ემზარ ჯგერენაია: “ლარის რყევა არაფერს არ აბალანსებს, პირიქით, აუარესებს სიტუაციას”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, ლარის მერყეობა საშუალებას გვაძლევს შევქმნათ უსაფრთხოების ბალიში ჩვენი ეკონომიკისთვისო.
ამ განცხადებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია.
ეკონომიკის მინისტრის შეფასებებს არ იზიარებს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ემზარ ჯგერენაია.
– ბატონო ემზარ, რამდენად სწორია გიორგი ქობულიას შეფასებები?
– არ ვეთანხმები არანაირად. ლარის რყევა გვიცავს, ეს ძალიან რთული სათქმელია. რისგან გვიცავს? უნდა განმარტოს მინისტრმა, რას გულისხმობდა.
– გაუგებარი იყო მისი განმარტებები?
– ჩემთვის გაუგებარი იყო და ალბათ ძალიან ბევრისთვის. ერთი რამე ცხადია, რომ ასეთი ნახტომისებრი ვარდნა ძალიან ძვირი ჯდება ჩვენი ეკონომიკისთვის. ეს ხელს უშლის ბიზნესს და საერთოდ ფსიქოლოგიურად ამძიმებს სიტუაციას. მუდმივად ხდება სპეკულაციის საგანი. ამიტომ მე ვთვლი, რომ ასეთი დაუცველი და ღრმა ვარდნა არ არის მისაღები.
– მცოცავი კურსიაო.
– მცოცავი კურსი არ ნიშნავს ზევით-ქვევით ხტუნვას. მითუმეტეს უნდა შევხედოთ, რა ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, თურქეთში და რუსეთში. მთელ მსოფლიოში დოლარი მყარდება. ძალიან ბევრ კითხვაზე არ არის პასუხი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუნდაც როგორ შეუშალა რუსული რუბლის ვარდნამ ტრანსფერებს ხელი, ასევე თურქული ლირის ვარდნამ. ძალიან ბევრი საკითხებია განსახილველი და ამას სჭირდება სერიოზული ჩაღრმავება.
– ეს არასერიოზული მიდგომებია?
– ეს ზედაპირული, ბავშვური განმარტებებია. სატელევიზიო განმარტებები არაფერს არ ნიშნავს. არცერთი განმარტება არ იყო სწორი და ეს ძალიან გულსატკენია იმიტომ, რომ მთავრობა არ ამბობს, რეალურად რას ელოდება, რა ნაბიჯებს გადადგამს. რა ეშველება ლარს დოლარის გამყარების ეპოქაში, როცა ასე მყარდება დოლარი და ეცემა ევრო. გაუფასურდა ლირა და რუსული რუბლი, აი ამ ფონზე რას ვშვრებით ჩვენ?!
– თურქული ლირის გაუფასურება რამდენად არის პირდაპირ კავშირში ლარის გაუფასურებასთან?
– რა თქმა უნდა, არის. ლირის გაუფასურებაც არის, რუბლის გაუფასურებაც არის და დოლარის გამყარებაც არის ამ ყველაფერთან კავშირში და ჩვენი ეკონომიკის პრობლემებიც არის კავშირში. ეკონომიკა, რომელიც გუშინ იზრდებოდა 7,5%-ით, დღეს ასეთ შოკში როგორ ჩავარდა?!
– სად არის პრობლემის სათავე?
– პრობლემის სათავე არის ეკონომიკის გაჯანსაღებაში. ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენი მიდგომა. უნდა გვქონდეს დამცავი მექანიზმები მეზობელ ქვეყნებში არსებული კრიზისებისგან.
– ლარის რყევა აბალანსებს უარყოფით პროცესებსო. ანუ არასწორი ხედვები აქვს ეკონომიკის მინისტრს?
– ლარის რყევა არაფერს არ აბალანსებს. პირიქით, აუარესებს სიტუაციას და ასევე აუარესებს ჩვენს საგარეო ვალს.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018