ზვიად კუპრავა – „კახა კალაძეს, სალომე ზურაბიშვილს და ანრი ოხანაშვილს სასამართლოში მოუწევთ წასვლა“

რატომ დაიბარეს სუსში, ვის წინააღმდეგ შეაქვს სარჩელი, რა სიურპრიზებს ჰპირდება ხელისუფლებას? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ესაუბრება.
ზვიად კუპრავა:
– სუსში ჩემი დაბარება სხვა არაფერია, თუ არა ჩემზე ზეწოლა. ჰგონიათ, რომ ამ დაბარებებით და გამოკითხვებით შემაშინებენ და გამაჩერებენ. ყველა უწყებაში დამიბარეს, სადაც კი ჩემი გამოკითხვა შეიძლებოდა, მაგრამ ეს მე ვერ გამაჩერებს. სიმართლისთვის ბრძოლას მაინც გავაგრძელებ.
სუსში ამჯერად ჩემი განცხადების გამო დამიბარეს. მოგეხსენებათ, რომ მე სასამართლოს უპატივცემულობაში მდებენ ბრალს. რაც იმაში გამოიხატება, რომ სხვისი თეფშიდან ვჭამდი თურმე საჭმელს. როდესაც სხვისი თეფშიდან ჭამა დამდეს ბრალად, ვთქვი, რომ იმას მიხედეთ, ჩინოსნებმა 6 თვეში 4 მილიონი რესტორნებში რომ დახარჯეს.
ეს ინფორმაცია, სათანადო დოკუმენტებზე დაყრდნობით, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა. ამაზე მედიაში აქტიურად მიდიოდა საუბარი. სუსმა რატომღაც გადაწყვიტა, რომ ამის შესახებ ჩემგან გაეგო ყველაფერი.
– ამიტომ დაგიბარათ სუსმა?
– სუსმა უფრო იმიტომ დამიბარა, რომ ჰგონიათ, ჩემზე ზეწოლას მოახდენენ, მაგრამ არაფერი გამოვა. ყველაზე საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ ჩემს გამოკითხვას განყოფილების უფროსი აწარმოებდა, მაშინ როცა განყოფლებაში მინიმუმ ათამდე თანამშრომელი ჰყავდა. გამოკითხვა, წესით, მათ უნდა ეწარმოებინათ.
გამოკითხვის დროს ეს მაღალჩინოსანი კიდევ უფრო მაღალჩინოსნებს ურეკავდა და რაღაცებს ათანხმებდა. მე მათ ვუთხარი, რომ ჭამა-სმაზე დახარჯულ მილიონებზე მათ გაცილებით დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიდა ლევან ხაბეიშვილი. როგორც უკვე გითხარით, პირველმა სწორედ მან გაასაჯაროვა ეს ინფორმაცია.
– სუსმა არ იცოდა ვითომ, რომ ეს მასალები ხაბეიშვილმა გაასაჯაროვა?
– როგორ არ იცოდა, მაგრამ ჩემ მიმართ გამოიჩინეს. მათგან ყურადღება ისედაც არ მაკლია. აქციების შემდეგ, ფაქტიურად დამოუკიდებლად არ გადამიდგია ნაბიჯი – მინიმუმ ერთი ეკიპაჟი დამყვება. ამათ იოლად ვშიფრავ და ამიტომაც ხშირად ცვლიან მანქანებს. ცოტა ხნის წინ სამტრედიაში ვიყავი მეგობართან, სადაც ფორდის მარკის მანქანა გამომყვა. ბუნებრივია, ეს მანქანა დავაფიქსირე და სანომრე ნიშანიც დავიმახსოვრე. სამტრედიიდან დაბრუნების შემდეგ, უკვე ოპელი ამედევნა. საინტერესო ისაა, რომ ამ ოპელს იგივე სანომრე ნიშნები ეკეთა, რაც სამტრედიაში ფორდის მარკის მანქანას.
ესეც მეტყველებს იმაზე რომ სუსში უხარისხოები არიან – ძალიან მარტივად იშიფრებიან.
