არჩილ იაკობაშვილი: დემოკრატიის ხარისხი და ეკონომიკური განვითარება

დემოკრატია გაზომვადია, ხოლო დემოკრატიის ხარისხი – დათვლადი. მიუხედავად ამისა, მაისის თვიდან “ქართული ოცნების” ხელისუფლება საკონსტიტუციო უმრავლესობისა და ავტორიტარულ-ჰიბრიდული რეჟიმის პირობებში ძალიან უცნაური ფორმულირებით გვთავაზობს თავსებადობის შეფასებას ე.წ. “ეკონომიკურ განვითარებასა” და “დემოკრატიის ხარისხს” შორის.

უპირველესად, ნამდვილად არათანამედროვე მცდელობაა მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ საკუთარი თვითკმაყოფილობის წარმოჩენის მიზნით ასეთი მეთოდოლოგიის გამოყენება.

მეოცე საუკუნეში წარჩინებული ორთოდოქსი მარქსისტი უნდა ყოფილიყავი, რომ ოცდამეერთე საუკუნეში “დიალექტიკური მატერიალიზმი” ამოგექექა მეთოდების სკივრიდან!

ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში რაღა დროს “დიალექტიკური მატერიალიზმის” მეთოდებით მსჯელობის დროა?!

მაგრამ კარგით, არაა პრობლემა – “დიალექტიკური მატერიალიზმით” ცდილობთ ეკონომიკასა და პოლიტიკას შორის პარალელების განსაზღვრას?

ჩვენც იგივე მეთოდით შევეცდებით “ჩაანალიზებას”.

2012 წლის პირველ ოქტომბერს საქართველოში ნამდვილად გაჩნდა ლიბერალური დემოკრატიის ჩანასახი (ე.ი. კოალიციური ხელისუფლება vs ძალიან ძლიერი ოპოზიცია) – შედეგი საქართველომ მიიღო “უზარმაზარი”, რაც სათანადოდ შეაფასა Economic Intelligence Unit-მა, რომელიც The Economist-ისა და Bloomberg-ის დაკვეთით ყოველწლიურად აფასებს მსოფლიოში დემოკრატიის ხარისხს.

EIU დემოკრატიის ინდექსი: 2011 წელი საქართველო – 4.74 ქულა/102 ადგილი, 2012 წელი: 5.53 ქულა/93 ადგილი, 2013 წელი: 5.95 ქულა/80 ადგილი, 2014 წელი: 5.82 ქულა/81 ადგილი, 2015 წელი: 5.89 ქულა /82 ადგილი, 2016 წელი: 5.93 ქულა/80 ადგილი, 2017 წელი: 5.93 ქულა/79 ადგილი.

მაგრამ როგორც EIU-ს მონაცემებიდან ჩანს, 2012 წლის შემდეგ უკვე მეექვსე წელიწადია თითქმის ერთ ნიშნულზე ტრიალებს საქართველოს დემოკრატიის ინდექსი, რომელსაც ყოველწლიურად აქვეყნებს აღნიშნული ინსტიტუტი. ე.ი. დემოკრატიის დეფიციტია.

და არც არის გაუმჯობესების შანსი, სანამ საქართველო კვლავ არ დაადგება ლიბერალური დემოკრატიის გზას, რაც ე.წ. “საკონსტიტუციო უმრავლესობის” მმართველობის პირობებში არის შეუძლებელი.

“საკონსტიტუციო უმრავლესობა” შეიძლება არის ჰეტეროგენული, მაგრამ პოლიტიკურად არ არის კოალიციური და იმართება ავტორიტარულად. ავტორიტარიზმის შემდეგ მომდევნო გაჩერებას “დიქტატურა” ჰქვია.

გასული საუკუნის 20–იანი წლების ევროპული გამოცდილება ადასტურებს, რომ დემოკრატიის დეფიციტის მიუხედავად “დიქტატურა” არ ყოფილა თვითმიზანი, მაგრამ დიქტატურისკენ ბუნებრივად მიდის ის ხელისუფალი, რომელიც ავტორიტარიზმით ვეღარ უმკლავდება სახელისუფლებო გამოწვევებს.

ამიტომაც არის ხელისუფლების განაწილება აუცილებელი, რაც მხოლოდ ლიბერალური დემოკრატიის პირობებში არის შესაძლებელი.

სწორედ დემოკრატიის დეფიციტია იმის მიზეზი, რომ პოლიტიკური გადწყვეტილებები ეკონომიკურ რეფორმებზე ტლანქი და მოუქნელია.

და მაის-ივნისში სახალხო პროტესტების ფონზე სოციალურ-ეკონომიკურ რეფორმებს “ვინ ჩივის”, როდესაც დემოკრატიის დეფიციტი შეუძლებელს ხდის ქმედითი და სწრაფი რეფორმების გატარებას მართლმსაჯულების, იუსტიციისა და საზოგადოებრივი წესრიგის სფეროში?

დემოკრატიის დეფიციტი შეიძლება შეივსოს მხოლოდ დემოკრატიული გზით.

– საქართველოს სჭირდება დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესება, როდესაც განსაკუთრებით, როგორც ნატოს სამიტის შედეგებმა გასულ კვირას აჩვენა, გეოპოლიტიკური გარემოებების ცვლილების ფონზე ევროპას (გერმანიის) უჭირს ავტორიტარულ-ჰიბრიდული რეჟიმის პირობებში საქართველოსთვის უპირობოდ მხარდაჭერა.

– საქართველოს სჭირდება დემოკრატიის დეფიციტის აღმოფხვრა იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი და მიიღოს საინვესტიციო ხარისხი, საერთაშორისო ინვესტორებს გაეზარდოთ ინტერესი და ნდობა საქართველოში ეკონომიკური რეფორმების დასაფინანსებლად.

დემოკრატია, და სახელდობრ, ლიბერალური დემოკრატია არის ერთადერთი კაპიტალი, რომლის გამოყენების პირობებში საქართველო შეძლებს აუცილებელი რეფორმების გატარებას მართლმსაჯულებასა და იუსტიციაში, ეკონომიკაშიც, განათლებაშიც, სოციალური დაცვის სისტემებშიც, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებშიც.

ტექსტი სრულად გამოხატავს ავტორის პირად მოსაზრებებს

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018