა გამოიჩინა გონიერება და მიხვდა, რომ სიტუაცია არასწორად მიდიოდა და საკმაოდ უხეში ფორმებით გაუშვა კვირიკაშვილი. როდესაც ინფრასტრუქტურის მინისტრი შეიცვალა და დაინიშნა ჩემთვის ღრმად პატივსაცემი მაია ცქიტიშვილი, მაშინ მივხვდი, რომ რაღაცაში იყო საქმე. ისე არ დაინიშნებოდა. აქედან იწყება ახალი პროცესი “ქართულ ოცნებაში”.
– რა პროცესი?
– ვისაც აინტერესებს, როდის დაიწყო ახალი პროცესები ხელისუფლებაში, მაშინ, როდესაც დაინიშნა მაია ცქიტიშვილი ინფრასტრუქტურის მინისტრად. სულ სხვა პროცესები წავა და ამას ყველა ნახავს.
– შესაძლოა, პრეზიდენტადაც ვიხილოთ ცქიტიშვილიო.
– ძალიან გამიხარდება, თუმცა პრეზიდენტობა საქართველოში უფრო ცერემონიალურია და საგარეო ურთიერთობებზეა ორიენტირებული, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის პოსტი მაღალი თანამდებობაა, მირჩევნია, რომ მაია ცქიტიშვილს მთავრობაში ვხედავდე, თუნდაც პრემიერ-მინისტრად.
– ივანიშვილის გაპრეზიდენტებაზე რას ფიქრობთ?
– ეს ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა. თუმცა მეეჭვება, რომ დათანხმდეს. თუ დათანხმდება, ვიტყვი, რომ ძალიან კარგი ვარიანტია. ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ ერთ შემთხვევაში დათანხმდებოდა.
– რა შემთხვევაში?
– თუ ოპოზიცია იქნებოდა ერთიანი და ეყოლებოდა ერთი ძლიერი კანდიდატი. თუმცა ამ პროცესმა ჩაიარა. ნაცმოძრაობამ თავის კანდიდატი წამოაყენა, ევროპულმა საქართველომ – თავისი, აშკარაა, რომ ნათელაშვილი თავის კანდიდატურს წამოაყენებს. ასევე მარგველაშვილ-უსუფაშვილს შორის მიმდინარეობს გარკვეული კონსულტაციები.
ამ არჩევნებში ცალსახად მაინც “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს. ამაში ორი აზრი არ არსებობს. ამ არჩევნებში მე ვერ ვხედავ ვერანაირ ინტრიგას. ერთადერთი ინტრიგა ამ არჩევნებში არის ის, რომ “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს პირველ ტურში, თუ იქნება მეორე ტური.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

გაზიარება:

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018