ამ მანქანებზე სუსში გამოკითხვის დროსაც ვისაუბრე. განყოფილების უფროსს, რომელიც ჩემს გამოკითხვას აწარმოებდა, ვუთხარი, ერთიდაიგივე მანქანით რომ დამყვებიან, გამოცვალეთ მაინც, რა უბედურებაა-თქო. ბევრ რამეზე ვისაუბრეთ.
6 თვეში ჭამა-სმაზე დახარჯულ 4 მილიონზე მკითხა, ამის დამამტკიცებელი დოკუმენტები თუ გაქვსო. ვუთხარი, ხაბეიშვილს აქვს-თქო. მერე მკითხა, ხაბეიშვილის ტელეფონის ნომერი ხომ არ გექნებაო.
– ხაბეიშვილის ნომერი არ იცოდა ვითომ სუსმა?
– წესით უნდა სცოდნოდათ. თუ ამხელა ხაბეიშვილის ნომერი არა აქვთ, დახურონ სამსახური და წავიდნენ სახლში. მოკლედ რომ გითხრათ, ამ დაბარებას სერიოზულად არ მივუდექი. თუ ჰგონიათ, რომ გამოკითხვაზე დაბარება ფსიქოლოგიურ ზეწოლად გამოდგება, ძალიან ცდებიან – ასეთ ზეწოლებს არ ვექვემდებარები. გოგაშვილი გადააყენეს და გომელაურმა მაინც წაიკითხოს ეს ინტერვიუ და გაიგოს, რომ გამოკითხვებზე სიარული ვერ გამაჩერებს.
– გოგაშვილი ახსენეთ და თქვენი აზრით, რატომ წავიდა ის სუსიდან?
– სოსო გოგაშვილი ძალიან სკანდალური პიროვნებაა. ის ჯერ კიდევ მაშინ უნდა მოეხსნათ, როცა ამოუქექეს, რომ სოციალურად დაუცველი იყო.
სოციალურად დაუცველის სტატუსი ადამიანს არანაირად არ აკნინებს და ამის გამო არც გოგაშვილთან მაქვს პრეტენზიები.
სუსის უფროსის ყოფილ მოადგილესთან დაკავშირებით სხვა რამის გამო იყო პრეტენზიები. როდესაც სოციალურად დაუცველი პირი მაღალ თანამდებობაზე აღმოჩნდება და ერთ წელიწადში მილიონებს იშოვის, ის მოსახსნელია. ამის გარდა, გამოძიება მისი საქმიანობითაც უნდა დაინტერესდეს. აუცილებლად უნდა დაადგინონ, როგორ იშოვა ერთ წელიწადში ამხელა ქონება.
საქართველოში არ არსებობს საჯარო სამსახური, სადაც ადამიანი ერთ წელიწადში შეიძლება გახდეს მილიონერი. კერძო ფირმებში შეიძლება არის ასეთი ხელფასი, მაგრამ საჯარო სამსახურში ერთ წელიწადში მილიონს ვერ დააგროვებ.
ქონების დაგროვების გარდა, გოგაშვილის სახელს კიდევ ბევრი სკანდალი უკავშირდება. საუბარია ტერორისტებზე, პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე. თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები პირდაპირ მას ადებენ ხელს და ამბობენ, რომ გოგაშვილი ხელმძღვანელობდა ამ სპეცოპერაციას.
ჩემთვის მისი წასვლა მოულოდნელი არ ყოფილა. გასაკვირი ის იყო, აქამდე რატომ არ უშვებდნენ. როგორც იქნა, გაუშვეს, მაგრამ მისი ამბავი გაშვებით არ უნდა დამთავრდეს, აუცლებლად უნდა დაიწყოს გამოძიება. გაშვებით და დაუსჯელობით ჩინოსნების წახალისება ხდება. ისინი ხვდებიან, რომ რამდენიც არ უნდა მოიპარონ, მათ არ დასჯიან, მაქსიმუმი რაც დაემართებათ, სამსახურიდან გაუშვებენ. 10 მილიონს როცა მოიპარავს კაცი, მერე გაუშვი სამსახურიდან, იმას არაფერი არ დააკლდება.
– შვილმოკლულ მშობლებს – ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს სექტემბერში აქციები აქვთ დაანონსებული. გოგაშვილის მოხსნა ამ აქციებთან ხომ არ არის კავშირში?
