თემურ ჭკუასელი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ – “მე არ მინდა, რომ ოპოზიციონერი იყოს პრეზიდენტი”

თემურ ჭკუასელი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ - "მე არ მინდა, რომ ოპოზიციონერი იყოს პრეზიდენტი"“ქართული ოცნების” წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი თემურ ჭკუასელი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილის განცხადებებზე საუბრობს.
– ბატონო თემურ, როგორ შეაფასებთ ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს? მან ბევრად უფრო ღიად ისაუბრა, ვიდრე დეპუტატები საუბრობთ.
– ბიძინა ივანიშვილი თავისი გულწრფელობით გამოირჩევა. 1997 წლიდან ვიცნობ და ჩემთვის მასში უმთავრესი ხიბლიც სწორედ ეს არის. ის ალალი და გულღია ადამიანია. როგორც მას ჩვევია, ისაუბრა ისე. თქვა იმ რეალობის შესახებ რაც ჩვენს ქვეყანაშია დღეს. მთავარი აქცენტი არის ის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას ეკონომიკურად უფრო უჭირს, ვიდრე დემოკრატიაში. დემოკრატიის თვალსაზრისით ვართ წინ, მაგრამ ეკონომიკურად ჩამოვრჩებითო. ამას რომელი ოპოზიცია აღიარებდა, ის ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებაში იყო და არჩევნები წააგო 2012 წელს. სხვათაშორის ის ბოღმა მათ დღესაც ვერ მოუნელებიათ და ამიტომ არის, რომ ამდენი სიცრუის ნიაღვარი მოდის მათი მხრიდან.
– ოპოზიციაზე თქვა, რომ ცოტა მეტად მაფასებსო, ვიდრე საკუთარი გუნდი. როგორ ფიქრობთ, რატომ დასჭირდა ამის თქმა?
– მე მაინც მგონია, რომ ეს მაინც ფიგურალურად იყო ნათქვამი და არა ასე პირდაპირი გაგებით. შეუძლებელია, რომ ოპოზიცია უფრო მეტად აფასებდეს, ვიდრე ის ხალხი, რომელიც მან შეარჩია და მან მოიყვანა. როდესაც მისი მისამართით ბრალდებებია, რასაკვირველია, ამას გუნდის წევრებმა უნდა უპასუხონ და ამაზე უარი არ უნდა თქვან, ამ დროს არ უნდა გავჩუმდეთ, რადგან ოპოზიცია მწარედ ატყუებს საზოგადოებას.
არასდროს არ უთქვამს, რომ ვინმემ პასუხი გაეცით ამ უმსგავსობას, ეს არასდროს არ გამიგია მისგან. პირად მაგალითზე შემიძლია გითხრათ, ორჯერ-სამჯერ შევეცადე, რომ ასეთი ცრუ ბრალდებისთვის საჯაროდ პასუხი გამეცა, მაგრამ გამიბრაზდასავით, მითხრა, არ ღირსო. ამის გამო პირადად თავს ვიკავებდი, რადგან ვიცი, რომ არ იხიბლება მიანცდამინც ასეთი ქმედებით.
ჩემი აზრით, ყველა ბრალდება, რომელზეც ოპოზიცია საუბრობს, სათითაოდ უნდა იქნას ჩამოწერილი და პასუხგაცემული. მე პირადად გავაკეთებდი ამას სიამოვნებით.
– საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მის განცხადებას როგორ აფასებთ? მის განცხადებას, რომ ის მზად არის, ოპოზიციამ წაიღოს პრეზიდენტის პოსტი, არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.
– იმიტომ მოჰყვა ამ განცხადებას ასეთი რეაქციები, რომ უკუღმართად გაიგეს. ამაზე ოპოზიციამ აგდებული საუბარი დაიწყო იმის ნაცვლად, რომ ეს ნაბიჯი დაეფასებინათ. ამიტომ, მე უკვე წინააღმდეგი ვარ, რომ ჩვენ მხარი სხვა კანდიდატს დავუჭიროთ და არ გვყავდეს ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატი. მე წინააღმდეგი ვარ, რომ ოპოზიციონერი კანდიდატი იყოს პრეზიდენტი. ამას უკვე ღიად ვაფიქსირებ და ამის შესახებ ჩემს პოზიციას ბიძინასაც ვეტყვი.
