რამაზ საყვარელიძე – “ალეკო ელისაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებზე შანსები ექნება”

რამაზ საყვარელიძე - "ალეკო ელისაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებზე შანსები ექნება"პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საპრეზიდენტო არჩევნებსა და საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგებზე საუბრობს.
– ბატონო რამაზ, ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ თუ სალომე ზურაბიშვილს გაუმზადებენ ტახტს, მე აუცილებლად ჩავერთვები ბრძოლაშიო. რა შანსები აქვს ელისაშვილს?
– სალომე ზურაბიშვილი არის მისთვის ის წითელი ნაჭერი, რომლის აფრიალების შემთხვევაში მიიღებს ამ გადაწყვეტილებას?! მაგალითად, ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველი, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი თუ ჩაერთო, მაშინ უარს იტყვის?!
ალეკო ელისაშვილი ნამდვილად არის დამოუკიდებელი კანდიდატი და მას აქვს ის ხიბლი, რასაც მართლაც ჰქვია უპარტიო, ზეპარტიული კანდიდატი და ის ნამდვილად იქნება ერთ-ერთი ძლიერი კანდიდატი. ჩვენ ვნახეთ, თბილისის მერის არჩევნებში როგორ უკან მოიტოვა ყველა და როგორი მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აიღო. თბილისის არჩევნებში, კალაძის წინააღმდეგ, უზარმაზარი პარტიული რესურსის წინააღმდეგ იმ შედეგის დადება, რაც ელისაშვილმა მაშინ დადო, არ იყო პატარა ამბავი. ამიტომ არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ მე მის განაცხადს ველოდი.
– ელისაშვილი მარგველაშვილს მოუწოდებდა მეორე ვადით კენჭისყრისკენ. მისი პოზიციის შეცვლა ივანიშვილის განცხადებას უკავშირდება?
– ერთ-ერთი სერიოზული ბიძგი ბიძინა ივანიშვილის განცხადება იქნებოდა. მე არ გამოვრიცხავ, რომ ასეთივე ბიძგი აღმოჩნდეს ივანიშვილის განცხადება ბევრი სხვა დამოუკიდებელი კანდიდატისთვის.
– ელოდებით დამოუკიდებელ კანდიდატებს?
– დიახ. მე არ გამოვრიცხავ, რომ დამოუკიდებელი კანდიდატების რიგი დადგეს. ამას ივანიშვილის განცხადებამ მისცა ბიძგი.
– ელისაშვილს რა შანსები აქვს საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ადგილობრივი არჩევნებისგან განსხვადება?
– თქვენ სწორი აქცენტი გააკეთეთ. ელისაშვილი მე არ გამოვრიცხავ, რომ მართლაც კარგი მერი ყოფილიყო, მან იცის თბილისი და, რაც მთავარია, უყვარს თბილისი, მაგრამ ქვეყნის პრეზიდენტობა მაინც სხვაა. თანაც საგარეო პოლიტიკა უნდა წარმართოს. თუ ელისაშვილი ამ ბრძოლაში შევა, მას სრულიად ახალი უნარის გამოვლენა მოუწევს, რომ მას მსოფლიო პოლიტიკის შესახებ საუბრისას შეუძლია ისევე იყოს დამოუკიდებელი, როგორც, მაგალითად, იყო დამოუკიდებელი თბილისის ძეგლების დაცვისას.
ამიტომ, როდესაც ის მარგველაშვილს მოუწოდებდა, რომ კენჭი ეყარა და მას უცხადებდა ნდობას და მასზე დებდა ფსონს, ალბათ სწორედ ამ მიზეზით იყო განპირობებული. თუმცა, ერთი უდავო ხიბლი, რაც ალეკო ელისაშვილს აქვს, ეს მისი სახალხოობაა. ის ნამდვილად არის “ხალხური” ფიგურა ქართულ პოლიტიკაში. მასზე ხალხი ფიქრობს, რომ ის ჩვენიანია, ასეთად აღიქმება ის.
ეს ნამდვილად არის პოლიტიკაში ძალიან სერიოზული პლუსი, როდესაც ხალხი, როგორც შენიანს, ისე გიყურებს, როდესაც შენსა და საზოგადოებას შორის ხიდები არ არის საჭირო, რადგან ერთ მხარეს ხართ. ეს სერიოზული კაპიტალია და ამ კაპიტალს ალეკო ალბათ გამოიყენებს. ამ სტილის გამო მას ძალიან დიდი შანსი აქვს.
– თქვენ თქვით, რომ დამოუკიდებელი კანდიდატების რიგს ელოდებით.
– დიახ, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთი მნიშვნელოვანი რამ შეიძლება მოხდეს, როგორც ეს, მაგალითად, ოპოზიციის შემთხვევაში მოხდა.
– რას გულისხმობთ?
– ბევრი უპარტიო კანდიდატის შემთხვევაში ხმები გაიყოფა.
– მეორე ტურის ალბათობაზე საუბრობთ?
– დიახ, მაგრამ ამ შემთხვევაში წინასწარ ამაზე საუბარი შეუძლებელია, რადგან ძალიან ბუნდოვანია თამაში. ივანიშვილის ვერსიით, რომ მმართველ პარტიას კანდიდატი არ ჰყავდეს და კიდევ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ეს ნამდვილად შექმნის უნიკალურ სიტუაციას.
მაგალითად, “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, მხარი რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს, მაგრამ რა იგულისხმება მხარდაჭერაში – ადმინისტრაციული რესურსის ამოქმედება, ფინანსური რესურსით მხარდაჭერა თუ მხოლოდ ისე, სიტყვიერი მხარდაჭერა და სახელმწიფო მანქანის, პარტიული რესურსის გაჩერება?! ამ შემთხვევაში ეს არის მნიშვნელოვანი, პარტიული მანქანა ვინმეზე იმუშავებს თუ გაჩერდება.
თუ მანქანა ამოქმედდება, მაშინ გაიმარჯვებს ის, ვიზეც ეს რესურსი იმუშავებს. თუ არადა, თუ არავისზე იმუშავებს, მაშინ გაიმარჯვებს ის, ვისაც აქვს გამართული პარტიული რესურსი და ვისი ამომრჩევლის მობილიზებაც მოხდება, ამ შემთხვევაში მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი.
ნაციონალური მოძრაობა 15%-ს ყველა შემთხვევაში აიღებს. 27% -იანი “ქართული ოცნება” თუ გაჩერდება, სხვები რა შედეგს დადებენ, ხომ არ არის რთული გამოსაცნობი?! ამიტომ ვამბობ, რომ სიურპრიზებით სავსე არჩევნები გველოდება. ამ პასიანსში ძალიან აჭრილია კარტები.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა