რატომ მოუხსნა მურმან დუმბაძემ ნაციონალებს წყევლა – “ივანიშვილის და მარგველაშვილის დაპირისპირება თამაშია”

რატომ მოუხსნა მურმან დუმბაძემ ნაციონალებს წყევლა - "ივანიშვილის და მარგველაშვილის დაპირისპირება თამაშია"რატომ შეურიგდა ნაციონალებს და მოუხსნა თუ არა მათ წყევლა, რა დაღუპავს “ქართულ ოცნებას”, რითი დააშინა ივანიშვილმა მარგველაშვილი? – ამის შესახებ “ახალ თაობას” “ემსახურე საქართველოს” ლიდერი მურმან დუმბაძე ესაუბრება.
– 2012 წლის არჩევნების წინ, თქვენ საჯაროდ დაწყევლეთ ნაციონალური მოძრაობა. 6 წლის თავზე კი მათ გვერდით დადექით და ხალხს იმ პარტიის კანდიდატის შემოხაზვისკენ მოუწოდებთ, რომლისთვის ხმის მიცემის შემთხვევაში 6 წლის წინ ამომრჩეველს კიბოთი დაავადებას უწინასწარმეტყველებდით.
– მოდით, დავაზუსტოთ, მე ნაციონალურ მოძრაობაში არ შევსულვარ. “ემსახურე საქართველო” იმ ოპოზიციურ პარტიებს შეუერთდა, რომლებმაც ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი დაასახელეს. მოხარული ვიქნები, თუ ჩვენ გვერდით სხვა ოპოზიციური პარტიებიც დადგებიან.
ოპოზიცია იმისთვის უნდა გაერთიანდეს, რომ ერთპარტიული მმართველობა დაასრულოს და არა იმისთვის, რასაც დავით უსაფაშვილი ქადაგებს.
– უსუფაშვილის ქადაგებაში რას გულისხმობთ?
– ცოტა ხნის წინ ეს ადამიანი გამოვიდა, პიჯაკის ორივე მხრიდან რაღაც ქაღალდები ამოიღო და მიმართვა წაიკითხა. მან ბიძინა ივანიშვილს მოუწოდა, რომ პრემიერის რანგში დაბრუნდეს, რაც დაუშვებელია. ივანიშვილის პოლიტიკურ ველზე დარჩენა ნიშნავს, რომ სახელმწიფო აღარ იარსებებს. გამოსავალი ამ ხელისუფლების შეცვლაა. უსუფაშვილს ეს თუ უნდა, მაშინ შეუძლია შემოგვიერთდეს. ივანიშვილის დაბრუნებაზე თუ ოცნებობს, შეუძლია “ოცნებასთან” წავიდეს. ის 2 წლის წინ წამოვიდა იმ გუნდიდან და დღემდე პარტია ვერ შექმნა, აქამდე მოძრაობას ხელმძღვანელობს.
– მოდით, ისევ თქვენ მიერ დაწყევლილ ნაცმოძრაობას დავუბრუნდეთ. 6 წლის წინანდელ წყევლას ვადა გაუვიდა და აღარ იმოქმედებს ამომრჩეველზე?
– მაშინ საკითხი ასე იდგა – საქართველო უნდა გაგვენთავისუფლებინა სააკაშვილისგან. ეს აუცილებელი იყო და სწორედ ამიტომ დავწყევლე მაშინ ის, ვინც ამ პარტიას შემოხაზავდა.
დღეს საქართველოს თავის ტკივილად უკვე ივანიშვილის “ოცნება” იქცა. ამიტომაც მოვუხსენი ყოფილ ხელისუფლებას წყევლა. თუ ვინმეს ჩემი ძველი განცხადების გამო ეშინია, მინდა დავამშვიდო და ვუთხრა, რომ გარდა იმისა, რომ შესანიშნავი მარჯვენა და მარცხენა მაქვს, ფეხიც ძალიან კარგი მაქვს.
– რას ნიშნავს, კარგი ფეხი გაქვთ?
– სადაც მივდივარ, ყველგან წარმატება მიმაქვს. 2003 წელს იმ ხალხთან გავერთიანდი, ვისაც შევარდნაძის და აბაშიძის დასრულება უნდოდა. ეს ბრძოლა 2003-2004 წლებში ჩვენი გამარჯვებით დასრულდა.
2011 წელს უკვე იმ გაერთიანებაში მივედი, რომელიც ივანიშვილმა სააკაშვილის წინააღმდეგ შექმნა. ეს ბრძოლაც ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. ივანიშვილი ყოველთვის სააკაშვილის გვერდით იდგა. ძალიან ბევრ საკადრო გადაწყვეტილებას ეგ იღებდა. ის ნაცმოძრაობის მთავარი დამფინანსებელიც გახლდათ.
– სააკაშვილის დროს იღებდა ივანიშვილი საკადრო გადაწყვეტილებებს?
