საჯარო უწყებებმა პიარ აქტივობებსა და რეკლამებში 98 მლნ 480 ათას ლარზე მეტი დახარჯეს

საჯარო უწყებებმა პიარ აქტივობებსა და რეკლამებში 98 მლნ 480 ათას ლარზე მეტი დახარჯეს„ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ,  2013 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, საჯარო უწყებებმა პიარ აქტივობებსა და რეკლამაში 98 მილიონ 480 ათას ლარზე მეტი დახარჯეს“-ამის შესახებ კვლევას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აქვეყნებს.

კვლევის მიხედვით, ჯამში, პიარსამსახურებში დასაქმებულთა ხელფასებში, რეკლამასა და სხვადასხვა პიარ აქტივობებში“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან, 2013 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, 159 მილიონ 730 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.

პიარ აქტივობებისა და სარეკლამო ხარჯის მხრივ დიდი წილი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე (“ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია”“ღვინის ეროვნული სააგენტო” და“აწარმოე საქართველოში”) მოდის; ხოლო ყველაზე მზარდი 2016 წელია, როდესაც მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ 2013-2017 წლებში მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან/მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში დასაქმებულების ანაზღაურებამ 12 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, რაც ამ პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით 122  საჯარო უწყების მიერ პიარ სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურებისთვის დახარჯული თანხის, (61,250,000 ლარის), დაახლოებით, მეხუთედია.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” 134 საჯარო უწყებიდან გამოითხოვა ინფორმაცია  2012 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით პიარმომსახურებისა და რეკლამის წარმოების, განთავსების, გავრცელების ხარჯის შესახებ.

„ სამწუხაროდ, 9 უწყებამ ინფორმაცია არ მოგვაწოდა, მათ შორის: მთავრობის ადმინისტრაციამ, თავდაცვის, ენერგეტიკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და იუსტიციის სამინისტროებმა.  თუმცა,  მთავრობის ადმინისტრაციის, თავდაცვის, ეკონომიკის და იუსტიციის სამინისტროების სარეკლამო ხარჯების შესახებ ინფორმაცია“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” სხვა კვლევის ფარგლებში აქვს მიღებული, რაც ჩათვლილია საერთო მონაცემებში. აღსანიშნავია, ამ უწყებების მიერ პიარაქტივობებში დახარჯული თანხა ჩვენთვის კვლავ უცნობია, რაც საჯარო უწყებების ხარჯებს, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაზრდიდა“-ნათქვამია კვლევაში.

კვლევამ ცხადყო, რომ 2012 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით საჯარო უწყებების მიერ პიარმომსახურებასა და რეკლამაში გადახდილმა თანხამ110 მილიონ 650 ათას ლარზე მეტი შეადგინა, საიდანაც 98 მილიონ ლარზე მეტი  2013-2017 წლებში, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიხარჯა.

„ჩვენ მიერ შესწავლილი მონაცემები მიუთითებს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო უწყებების პიარისა და სარეკლამო  დანახარჯები მკვეთრად მზარდია. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის მონაცემები ოქტომბრის ჩათვლით გამოვითხოვეთ, 2012 წელს ამ მიმართულებით დახარჯულ თანხას დაახლოებით 2-ჯერ აღემატება“-აცხადებს ორგანიზაცია.

რეკლამასა და პიარღონისძიებებში დახარჯულმა თანხამ, ისევე როგორც პრესსამსახურებში დასაქმებულ თანამშრომელთა ხელფასების ოდენობამ, საარჩევნო 2016 წელს ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწიადა 28 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. 2016 წლის ხარჯების ზრდა, სავარაუდოდ, საპარლამენტო არჩევნების პერიოდმა გამოიწვია – როგორც ჩანს,  ხელისუფლებამ მაქსიმალურად მოახდინა საბიუჯეტო სახსრების მობილიზაცია.