ვინ აჩეხა სამხედრო ხიშტით 25 წლის ლუკა ფალიანი – სისხლიანი გარჩევა მესტიაში

ვინ აჩეხა სამხედრო ხიშტით 25 წლის ლუკა ფალიანი - სისხლიანი გარჩევა მესტიაშიმესტიაში, სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული ახალგაზრდის ოჯახის წევრები პოლიციის უმოქმედობაზე საუბრობენ. სისხლიანი გარჩევა მესტიის შუაგულში, იქ მოხდა, სადაც უამრავი ტურისტი გადაადგილდება.

25 წლის ლუკა ფალიანი უმძიმეს მდგომარეობაში მესტიის საავადმყოფოში მიიყვანეს, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. სამი სავარაუდო თავდამსხმელიდან ჯერ არცერთი არ არის დაკავებული.

25 წლის ლუკა ფალიანს მკვლელმა სასიკვდილო ჭრილობა პოლიციის განყოფილებასთან ახლოს მიაყენა. მოკლულის ოჯახმა არ იცის, რა გახდა ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების მიზეზი. მოკლული და თავდამსხმელი ერთმანეთს არც იცნობდნენ.

მკვლელობა სასტუმრო „სვანეთთან“ დღეს გამთენიისას მოხდა. „კურიერის“ ინფორმაციით, სასტუმროს კაფე ბარში მისული სტუმრები დაცვამ შენობაში არ შეუშვა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. კონფლიქტის დროს ლუკა ფალიანი, რომელიც ამავე სასტუმროში მუშაობდა, გარეთ გავიდა, როდესაც მას სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. ადგილობრივები ყვებიან, რომ თავდამსხმელი მარტო არ იყო. ის სასტუმროში ორ მეგობართან ერთად მივიდა. შემთხვევას კი პოლიციის მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია. მათი თქმით, ნასვამი ახალგაზრდები სამართალდამცველებმა ტერიტორიას გამოარიდეს, გზის მეორე მხარეს გადაიყვანეს და იქ დატოვეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პოლიციისათვის ცნობილია იმ სამი ახალგაზრდის ვინაობა, ვინც კონფლიქტში მონაწილეობდა, თუმცა რომელმა მათგანმა დაჭრა სასიკვდილოდ ლუკა ფალიანი, ეს დეტალები უცნობია. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

„კურიერის“ ინფორმაციით, მესტიაში დღეს მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი ორჯერ არის ნასამართლევი, მან ციხე 7 თვის წინ დატოვა.

რუსთავი 2