– დიახ, სააკაშვილის დროს იღებდა ივანიშვილი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. არსად რომ არ ჩანდა, ეს ნურავის მოატყუებს, ამ ადამიანს არ უნდა ხელისუფლებაში ოფიციალურად ყოფნა, თორემ მიშას დროს აუცილებლად იქნებოდა რამე თანამდებობაზე.
— ივანიშვილს გვერდით როცა დაუდექით, არ იცოდით, რომ ის სააკაშვილის გვერდით იდგა?
– როგორ არ ვიცოდი, მაგრამ მაშინ აუცილებელი იყო გაერთიანება და ნაციონალების დასრულება. ახლაც იგივე სიტუაციაა. “ოცნების” წინააღმდეგ ყველა უნდა გაერთიანდეს. აქამდე სადაც მივედი, ყველგან წარმატება მივიტანე და აქაც ალბათ ასე იქნება.
ასე გაგრძელება უბრალოდ აღარ შეიძლება. “ოცნების” მოსვლის შემდეგ ქვეყანა ფაქტიურად გაჩერდა. დიახ, საქართველოში უძრაობის ხანაა. სანამ ივანიშვილს პოლიტიკიდან არ განვდევნით, არაფერი არ შეიცვლება.
– ივანიშვილის პოლიტიკიდან განდევნა ადვილი არ იქნება.
– ადვილი არ იქნება, მან ოპოზიცია ფაქტიურად მოკლა. მაგიტომაც გადაწყვიტა ათმა ოპოზიციურმა პარტიამ გაერთიანება. რაც მეტი პარტია შემოგვიერთდება, მით მალე დასრულდება ეს ხელისუფლება.
– ეს გაერთიანება ნაციონალების გარშემოა შექმნილი. ძალიან ბევრი პოლიტიკოსი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების გამო არ მოისურვებს მაგ გაერთიანებაში მოსვლას.
– რა შუაშია აქ ნაციონალური მოძრაობა. ეს ერთობა ათმა პარტიამ შექმნა. იმ ადამიანებს მინდა ვკითხო, ვინც ნაციონალების გამო უკან იხევს, ამავე მიზეზით რატომ არ უპირისპირდებიან “ქართულ ოცნებას”? ყველასთვის ცნობილია რომ ივანიშვილმა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები შეიფარა.
2012 წლის არჩევნების დღეს ბათუმში ვიყავი. თბილისში მეორე დღეს ჩამოვედი და “ოცნების” ოფისში მივედი. იქ ისეთი სურათი ვნახე, თავი ნაცმოძრაობაში მეგონა.
– რა სურათი ნახეთ?
– “ოცნების” ოფისი სავსე იყო იმ მაჟორიტარებით, რომლებიც ნაციონალების მიერ იყვნენ წარდგენილი. არჩევნების დასრულების შემდეგ, ისინი ეგრევე შეუერთდნენ “ქართულ ოცნებას”. ივანიშვილმა ისინი დიდი სიხარულით მიიღო. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეს ჩვეულებრივი მაჟორიტარები არ იყვნენ. ბევრი მათგანი სერიოზული ბიზნემენი იყო და, სააკაშვილის წყალობით, მსხვილ მონოპოლისტებად იქცნენ.
ივანიშვილმა ასევე სიხარულით გაუღო კარი სააკაშვილის მარბიელებს. ხელისუფლების რიგებში როცა ვიყავი, ამ თემაზე არაერთხელ ვიჩხუბე, მაგრამ არავინ მომისმინა.
იმ სისხლიანი 9 წლის მანძილზე ლევან მურუსიძე უსამართლობის სიმბოლო იყო. იმის ნაცვლად, რომ მისთვის პასუხი მოეთხოვათ, დააწინაურეს და თემიდა ჩააბარეს. “ოცნების” ლიდერმა ის სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლადაც კი წარმოგვიდგინა.
ახალ მაინტერესებს, ეს ადამიანები 9 წელზე არ აგებენ პასუხს და ყველაფერში დამნაშავე გრიგოლ ვაშაძეა? რომელსაც რომ მოენდომებინა, ივანიშვილისთვის ძალიან საინტერესო პერსონა გახდებოდა.
– რას გულისხმობთ?
– ისევე, როგორც კოლექტიურ ზარდიაშვილებს, მასაც შეეძლო ივანიშვილთან მისვლა. “ოცნება” მას სიხარულით მიიღებდა. ამ ადამიანმა პრინციპებს ვერ უღალატა და ბოკერიასავით არ წავიდა ივანიშვილისკენ.
