ვახტანგ მაისაია – “ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ და როგორ შემოდის საქართველოში”

ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია “ახალი თაობის” კითხვებს პასუხობს.
– ბატონო ვახტანგ, რუსეთის გავლენის მქონე რესპუბლიკებში არ გიშვებენ თურმე ნატოსთან კავშირის ბრალდებით. სააკაშვილის რეჟიმმაც ხომ ნატოს ჯაშუშობის ბრალდებით გაგასამართლათ. დამთხვევაა თუ რაიმე ბმა არსებობს ამ ორ ფაქტს შორის?
– რუსეთი თავისი გავლენის ქვეყნებში არ მიშვებს ნატოსთან ჩემი კავშირების გამო. სააკაშვილის დროს ნატოს ჯაშუშობა მქონდა ინკრიმინებული, ანუ ნატოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას მედავებოდნენ. ეს ფაქტია. ზოგიერთმა ნაცისტმა ისიც თქვა, ყალბი დოკუმენტიაო. ვისაც ეჭვი ეპარება, შეუძლია ნანუაშვილს მიმართოს, აბსოლუტურად ნამდვილი დოკუმენტია. თუმცა, ნაცისტებისგან არაფერი მიკვირს. მათგან არაერთი ტყუილი მოგვისმენია. მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის ტყუილები. ბევრ ვინმეს აბრალებდნენ ჯაშუშობას და სასამართლომ გაამართლა, მათ შორის, ფოტორეპორტიორებს, რომლებიც სასამართლომ გაამართლა.
– ისე, რუსეთის ახლანდელი ბრალდება, რისთვისაც არ შეგიშვეს რუსეთის პარტნიორ სომხეთში, ძალიან ჰგავს სააკაშვილის უშიშროების ბრალდებებს.
– ჩემი და ფოტორეპორტიორების საქმეების გაყალბებაზე ერთი და იგივე ჯგუფი მუშაობდა, ერთი და იგივე მოსამართლეები იხილავდნენ და კონტრდაზვერვის თანამშრომლები მონაწილეობდნენ გაყალბებაში. ჩემ მიმართ სასამართლომ კონსტიტუციაც კი დაარღვია, საქმეს გრიფით საიდუმლო დაადეს, რომ ეს სისულელე არ გამომჟღავნებულიყო. ჩვენი საქმეების გამყალბებლების ჯგუფი ორჯონიკიძე, დათაშვილი, თოფურია და სხვები დღემდე სუსში მუშაობენ.
– “პატრიოტთა ალიანსის” წამოწყებას მხარს უჭერთ, რომელიც ნაცრეჟიმის გასამართლებას მოითხოვს?
– რა თქმა უნდა. დაგვიანებულია, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. პარლამენტმა ნაცრეჟიმს ნაწილობრივ უკვე მისცა პოლიტიკური შეფასება მაშინ, როცა 190 ადამიანი პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გამოუშვა, მაგრამ ახლა საჭიროა სრული შეფასება.
– საქართველოში, ვაზიანში ტარდება მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“. რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ წვრთნებს ზოგად პოლიტიკაზე? სწავლებაში 13 ქვეყნის 3 ათასამდე სამხედრო მონაწილეობს, შემოვიდა ამერიკის, გერმანიისა სამხედრო ტექნიკა, ტანკები. გორში გაჩერდნენ, რომელსაც 2008 წელს რუსეთი ბომბავდა.
– ნატოს გააჩნია სერიოზული დაინტერესება კავკასიის სამხრეთ რეგიონში. აღნიშნულ წვრთნებში მონაწილეობენ პარტნიორი სახელმწიფოები. მათ შორის, სომხეთი და სხვა პარტნიორები.
– გერმანია ცდილობს, რუსეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. ამ შემთხვევაში გერმანია ტრამპის კრიტიკამ გამოაფხიზლა, თუ თავს ვერ არიდებს ერთობლივ ღონისძიებებს, ამ წვრთნებში რომ მონაწილეობს?
– ეს არის ნატოს ეგიდით განხორციელებული წვრთნა. გერმანია ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში. წვრთნა ნატოს “პარტნიორობა მშვიდობისთვის” პროგრამით ტარდება. ნატო პლუს პარტნიორები. მათი საბოლოო მიზანია საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემების განვითარება და ხელშეწყობა.
