სალომე ზურაბიშვილი – „ცოტაც კიდევ მოითმინე, გულო“

სალომე ზურაბიშვილი - „ცოტაც კიდევ მოითმინე, გულო“საქართველოს პარლამენტის უპარტიო დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის საელჩოს მოქალაქეობის დათმობის თხოვნით მიმართა. ამის შესახებ imedinews-ს სარწმუნო წყარომ აცნობა. სავარაუდოდ, საელჩოსთვის მიმართვა ზურაბიშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილს უკავშირდება.

თავად სალომე ზურაბიშვილმა კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით არ ისურვა დამხოლოდ ის თქვა, რომ ბოლო ერთი კვირა “ოჯახურ საქმეებზეა გადართული”.

“ყველას დიდი მადლობა მოთმინებისთვის. ჟურნალისტები არ მიწყენენ, რომ ეს ერთი კვირა გადავერთე
ოჯახურ საქმეზე და ერთ კვირაში კი უკვე თქვენი ვიქნები, და კითხვებზე გავცემ პასუხებს. “ცოტა კიდევ მოითმინე გულო”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის მიერ საფრანგეთის საელჩოსთვის მიმართვის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად პრესაში გავრცელდა. დეპუტატის პრესსამსახურში ცნობა არ დაუდასტურებიათ, მაგრამ არც უარყვიათ. მათი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ამის შესახებ განცხადებას თავად გააკეთებს.

ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად განიხილება საკითხი, რომლის მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებლად აპირებს მონაწილეობას. ამასთან, მას შესაძლოა მხარი მმართველმა პარტიამაც დაუჭიროს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მისი პოზიციით, გუნდიდან კანდიდატი არ უნდა დასახელდეს და მათ დამოუკიდებელ კანდიდატს უნდა დაუჭირონ მხარი.

13 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პარლამენტის უპარტიო წევრი სალომე ზურაბიშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრას აპირებდა; ითქვა, რომ სწორედ ის იქნებოდა კანდიდატი, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერდა, რადგან ხელისუფლება ამ არჩევნებში თავისი კანდიდატის წარდგენას არ გეგმავს.

ზურაბიშვილმა „ოცნებასთან“ მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია უარყო.

საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, ზურაბიშვილი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას თუ საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარს იტყვის, რადგან საქართველოს კონსტიტუციით ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს ამ პოზიციაზე კენჭისყრის უფლება არ აქვს. საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, სურვილის შემთხვევაში, მან მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე უნდა მიმართოს იმ ქვეყანას, რომლის მოქალაქეცაა და კანდიდატად დარეგისტრირების დროს ეს მიმართვა გაკეთებული უნდა ჰქონდეს.

იმედინიუსი