– ხელაღებით ვერ ვიტყვი, რომ გოგაშვილის მოხსნა ამ აქციებს უკავშირდება. ერთ რამეს კი დანამდვილებით გეტყვით – სექტემბერში ხელისუფლებას სერიოზულ სიურპრიზებს ვპირდებით. სიურპრიზებს ვპირდებით სუსსაც, რომელიც ივნისის აქციების დროს პირდაპირ გვეომებოდა.
წინასწარ არ მინდა, სტრატეგიაზე ვისაუბრო, მაგრამ ეს არ იქნება სტანდარტული აქცია, როგორიც ივნისში იყო რუსთაველის გამზირზე. ერთადერთი მოთხოვნა არის დამნაშავეების დასჯა. თუ დამნაშავეების დასჯა არ მოხდება, ჩვენ მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობას დავაყენებთ.
ივნისშიც ასე დავიწყეთ, ჯერ მკვლელების დასჯას ვითხოვდით, დამნაშავეები რომ არ დასაჯეს, კონკრეტული პირების გადადგომა მოვითხოვეთ. ხელისუფლება მართლაც შეიცვალა – კვირიკაშვილის გუნდი მამუკა ბახტაძის გუნდმა ჩაანაცვლა.
ივლისის თვეში მთავრობის ადმინისტრაციაში შვილმოკლული მშობლების განცხადებები შევიტანეთ. ამ განცხადებებზე რეაგირებისთვის ახალ პრემიერს გარკვეული ვადა მივეცით.
ახალი პრემიერის მოსვლის შემდეგ საერთოდ სენსაცია მოხდა. დამნაშავეების დასჯას ვინ ჩივის, ისინიც კი გარეთ გამოუშვეს, ვინც ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე იყო დაჭერილი.
მთავრობის ადმინისტრაციაში განცხადებების შეტანიდან თვეზე მეტი გავიდა, მაგრამ არცერთ საქმეზე რეაგირება არ არის. წინა ინტერვიუში გითხარით, რომ ბახტაძეც ისევე დაასრულებს კარიერას, როგორც კვირიკაშვილმა დაასრულა. საქმე ისე მიდის, რომ ის წინამორბედის ბედს გაიზიარებს.
სექტემბერში ბახტაძის გადადგომის საკითხი რომ დადგება, ვიღაც მისი მხარდამჭერი გამოვა და იკითხავს, რატომო. რას ჰქვია რატომ? ამდენმა შვილმოკლულმა ადამიანმა მიმართა თხოვნით, რომ მათი საქმეების გადახედვა დაიწყოს და რეაგირებაც კი არ ჰქონია.
ამ გამწარებული ადამიანებისთვის ფორმალურადაც კი არავის დაურეკია. მერე გაუკვირდებათ, ხელისუფლებისგან რა გინდათო, აქციას კი პოლიტიკურს დაარქმევენ. ეს ტერმინი რომ არ ყოფილიყო, რა ეშველებოდათ.
– ადამიანი შვილის მკვლელის დასჯას რომ ითხოვს, რატომ არის ეს მოთხოვნა პოლიტიკური?
– ეს ხელისუფლებას უნდა ვკითხოთ. ღმერთმა ყველას კარგად უმყოფოს შვილები, მაგრამ აბა წარმოიდგინონ, რომ მათი შვილი ვინმემ მოკლას. დამნაშავის დასჯის მოთხოვნით, მითუმეტეს, როცა სამართალს ვერ პოულობ, პოლიტიკოსს დაიყენებ გვერდით კი არა, შეიძლება ეშმაკსაც კი შეეკრა.
– როგორც ზაზა სარალიძე ამბობს, სექტემბრის აქციებში პოლიტიკოსები მონაწილეობას არ მიიღებენ.
– მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე პოლიტიკოსების გარეშეც მშვენივრად გავმართავთ აქციებს. პირველ აქციებზე პოლიტიკოსების კომპონენტი ნაკლები იყო, მაგრამ ამით ჩვენ არ დავზარალებულვართ. პოლიტიკოსები რომ ყოფილიყვნენ ამ აქციების ავანგარდში, უფრო დიდ შედეგს ვერ დააყენებდნენ.
– მეტი შედეგი რაღა გინდათ, პრემიერი აქციების შედეგად გადადგა.
