წითელი ავტომანქანის მძღოლი შესაძლოა ცრუ ჩვენებისთვის დააკავონ?

წითელი ავტომანქანის მძღოლი შესაძლოა ცრუ ჩვენებისთვის დააკავონ?ზაზა სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე არ გამორიცხავს, რომ ცრუ ჩვენებისთვის ადმიანები კიდევ დააკავონ. ლონდარიძე ყურადღებას ამახვილებს წითელი ავტომანქანის მძღოლზე, ნიკოლოზ იორდანაშვილზე, რომელიც პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ რამდენიმე დღის წინ გამოკითხა. ადვოკატის თქმით, იორდანაშვილის საუბარში გარკვეული წინააღმდეგობები იკვეთება. მისივე თქმით, კიდევ არაერთი პირი იძლევა ცრუ ჩვენებას:
“არსებობს არაერთი სავარაუდო ნიშანი იმისა, რომ კიდევ არაერთი პირი იძლევა ცრუ ინფორმაციას. ჩვენ თვალს ვადევნებდით საგამოძიებო კომისიაზე ერთ ერთი პირის ჩვენებას, წითელი მანქანის მძღოლზე ვსაუბრობ, რომლის საუბარში სავარაუდოდ იკვეთება გარკვეული წინააღმდეგობები. იმისათვის, რომ მივიღოთ ნათელი სურათი რა მოხდა, საჭიროა უკვე ამ კუთხით გაგრძელდეს მუშაობა” განაცხადა ადვოკატმა
შეგახსენებთ, რომ ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, შსს-მ გუშინ 51-ე სკოლის მოსწავლე დ.ღ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება.
კერძოდ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიებაში მოწმის სახით გამოკითხვისას დ.ღ -მ განაცხადა, რომ გარდაცვლილ დავით სარალიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კონფლიქტში მონაწილე გ.ჯ და მ.კ, რა დროსაც მ.კ. ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა დავით სარალიძეს, თუმცა, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მ.კ-ს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა უარყო.
გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ სასამართლო სხდომამდე დ.ღ. შეხვდა გარდაცვლილი დავით სარალიძის მშობელს და ესაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლო განხილვის სტადიაზე მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.
შესაბამისად, მოწმე დ.ღ.-მ არასწორი ინფორმაცია არაერთხელ მიაწოდა სასამართლოს” ნათქვამია განცხადებაში, რომელიც შსს-მ გაავრცელა.