ახლა საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების ხელშეწყობა ხდება. ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებია, რომელსაც საერთაშორისო ოპერაციებისთვის ხელშეწყობის მიზანიც აქვს.
– ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს ასეთ წვრთნებში მონაწილეობას?
– ჩვენც გვაქვს გარკვეული წილი საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში. ჩვენ საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის მთავარი აქტორები ვხდებით. ასეთი წვრთნები ხელს უწყობს ჩვენი შეიარაღებული ძალების თავსებადობას ნატოს შეიარაღებულ ძალებთან. ასევე ჩვენ მივიღებთ ისეთ გამოცდილებას, რომელიც ჩვენს შეიარაღებულ ძალებს წაადგება. ჩვენ ვხდებით გარკვეული დონის სამხედრო მოთამაშე.
– საქართველო სამხედრო მოთამაშე რეალურად არის?
– სამხედრო მოთამაშე ვართ. ჩვენი რეგიონი ძალიან მაღალი დონის კონფლიქტებით გამოირჩევა. არსებობს სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება, ჩვენი ტერიტორიები რუსეთის ფედერაციის მიერ არის მიტაცებული, ჩვენს რეგიონში სამხედრო კონფლიქტების წყარო ბევრია. ახლახანს აზერბაიჯანის უშიშროებამ დაადანაშაულა ირანის სპეცსამსახურები არეულობის შეტანის კუთხით. სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთი ქვეყანა აზერბაიჯანი და ირანი შევიდნენ კონფრონტაციაში.
ირანის წინააღმდეგ უკვე იწყება სანქციების ამოქმედება. ამერიკული პრესის მონაცემებით, აშშ აპირებს, ირანს სამხედრო დარტყმა მიაყენოს, რომელიც ჩვენს რეგიონზე ჰპოვებს ასახვას. აპირებენ ჩრდილოეთ მხარის, კავკასიის რეგიონთან არსებული ობიექტების დაბომბვას.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენი რეგიონი გეოსტრატეგიულად და გეოპოლიტიკურად მოწყვლადია. აქედან გამომდინარე, ფაქტობრივად, ამ რეგიონში მოთამაშეებიდან საქართველოს შეიარაღებული ძალები ყველაზე სუსტი რგოლია.
– რა შედეგს მოიტანს ამერიკის სამხედრო დარტყმა ირანზე?
– ამან შეიძლება გამოიწვიოს რეგიონალური ომის სინდრომი. შეიძლება ირანს რუსეთი დაუდგეს გვერდით. ირანი და რუსეთი სამხედრო მოკავშირეები არიან. მათ საერთო ინტერესები გააჩნიათ აღმოსავლეთში, საერთო ინტერესები გააჩნიათ კავკასიის რეგიონში.
ამასთან, რუსეთმა კასპიის ზღვაში თავისი ძალის დემონსტრირება დაიწყო, სადაც საქართველოში ნატოს წვრთნების საპირწონედ, სამხედრო წვრთნებს ატარებს (ამას ყურადღებას არავინ აქცევს). რუსებმა დაიწყეს სამხედრო სტრატეგიული ავიაციის გამოყენება. მათ განახორციელეს საზღვაო დაჯგუფების განადგურების იმიტაცია თანამედროვე სარაკეტო დარტყმების მეშვეობით. გამოყენებულ იქნა თანამედროვე ბალისტიკური ფრთოსანი რაკეტა მიკ-31.
– ანუ რუსეთი რაღაცისთვის ემზადება?
– რუსეთმა ახალი შეიარაღება გამოსცადა. ეს პირველად მოხდა. კასპიის ზღვაზე განახორციელეს იმიტაცია იმის საჩვენებლად, რომ მათ შეუძლიათ გაანადგურონ საზღვაო დაჯგუფება. სწავლება გათვლილია იმაზე, თუ შავ ზღვაზე შემოვა ამერიკის, ან ნატოს საზღვაო დაჯგუფება, შეუძლიათ გაანადგურონ. ამის მინიშნება იყო.
– ამერიკა-ირანის ომის შემთხვევაში თურქეთი ირანს მხარს დაუჭერს?