ადამიანები, რომლებიც პრინციპებს არ ღალატობენ, პატივისცემას იმსახურებენ. მიმაჩნია, რომ ის ღირსეული პრეზიდენტი იქნება. საპრეზიდენტო არჩევნები აუცილებლად ოპოზიციამ უნდა მოიგოს. ოპოზიციური კანდიდატი შეუდგება თუ არა პრეზიდენტის მოვალეობას, მეორე დღესვე დაითხოვს პარლამენტს და ვადამდელი არჩევნები დაინიშნება. ვადამდელი არჩევნები “ქართულ ოცნებას” დაასრულებს.
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ძალაუფლება ერთ პარტიას აღარ ჩაუვარდეს ხელში. საქართველოში უნდა დასრულდეს ის დრო, როცა გამარჯვებული პარტია ძალიან მარტივად აკომპლექტებს მთავრობას. გამოსავალი კოალიციურ მთავრობაშია.
ივარაუდეთ, რომ ოპოზიცია ნაციონალების გამო შეიკავებს თავს ჩვენ გვერდით დადგომისგან. თავშეკავებულებს მინდა ვკითხო, იციან, ვინ არის ხელვაჩაურის რაიონის პოლიციის უფროსი? ვინ არის და დავით რიჟვაძე, რომელიც სააკაშვილის მარბიელი იყო და ოპოზიციის მიტინგებს არბევდა.
რიჟვაძის შვილი აჭარის მთავრობის მეთაურად დანიშნეს. პირადად იმ ადამიანთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ მთავრობის მეთაურს მინდა ვკითხო, უნდა დაისაჯონ თუ არა ზონდერები. საინტერესოა, რას მიპასუხებს.
– რიჟვაძე ვახსენეთ და თქვენი აზრით, რატომ წარადგინა პრეზიდენტმა მისი კანდიდატურა? იყო ინფორმაცია, რომ ის ოპოზიციის კანდიდატს წარადგენდა.
– მარგველაშვილმა იმიტომ წარადგინა რიჟვაძის კანდიდატურა, რომ ივანიშვილის შეეშინდა.
– რას ნიშნავს, შეეშინდა?
– იმას, რომ ივანიშვილის შეეშინდა და ის კანდიდატურა წარადგინა, რომელზეც მას ყოფილმა პრემიერმა მიუთითა. მარგველაშვილი მშიშარა ადამიანია. ის ივანიშვილმა რაღაცით შეაშინა.
– შეშინება თუ შეეძლო, აქამდე შეეშინებინა. მარგველაშვილი ხშირად მიდიოდა ამ წლების მანძილზე ივანიშვილის წინააღმდეგ.
– ეს ყველაფერი ივანიშვილთან იყო შეთანხმებული. პრეზიდენტი მის გარეშე არაფერს აკეთებდა.
– გინდათ თქვათ, რომ “ოცნების” და მარგველაშვილის დაპირისპირება თამაშია?
– ივანიშვილის და მარგველაშვილის დაპირისპირება ნამდვილად თამაშია. ყველაფერი, რაც “ოცნების” გარშემო ხდება, ყოფილ პრემიერთან არის შეთანხმებული. ამ დღეებში დეპუტატი დავით ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხეს. ვიღაცები ამტკიცებენ, რომ ეს ივანიშვილის გარეშე გადაწყვიტეს. არ დაიჯეროთ, ასეთ გადაწყვეტილებებს პირადად ყოფილი პრემიერი იღებს.
ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც. “ოცნებიდან” იმიტომ გამრიცხეს, რომ სიმართლეს ვამბობდი. მაშინაც ისეთი სურათი დახატეს, თითქოს ბიძინამ არაფერი იცოდა. არადა, მისი ბრძანებით მოხდა ეს.
გარიცხვამდე ორი კვირით ადრე ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მესაუბრა და მითხრა, ივანიშვილმა შენი გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღოო. ორ კვირაში გამრიცხეს. ჭიჭინაძის შემთხვევაშიც ასე იქნებოდა.
მმართველ პარტიაში განსხვავებულ აზრს ვერ იტანენ, ჭიჭინაძის გარიცხვით დაძაბულობას ვერ გადაფარავენ. ბევრი ადამიანი დატოვებს “ოცნებას”. ამ პარტიაში ბევრი ნაცნობი მყავს და კარგად ვიცი, რაც იქ ხდება.
– შეგიძლიათ გვითხრათ, რა ხდება?
– რა ხდება და ჭამენ ერთმანეთს.
– საპარლამენტო გუნდშიც ჭამენ ერთმანეთს?
– პარლამენტშიც ჭამენ და აჭარის უმაღლეს საბჭოშიც. ძალიან ბევრი ნაცნობი და ახლობელი მყავს ამ პარტიაში. მათგან ვიცი, რომ ძალიან მძიმე ვითარებაა.
– რის გამო ჭამენ ერთმანეთს?
– ბევრი რამის გამო. პარლამენტში გიორგი კვირიკაშვილს ჰყავს თავისი ხალხი, ისინი აუცილებლად გამოაჩენენ თავს. ეს ამბები ასე მარტივად არ ჩაივლის.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა