“სუბსიდიის მოხსნა მევენახეებს უკეთესი ხარისხის ყურძნის წარმოებისკენ უბიძგებს”

"სუბსიდიის მოხსნა მევენახეებს უკეთესი ხარისხის ყურძნის წარმოებისკენ უბიძგებს"“სუბსიდიის მოხსნა მევენახეებსა და ფერმერებს უკეთსი ხარისხის ყურძნის წარმოებისკენ უბიძგებს” – ამის შესახებ Bm.ge-ს ,,თელავის ღვინის მარნის“ დამფუძნებელმა, ზურაბ რამაზაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, სახელმიწფოს ჩაურევლობა ბაზარზე ჯანსაღ კონკურენციას შექმნის და ყურძნის რეალურ ფასს ჩამოაყალიბებს.

“აღარ მოხდება რთველის სუბსიდირება ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, არ იქნება კრედიტის თანადაფინანსება ყურძნის შესყიდვის დროს. ანუ ღვინის კომპანიებს შეეძლოთ აეღოთ იაფი კრედიტი, მიზნობრივად ყურძნის შესყიდვისთვის და შემდეგ ამ კრედიტის პროცენტის დიდი ნაწილის გასტუმრება ხდებოდა სახელმწიფოს მიერ.

ეს ყველაფერი მთავრობამ იმ დროს აამოქმედა, როდესაც იყო შიში იმისა, რომ მევენახეები ყურძენს ვერ ჩააბარებდნენ და შემოსავლის გარეშე დარჩებოდნენ. სწორედ ამ მიზნით ხდებოდა შეღავათიანი კრედიტების გაცემა ღვინის კომპანიებზეც, რათა მათი მოტივაცია ყურძნის შესყიდვაზე აემაღლებინათ.

მაგრამ, საქართველოს ღვინის ექსპორტი ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, არ შეინიშნება პრობლემა ღვინის რეალიზაციაში, მოხმარება გაიზარდა ქვეყნის შიგნითაც და სახელმწიფომ ჩათვალა, რომ დაფინანსების გაგრძელება ზედმეტი ფუფუნება იქნება. ვფიქრობ ეს სწორია, რადგან გააჯანსაღებს ბაზარს და ჩამოყალიბდება ყურძნის რეალური ფასი. ჩვენი კომპანია თვლიდა, რომ ბევრი წლის განმავლობაში ასეც უნდა ყოფილიყო და ყურძნის მიწოდება-მოთხოვნაში სახელმწიფო არ უნდა ჩარეულიყო“ – განაცხადა ზურაბ რამაზაშვილმა.

მისივე თქმით, რა თქმა უნდა, კარგია როდესაც ბიზნესს აქტივობაში ვიღაც ეხმარება, მაგრამ ეს ნაბიჯი უკეთესია, როგორც ბაზრის გაჯანსაღების, ასევე ღვინის სექტორისთვის და მევენახეობისთვის, რადგან უფრო კონკრეტული მოთხოვნა-მიწოდება შეიქმნება და სერიოზული დივერსიფიკაცია მოხდება ყურძნის ხარისხის მიხედვით.

“მევენახეები შეეცდებიან მაღალი ხარისხის ყურძენი აწარმოონ, რათა მათი პროდუქტი უფრო მოთხოვნადი იყოს და მაღალ ფასში გაიყიდოს. აქამდე ნებისმიერი ყურძენი, რაც არ უნდა მოეყვანა გლეხს, თუ ფერმერს, იყიდებოდა, რადგან მას სახელმწიფო მინიმალურ ფასში მაინც ყიდულობდა. ახლა ასეთი თანადგომა აღარ იქნება და ჩვენ გავალთ “თავისუფალი ცურვის რეჟიმში”, – განაცხადა “თელავის ღვინის მარნის” დამფუძნებელმა.