დაკარგული 17 ქართველი მეზღვაური იპოვეს – ამ დროისთვის გემი ტოგოში მიემართება

კონგოს ტერიტორიულ წყლებში შვიდი დღის წინ გაუჩინარებულ გემთან, პანტელენასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:
„მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, კონგოს ტერიტორიულ წყლებში დაფიქსირდა 7 დღის წინ გაუჩინარებული გემი PANTELENA, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება. ამ დროისათვის გემი მიემართება ლომეს პორტში (ტოგოს რესპუბლიკა). მიღებული ინფორმაციით, მეზღვაურების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩაატარეს კოორდინირებული სამუშაო სხვადასხვა მიმართულებით და უზრუნველჰყვეს ყველა მხარის ჩართულობა მოძიების პროცესში. ამოქმედებული იქნა ყველა დარგობრივი და დიპლომატიური ბერკეტი, როგორც დასავლეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნები, ასევე საზღვაო და რეგიონული ორგანიზაციები.

ინტენსიურ კონტაქტზე ვიმყოფებით გემთმფლობელ კომპანიასთან, რათა ეკიპაჟი უზრუნველყოფილი იქნას პირველადი საჭიროებებით (სასმელი წყალი, საკვები და სხვა).

შექმნილი სიტუაციის პირველი წუთებიდანვე სააგენტო აქტიურ კავშირზეა გემის დროშის სახელმწიფოსთან – პანამა, ასევე ნიგერიაში მოქმედ საზღვაო უშიშროების ჯგუფებთან, რომლებთან უშუალო კოორდინაციითაც ხორციელდება ღონისძიებები მეზღვაურების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას და მედიას მიეწოდება მისიის სრულ ამოწურვამდე, როდესაც გემი შევა უსაფრთხო წყლებში.“- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018