ზაალ კასრელიშვილი – „მერკელს სტალინიც უნდა გავახსენოთ და ისიც ვუთხრათ, რამდენი ქართველი შეიწირა მეორე მსოფლიო ომმა“

პუტინთან მოლაპარაკებული ანგელა მერკელის კავკასიურ ტურნეს ყველა ეჭვის თვალით უყურებს. ქართველი ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ რუსეთი ახლა უკვე გერმანიის კანცლერის პირით მოგვთხოვს აფხაზეთის რკინიგზის გახსნას.

ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო რკინიგზის გახსნას  მხოლოდ ერთ შემთხვევაში უნდა დათანხმდეს.

რატომ უნდა ველაპარაკოთ გერმანიას, როგორც სწორი სწორს, რა უნდა შევახსენოთ მერკელს, რა გარანტიები უნდა მივიღოთ მისგან? _ ამ თემებზე „ახალ თაობას“ ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება.

_ გერმანიის კანცლერის ვიზიტთან დაკავშირებით სხვადასხვა მოლოდინები არსებობს. თქვენი აზრით, რისთვის ჩამოdის მერკელი სინამდვილეში?

_ ამას ზუსტად რამდენიმე დღეში გავარკვევთ და ზუსტ პროგნოზსაც გავაკეთებთ. ეს ისეთივე ზუსტი პროგნოზი იქნება, როგორც რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესება. ცოტა ხნის წინ „ახალ თაობასთან“ ვთქვი, რომ აშშ რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებსთქო. როგორც ხედავთ ეს ამბავი გამართლდა.

_ სანქციებთან დაკავშირებით თქვენი წინასწარმეტყველება გამართლდა, მაგრამ საქართველოს გაბრწყინებაზე რატომღაც არ მართლდება.

_ დავიწყოთ იმით, რომ ეს წინასწარმეტყველება არ ყოფილა. ეს იყო პროგნოზი. რაც შეეხება საქართველოს გაბრწყინებას, ეს აუცილებლად მოხდება. კარგა ხანია საქართველოს ასეთი ხელსაყრელი პერიოდი აღარ ჰქონია. ამ ვითარებას დავითის და თამარის ეპოქას შევადარებდი. საქართველო მაშინაც ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა იყო. დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის მაშინ უკიდურესად დაიძაბა სიტუაცია. ახლაც იგივე ხდება. ცოტაც მოვითმინოთ და საქართველო აუცილებლად გაბრწყინდება.

რუსეთთან დაკავშირებით კიდევ ერთ პოგნოზს გავაკეთებ _ მალე ისინი ახალ სანქციებს მიიღებენ. ისეთ სანქციას დაუწესებენ რომ დოლარი და ევრო რა არის, დაავიწყებენ. მერე ვნახავთ, რამდენ ხანს გაძლებენ რუსები.  კარგი დღე არც თურქეთსა და ირანს ელის. ანტიდასავლური კოალიცია დიდხანს ვერ გასტანს.

_ მოდით, ისევ მერკელს დავუბრუნდეთ. ამბობენ რომ მან შესაძლოა აფხაზეთის რკინიგზის გახსნა მოგვთხოვოს. ამ ეჭვს ის აძლიერებს, რომ გერმანიის კანცლერი საქართველოში პუტინთან დიალოგის შემდეგ ჩამოვიდა. ამის პარალელურად პუტინმა ხაჯიმბას და ბიბილოვს მოსკოვში უხმო. ეს ყველაფერი ვითომ დამთხვევაა?

_ პოლიტიკაში დამთხვევა და შემთხვევითობა არ არსებობს. პუტინი სეპარატისტული რეგიონების ლიდერებს ახალ დავალებებს მისცემს. რაც შეეხება მერკელს, ის პუტინისგან რაღაც დანაბარებს აუცილებლად ჩამოიტანს.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზეც ქნება, რასაც საქართველოს ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ უნდა დათანხმდეს.  ეს იქნება ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლა.

_ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლება ხშირად მიდიოდა. რუსეთმა საქართველოსთან სახმელეთო საზღვარი 2006 წელს ჩაკეტა. სააკაშვილის ხელისუფლებამ საზღვარის გახსნაზე თანხმობა აგვისტოს ომის შემდეგ განაცხადა. ეს იმით ახსნა, რომ გზა ჩვენს მეზობელ სომხეთს სჭირდებოდა. აფხაზეთის რკინიგზაც სომხეთს სჭირდება და იქნებ ახლაც გაითვალისწინონ ერევნის ინტერესები?

_ რას ჰქვია, სომხეთს სჭირდება? პირველ რიგში ჩვენი ინტერესები უნდა დავაყენოთ წინა პლანზე. ეს რკინიგზა 1993 წლიდან დაკეტილია და აქამდე თუ გაძლეს სომხებმა, ახლაც გაძლებენ. საქართველო ამ წინადადებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში უნდა დათანხმდეს. ეს წინადადება ასეთია _ მოსკოვმა აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან სამხედრო ბაზები უნდა გაიყვანოს.

_ ქართველი დევნილების დაბრუნება არ უნდა მოვითხოვოთ?

_ რუსული ბაზების გაყვანას ქართველი დევნილების დაბრნება მოჰყვება. ჯერ საკუთარ ინტერესებზე უნდა ვიზრუნოთ და მერე სხვებზე.

_ ისე, სომხეთი რა ნამუსით გვთხოვს რკინიგზის აღდგენას? აფხაზეთში დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით გაეროს მიღებულ არცერთ რეზოლუციას არ დაუჭირეს მხარი.

