თბილისში თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი ბუთხუზის, სიმამრი მოკლეს

თბილისში თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი ბუთხუზის, სიმამრი მოკლესთბილისში, თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი ბუთხუზის სიმამრი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ვარკეთილში მოხდა და მამაკაცი ბრმა ტყვიას ემსხვერპლა. უფრო კონკრეტულად, 65 წლის მოქალაქეს გვერდით მდებარე კორპუსიდან ნასროლი ტყვია მოხვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა გარდაცვლილის ვინაობაზე არ საუბრობენ.

ბრალდებული 1956 წელს დაბადებული რ.გ. დაკავებულია.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1956 წელს დაბადებული რ.გ. თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 ივლისს ვარკეთილში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან, თავის სახელზე გაფორმებული, ნაგანის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან ქუჩის მხარეს უმისამართოდ გაისროლა. გასროლის შედეგად, მოპირდაპირე კორპუსში, გულმკერდის არეში დაზიანება მიიღო 1953 წელს დაბადებულმა შ.მ.-მ, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – ნაგანის სისტემის რევოლვერი, 14 ვაზნა და ამავე იარაღიდან გასროლილი ტყვიის მასრა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.

ნიუპოსტი