– ხალხს ძალიან დიდი ძალა აქვს. რომელიმე პარტიის მხარდამჭერებს თუ მოუნდებათ მოსვლა, არავის არ შევზღუდავთ.
– ამ აქციებამდე თქვენი სასამართლო უნდა გაიმართოს. რას ელოდებით ამ სასამართლოსგან?
– სასამართლო იწყება 3 სექტემბერს. ვინაიდან მუხლი არასაპატიმროა, პროცესი გაიწელება და განაჩენის დღისთვის საქართველოში ეს ხელისუფლება არ იქნება. მე 366-ე მუხლით მედავებიან. საუბარია სასამართლოს უპატივცემულობაზე. უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ამ მუხლზე წერდა, რომ მას არავინ იყენებს და ეს მკვდარი ნორმააო. ეს გამომძიებელსაც წავუკითხე. მან მითხრა, ოდესღაც ხომ უნდა დაგვეწყო ამ მუხლის ამოქმედებაო. რაღა ჩემით დაიწყეთ, თქვე დალოცვილებო.
მე ხელში ჩამივარდა პატაკი, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება. ერთ-ერთი პოლიციელი თავის ხელმძღვანელს უპატაკებს – სამსახურში ვიყავი, ტელევიზორს ვუყურებდი და იქ ვნახე, კუპრავა სასამართლოს შეურაცხყოფდაო. აღშფოთებულმა უფროსს პატაკით მიმართა, გამოძიება დავიწყოთო.
– ხუმრობთ თუ მართლა ამ პატაკით დაიწყო?
– არ ვხუმრობ. ეს პატაკიც გავასაჯაროვე. მთელი ქვეყანა სასამართლოს აგინებს და რაღა ჩემგან დაიწყეს გამოძიება. მოკლედ, 3 სექტემბრიდან დაიწყება შოუ. ის მოსამართლე, რომელიც შეურაცხყოფილად გრძნობს თავს, მოწმეთა სიაში მყავს შეყვანილი. მისი დაკითხვა იქნება მაგარი ცირკი.
ის ჩვენებაში ამბობს, განაჩენი რომ გამოვიტანე, ოთახში ავედი და ტელევიზორი ჩავრთე. იქ ვნახე კუპრავას საქცეილი სასადილოში და თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენიო.
– რამ შეურაცხყო? თეფში, საიდანაც საჭმელს ჭამდით, მისი იყო თუ რა უბედურებაა?
– ახლა ვფიქრობ, საჭმელი, რაც მე ავიღე, მან ხომ არ შეუკვეთა და შევუჭამე. ამ სასამართლოს გარდა, წინ კიდევ ერთი სასამართლო მელოდება წინ. სალომე ზურაბიშვილის, ანრი ოხანაშვილის და კახა კალაძის წინააღმდეგ შემაქვს სარჩელი. ეს ადამიანები ივნისის აქციების დროს ზონდერს მიწოდებდნენ. აფრიალებდნენ 26 მაისის კადრებს. ერთ-ერთ ვიდეოზე ამტკიცებდნენ, რომ მე ვიყავი.
ამ ვიდეოს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა. პასუხი უკვე ხელთ მაქვს. ამ პასუხის საფუძველზე ამ პირებს ვუჩივლებ. ვუჩივლებ ასევე ტვ იმედსა და ტვ პალიტრას. ისინიც ატრიალებდნენ ამ ვიდეოს და ამტკიცებდნენ, კუპრავა ზონდერიაო.
თბილისის მერმა როცა ზონდერი მიწოდა, ოფიციალური წერილით მივმართე იმ ფოტოებზე, რომლებიც მას კანონიერ ქურდებთან აქვს გადაღებული. მისგან პასუხი ვერ მივიღე. როგორ გადაიღო ქურდებთან ფოტოები, ამას სასამართლოზეც ვკითხავ.
ამ ცილისწამებისთვის მე აუცილებლად მოვითხოვ კომპენსაციას. ეს კომპენსაცია იქნება საჯარო ბოდიში. მათ სახალხოდ უნდა თქვან, რომ ცრუობდნენ, როცა ამბობდნენ, რომ კუპრავა ზონდერი იყო და 26 მაისის აქციას არბევდა.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018