_ რეზოლუციისთვის მხარის არ დაჭერა რა მოსატანია იმასთან, რაც მაგათ საქართველოს წინააღმდეგ გააკეთეს. დავიჯერო, ერევანში არ იციან ბაგრამიანის სახელობის სომხური ბატალიონის შესახებ, რომელიც აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა? ამის გამო ბოდიში მოიხადეს? დღეს რომ აფხაზეთი საქართველოს ჩამოშორდა, ამაში სომეხ მებრძოლებს დიდი წვლილი აქვთ შეტანილი. მთავარი რუსეთი იყო, მაგრამ ბაგრამიანის ბატალიონი თავგამოდებით იბრძოდა საქართველოს და ქართველების წინააღმდეგ.

_ რკინიგზის გახსნის მომხრეებს ბაგრამიანის ბატალიონის ბატალიონის ჩადენილი სისასტიკეები, რომელიც პროკურატურაშ ცალკე საქმედ არის აკინძული, სულ თავში უნდა ურტყას ადამიანმა.

_ მარტო ბაგრამიანის ბატალიონის საგმირო საქმეები არა. 2008 წელიც უნდა გავიხსენოთ. აგვისტოს ომის დროს ვისი ტერიტორიიდან აფრენილი თვითმფრინავები ბომბავდნენ საქართველოს? ძალიან თუ მოგვაწვებიან, მეზობლების ინტერესები გაითვალისწინეთო, ესენი გავახსენოთ.

ჩვენ ალბათ ისიც უნდა ვიკითხოთ, რატომ არის ამ საკითხით ქალბატონი მერკელი დაინტერესებული.
_ თქვენი აზრით, რატომ უნდა აინტერესებდეს გერმანიის კანცლერს ეს საკითხი. პუტინის ფოსტალიონი ხომ არ არის ამხელა ბუნდესტაგი ქალი?

_ სანამ ოფიციალურად არ დააყენებს ამ საკითხს, პროგნოზებს არ გავაკეთებ. ვარაუდის დონეზე გეტყვით, ამ საკითხის წამოწევა მისი მხრიდან ჩრდილოეთის ნაკადს უნდა უკავშირდებოდეს. ამ გაზსადენით გერმანია ძალიან დაინტერესებულია. შესაძლოა სწორედ იმიტომ გვთხოვს რკინიგზის გახსნას, რომ პუტინის გულის მოგება სურს.

ჩვენ აუცილებლად უნდა ვკითხოთ ქალბატონ მერკელს, რა სარგებლობას მიიღებს ამით საქართველო. რატომ უნდა გავხსნათ რკინიგზა იმ ქვეყნის ხათრით, რომელიც ნატოში საქართველოს გაწევრიანებას ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა.

_ მერკელი ყოველთვის ამის წინააღმდეგი იყო, მაგრამ იმ დახმარებას ნუ დავივიწყებთ, რაც გერმანიამ გასწია ჩვენთვის. დამოუკიდებლობის პირველ წლებში ეს ქვეყანა ყოველთვის გვეხმარებოდა.

_ ჩვენ არავის სიკეთეს არ ვუვიწყებთ, არც გერმანიას. მათ ბევრი გააკეთეს საქართველოსთვის. ამის მიუხედავად, მათი თხოვნით რკინიგზა არ უნდა გაიხსნას. დააბრუნოს რუსეთმა აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი და დვალეთი. რკინიგზას ამის მერე გავხსნით.

_ დვალეთს ვინღა დააბრუნებს?

_ რუსეთი. ამ კუთხის დაბრუნების გარეშე არაფერი გამოვა.

_ მაღალი რანგის უცხოელი სტუმრები საქართველოს ხელისუფლებას რუსების გავლებულ მავთულხართებთან მიჰყავს. 

_ მერკელი მავთულხლართებით როგორ უნდა გავაკვირვოთ? რუსული ჩექმა და მავთულხლართი მაგათ აქვთ თუ აქვთ ნანახი. შუაგულ ბერლინში რამდენი ათეული წელი ჰქონდათ კედელი ამოშენებული, მავთულხლართით მერკელს ვერ გავაკვირვებთ. სხვა რამე უნდა ვანახოთ და ვუამბოთ.

უნდა გავახსენოთ, რომ ჩვენ ვართ პირველი ევროპელები და ჩვენ მივეცით კაცობრიობას ღვინო და რკინა. უნდა გავაგებინოთ, საქართველო რომ არ ყოფილიყო, მთელი ევროპა გამუსლიმანდებოდა.

_ სტალინიც ხომ არ ვუხსენოთ?

_ რატომაც არა. საჭირო თუ გახდა, ქალბატონ მერკელს სტალინიც უნდა ვუხსენოთ და ისიც ვუამბოთ, მეორე მსოფლიო ომში პროცენტულად ყველაზე მეტი ქართველი რომ დაიღუპა.

გერმანიის კანცლერმა უნდა იცოდეს, რომ სტალინმა, რომელსაც საქართველოსთვის არაფერი გააკეთა, მისი ქვეყანა გადაარჩინა.

_ როგორ გადაარჩინა, მიწასთან გაასწორა იქაურობა.

_ მიწასთან გაასწორა, მაგრამ დაამარცხა ჰიტლერი. ჰიტლერს რომ მოეგო, გერმანია დაღუპული იქნებოდა. სტალინის წყალობით, ეს ქვეყანა მოწინავეა მთელს მსოფლიოში.

მერკელი წამყვანი ქვეყნის კანცლერია, მაგრამ ამის გამო მისთვის სიმართლის თქმა არ უნდა მოგვერიდოს. ნურც იმის შეგვეშინდება, რომ ქართველებს ამის გამო გერმანიიდან გამოყრიან. იქ ჩვენებურების დიდი ნაწილი მაინც მონებად და მოსამსახურეებად არის.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018