“პოლიციელი ივანე ჯავახიშვილი პოლიციელებმა ცემეს და სამხრეები ჩამოაგლიჯეს”

"პოლიციელი ივანე ჯავახიშვილი პოლიციელებმა ცემეს და სამხრეები ჩამოაგლიჯეს"დაცვის პოლიციის თანამშრომელი გენერალური ინსპექციის თანამშრომლებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს – ივანე ჯავახიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს შსს-ს თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინციდენტში გენინსპექციის რამდენიმე თანამშრომელი მონაწილებდა, რომლებმაც ჯავახიშვილს ფორმიდან სამხრეები ჩამოახიეს.

ჯავახიშვილი სამართალდამცველებმა უწყებაში დისციპლინური სამართალწარმოების გამო დაიბარეს, რადგან დაწყებულია გამოძიება მისი მხრიდან მეუღლის მიმართ მუქარაზე.

„კონფლიქტური სიტუაცია ჰქონდა მეუღლესთან, მაგრამ არავითარი ისეთი. რამდენიმე დღის წინ შეტყობინება მიიღო საპატრულო პოლიციამ თითქოს უთანხმოებაა და მერე ისევ შერიგდნენ. პიროვნება, რომელიც გენერალურ ინსპექციაშია, იბარებს მას გენერალურ ინსპექციაში, 10-მდე შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები ახორციელებენ მასზე ფიზიკურ ძალადობას. ფორმა შემოხეული აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ნაცემია. ხარისხსაც აღარ აქვს მნიშვნელობა იმდენი, აქ სამოხელეო დანაშაულია,“-აცხადებს ადვოკატი თეიმურაზ მაგრაქველიძე.

ბრალდებას უარყოფენ შსს-ში და განმარტავენ, რომ ჯავახიშვილი თავად იქცეოდა აგრესიულად, საკუთარი ხელით დაიხია სამხრეები და მოითხოვა შენობის დატოვება. საქმეზე გამოძიება თბილისის პროკურატურამ დაიწყო.