თავის დროზე ძალიან ბევრი საუბარი იყო კოჰაბიტაციაზე. ჩემთვის სრულიად ნათელი და გასაგები იყო, რა იდო ამ ნაბიჯში. ბიძინას უნდოდა, რომ ბოლოს და ბოლოს დასრულებულიყო დაპირისპირება და ყველა ერთი გზით, ჩვენი ქვეყნის განვითარების გზით წავსულვიყავით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ უტოპიური იყო ეს იდეა. გამოვიდა?! არ გამოვიდა! ასეთივე უტოპიური რომ არ აღმოჩნდეს და შემდეგ რომ არ ითქვას, ისევ კოჰაბიტაციასთან გვაქვს საქმე, მე პირადად მხარს არ დავუჭერ ამ იდეას.
– შეიძლება მისი აზრი არც გავიდეს? თუმცა კი თქვა, რომ შეიძლება არ დამეთანხმონო.
– რასაკვირველია, ამ საკითხზე გუნდში საუბარი იქნება. საბოლოოდ როგორ გადაწყდება, ნამდვილად ვერ გეტყვით, არ ვიცი. თუმცა, მე ჩემი პოზიციის შესახებ უკევ გითხარით. ვნახოთ. ჩემი ეს პოზიცია განპირობებულია იმით, რომ ეს ადამიანი არ ჩააყენონ ისეთ სიტუაციაში, რომ შემდეგ თავის მართლება დასჭირდეს.
– გამორიცხავთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს მხარი?
– თუ “ქართული ოცნება” მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავდეს და სალომე ზურაბიშვილი დააყენებს თავის კანდიდატურას, მაშინ გადაწყდება და ჩვენ მხარს დავუჭერთ.
– ამბობენ, რომ გუნდის ნაწილი ბიძინა ივანიშვილს ეუბნება, რომ თავად იყაროს კენჭი.
– რა თქმა უნდა, ეს ყველაზე სწორი და კარგი გადაწყვეტილება იქნებოდა, მაგრამ 99% გამოვრიცხავ, რომ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი კანდიდატურა დააყენოს.
– რატომ?
– კარგად ვიცნობ. ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელსაც თავისუფლება უყვარს და თან ის ქვეყანას ეხმარება იმ პოზიციიდან, რაზეც დღეს არის. ის, რომ ერთი დიდი საქმე იტვირთა – პარტიის ლიდერობას დაუბრუნდა, ესეც მძიმე ნაბიჯი იყო.
– ხშირად მოდის პარტიაში?
– რა თქმა უნდა. მე აღარ ვარ პოლიტსაბჭოს წევრი და ასე აქტიურად არ ვარ ჩართული.
– გიორგი კვირიკაშვილზეც მინდა გკითხოთ, თუ ასეა, მაშინ რატომ გაექცა ივანიშვილს სადავეები?
– ადრეც მითქვამს და ახლაც ვამბობ: კი ამბობდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე არაფერი არ ხდება და არაფორმალურად მართავსო, მაგრამ მე ვიცი, თუ ენდობა ადამიანს, ის ბოლომდე ენდობა და აღარ ერევა, ზუსტად ასე იყო. მერე გამოჩნდა ერთი-ორი მომენტი, რაღაც ინფორმაცია დაუმალეს, დეტალებში არ შევალ.
– ამაზე თვითონ ისაუბრა ივანიშვილმა.
– დიახ, ამას გეუბნებით, დეტალებში აღარ შევალ, ძალიან ცუდი სიტუაცია შეიქმნა ამასთან დაკავშირებით.
– ეს იყო მთავარი მიზეზი თუ კიდევ იყო რამე?
– კიდევ იყო რაღაცეები, რაზედაც თვითონ არ ილაპარაკა, ამიტომ მე არ ვისაუბრებ.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა