პაპუაშვილი კულტურის მინისტრის მოადგილეს დაუპირისპირდა – “გეტყობათ, ვერ დამინახეთ კარგად და გეუბნებით, დაინტერესდით”

პაპუაშვილი კულტურის მინისტრის მოადგილეს დაუპირისპირდა - "გეტყობათ, ვერ დამინახეთ კარგად და გეუბნებით, დაინტერესდით"განათლებისა და სპორტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი კულტურის მინისტრის მოადგილეს გიორგი ბაქრაძეს დაუპირისპირდა. პაპუაშვილმა გიორგი ბაქრაძეს რუსთაველის თეატრში მომხდარ ფაქტზე რეაგირება მოსთხოვა. დეპუტატის ინფორმაციით, რუსთაველის თეატრის ყოფილმა დირექტორმა ირინა ყიასაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას რუსთაველის თეატრის კომერციული დირექტორი ცარიელ ბლანკზე ხელის მოწერას აიძულებდა.
„ყიასაშვილმა ასეთ დანაშაულებრივ ქმედებაზე უარი თქვა და იძულებული გახადეს, თანამდებობა დაეტოვებინა. ამ საკითხით დაინტერესდით, სანამ მე ძალიან დავინტერესდი. ეს არის კრიმინალი. დაადგინეთ ეს კრიმინალი და რასთან იყო დაკავშირებული. ეს ვილაპარაკე თხლად, ლამაზად. ეს თქვენს კომპეტენციაშია და საგამოძიებო ორგანოებს მიმართეთ. დეპუტატი გელაპარაკებით. ადამიანი ხელს აწერინებდა და მერე რასაც უნდა, იმას აკეთებდა. ამ საკითხით ვინ უნდა დაინტერესდეს, მე თუ თქვენ? გეტყობათ, ვერ დამინახეთ კარგად და გეუბნებით, დაინტერესდით. ეს ქცევა კრიმინალია გაქანებული“, – მიმართა ბაქრაძეს პაპუაშვილმა.
პაპუაშვილს მინისტრის მოადგილემ უპასუხა და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მასთან არაერთხელ ისაუბრა.
„საკითხი რუსთაველის თეატრში არსებულ ფაქტს ეხება, ამ საკითხზე შიდა მოკვლევა განხორციელდა. აუდიტის დასკვნა არსებობს. თუ სისხლის სამართლებრივ ფაქტს ადგილი ექნებოდა, საქმე გადაგზავნილი იქნებოდა. შეგიძლიათ, გამოითხოვოთ საჯარო ინფორმაცია. ფაქტზე რეაგირება მოხდენილია. ეს საკითხი განათლების კომიტეტთან ურთიერთობის ფარგლებში იქნა განხილული. ეს საკითხი შიდა აუდიტმა მოიკვლია. სისხლის სამართლის დანაშაულის გამოკვეთის შემთხვევაში, ეს შესაბამის ორგანოებში იქნებოდა გადაგზავნილი. დამატებითი საკითხები პაპუაშვილთან გაიარეთ“, – განაცხადა ბაქრაძემ.