– ამაზე შეიძლება ვიმსჯელოთ იმის გავითვალისწინებთ, რომ ამერიკასა და თურქეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა. თქვეს, რომ თურქეთი შეიძლება გახდეს ამერიკის მტერი. თურქეთის პრესაში ამაზე სერიოზული საუბრებია.
არ გამოვრიცხავ, თურქეთის სპეცსამსახურებმა მუშაობა ჩვენთანაც გაააქტიურონ, საქართველოდან თავიანთი მოქალაქის გატაცების ორგანიზება მოახდინონ. ეს ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ.
– რატომ უნდა გაიტაცონ?
– მონღოლეთიდან თურქეთის სპეცსამსახურებმა გაიტაცეს თურქი მოქალაქე, რომელსაც ბრალად ედებოდა გიულენის ორგანიზაციის წევრობა. დიდი აჟიოტაჟი რომ არა, გატაცებულ ადამიანს თურქეთში გადააფრენდნენ და შეიძლება სიკვდილით დაესაჯათ. თურქეთის სპეცსამსახურებმა თურქი მოქალაქეები გაიტაცეს ასევე აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, კოსოვოდან. კოსოვოში თურქი მოქალაქის გატაცებას დიდი სკანდალი მოჰყვა, სპეცსამსახურების ხელმძღვანელები დაითხოვეს.
მსგავსი საფრთხე ჩვენთანაც არის, რაც არ უნდა დავუშვათ, რადგან სერიოზულ სკანდალს გამოიწვევს. ჩვენ ჯერ კიდევ შავი ლაქა გვაქვს მუხთარლის გატაცების გამო. მუხთარლი გაიტაცეს საქართველოს კრიმინალური პოლიციის ფორმაში გამოწყობილებმა. თუ კიდევ მოხდება მსგავსი რამ და თურქეთის სპეცსამსახურებმა გაიტაცეს, აქ მყოფი ე.წ. გიულენისტები, რაც აბსოლუტური ტყუილია (ემრე ჩაბუქის ფაქტიც სახეზე გვაქვს), ეს იქნება ჩვენი დიპლომატიისა და საგარეო პოლიტიკის კრახი.
ასეთი რეალური საფრთხე არსებობს. ამიტომ ჩვენმა მთავრობამ და სპეცსამსახურებმა უნდა მიიღონ ზომები, რომ არ დაუშვან თურქეთის სპეცსამსახურეების მიერ საქართველოში მყოფი თურქეთის მოქალაქეების გატაცება. ვაფრთხილებ მთავრობას, მიიღონ ზომები, რომ არ მიიღონ ცუდი შედეგები.
– ირანიდან და სხვა ქვეყნებიდან ხდება მოქალაქეების მიგრაცია. ხშირად გვესმის, რომ ირანელები ნარკოტიკების რეალიზაციაში არიან ჩართული. თუ გავითვალისწინებთ აზერბაიჯანის ბრალდებებს ირანის სპეცსამსახურებისადმი, რა საშიშროება ექმნება ამ კუთხით საქართველოს?
– ამ კუთხით საშიშროება არსებობს. სამწუხაროდ, ნარკოტრასების საკითხი საკმაოდ სერიოზულია. ნარკოტიკები გადიოდა ირანიდან. 2014 წელს ჭიკაიძემ რომ თქვა, თალიბანი კაციაო, მაშინ აღმოაჩინეს ნარკოტიკების დიდი პარტია, რომელიც თალიბანის ტვირთი იყო. ნარკოტრასები დღესაც არსებობს, რაც მკაცრადაა გასაკონტროლებელი. არალეგალური მიგრაციაც გასაკონტროლებელია,
ირანი საერთაშორისო ტერორიზმშია ბრალდებული დასავლეთის სახელმწიფოების მიერ და მიგრაციის საკითხები სპეციალურ მუშაობას ექვემდებარება. ჩვენ ხელი არ უნდა შევუშალოთ ირანიდან ჩამოსულ ინვესტიციებს და ტურისტებს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ გარდა ბირთვული უსაფრთხოების ხელშეკრულებისა, ირანისთვის არავის მოუხსნია ტერორიზმის სპონსორი ქვეყნის სტატუსი.
ასევე გასათვალისწინებელია აზერბაიჯანში არსებული ვითარება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ და როგორ შემოდის. ეს ძალიან სენსიტიური თემაა.

გულიკო ბალაძე, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018