“თუშური გუდისა“ და “სულგუნის” ხელახალი რეგისტრაცია მოხდება

ამჟამად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ტრადიციული თუშური გუდის ყველისა და სულგუნის წარმოების სპეციფიკაციების განსაზღვრის მიზნით. მუშაობა სავარაუდოდ სექტემბრის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც ამ პროდუქტების რეგისტრირება მოხდება – ამის შესახებ Bm.ge-ს ,,ელკანას“ დირექტორმა, მარიამ ჯორჯაძემ განუცხადა. მისი განმარტებით, დღეისთვის ორივე პროდუქტი რეგისტრირებულია როგორც გეოგრაფიულ აღნიშვნად. სამომავლოდ მოხდება ,,თუშური გუდის“ გეოგრაფიული ადგილწარმოშობის დასახელებად რეგისტრაცია, ხოლო ,,სულგუნის“, როგორც გეოგრაფიული აღნიშვნის ხელახალი რეგისტრაცია.
“თუშური გუდა და სულგუნი, როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა უკვე რეგისტრირებული არის, მაგრამ როდესაც ეს რეგისტრაციის დოკუმენტი გაკეთდა, სახელმწიფოს მიერ მეწარმეებთან კონსულტაციები არ ყოფილა. არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც აუცილებელია, რომ რეგისტრაციის დროს იყოს გათვალისწინებული. ერთ-ერთი ასეთი საკითხია წარმოების ის ტრადიციული წესები, რომელიც მეწარმემ აუცილებელიდ უნდა დაიცვას, რომ ხარისხიანი პროდუქტი მიიღოს. დღევანდელი რეგულაციით კი რიგი საკითხები კანონგარეშა. მაგალითად, ყველის გუდაში დამზადება სახელმწიფოს მიერ უვნებელად არ არის აღარებული, ანუ გუდა იმ ჭურჭლის ჩამონათვალში არ არის, რომელიც სასურსათოდ უვნებელია. ეს საკითხები საჭიროებს მოგვარებას, რადგან მეწარმესთან რომ შემოწმებაზე მივა ვიღაც, არ აუკრძალოს მას წარმოება. ანუ, დღეისათვის არ გვაქვს კანონმდებლობა, რომელიც ამ ტრადიციული პროდუქციის წარმოების შესაძლებლობებს განსაზღვრავს“ – განაცხადა მარიამ ჯორჯაძემ.
“ელკანას“ ხელმძღვანელის განმარტებით, ასევე საუბარია ხის ინვენტარის გამოყენებაზე. სურსათის უვნებლობის თანახმად, ხის ინვენტარი არ არის უვნებელი, მაგრამ თუშური გუდის ყველის შემთხვევაში, არ შეიძლება მისი ლითონზე გადაზელვა, რადგან ის სწრაფად ცივდება და ვერ ხდება იმ ტემპერატურის უზრუნველყოფა, რაც ტრადიციული წესით ამ პროდუქტის დამზადებისთვის საჭიროა, რომელიც თავისი არსებობის ასეულ წლებს ითვლის.
სწორედ აღნიშნული კანონმდებლობის შექმნაზე მუშაობენ დღეს სახელმწიფოს დაკვეთით FAO-ს ექსპერტები. სამუშაო პროცესში ასევე ჩართული არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ,,საქპატენტი“ და ,,ელკანა“.
“უცხოელი ექსპერტები მუშაობენ, როგორც გუდის ყველის, ასევე სულგუნის, როგორც გეოგრაფიული აღნიშვნების სპეციფიკაციების ზუსტ ფორმულირებაზე. ასევე გაკეთდება სახელმძღვანელო დოკუმენტი ამ პროდუქტების სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით, რამდენადაც ხშირ შემთხვევაში უვნებლობის საკითხები საკმაოდ პრობლემატურია ჩვენთან. მოისუსტებს ვეტერინარიის საკითხები და რძე რომელსაც მოვიხმართ, შესაძლოა არ იყოს უვნებელი. ამაზე იყო დიდი მსჯელობა, რამდენად შესაძლებელია, რომ არაპასტერიზებული რძე იყოს გამოყენებული და ამ შემთხვევაში რა უნდა დააკმაყოფილოს მწარმოებელმა. პასტერიზების შემთხვევაში ყველი გამოდის, მაგრამ ეს არ არის იმ ხარისხის, რაც უნდა იყოს ტრადიციული სულგუნი.
როდესაც ყველს მცირე მწარმოებლები აკეთებენ, მათი კონკურენტული უპირატესობა არის, რომ ამას ტრადიციული წესით, არაპასტერიზებული რძით აკეთებენ, ამზადებენ ცოტას, მაგრამ განსაკუთრებული ხარისხის და შესაბამისად უფრო ძვირი ღირს. მათ ეს უფლებები არ უნდა შევუზღუდოთ, მაგრამ მეორეს მხრივ პროდუქტი უნდა იყოს უვნებელი. ამიტომ, მათთვის შემუშავებული იქნება სპეციალური სახელმძღვანელო, თუ რა წესები უნდა დაიცვან. ახალი კანონმდებლობის თანახმად, ისინი რეგულარულად შეამოწმებენ პირუტყვს, რომლისგანაც რძეს იღებენ და ამ პირობით, ამ პროდუქტების წარმოების უფლება ექნებათ“ – განაცხადა მარიამ ჯორჯაძემ.
როგორც “ელკანას“ ხელმძღვანნელი განმარტავს, ამჟამად დამკვდიდრებული “თუშური გუდის ყველის“ ნაცვლად მოხდება მისი აღნიშვა, როგორც ,,თუშური გუდა“ და ის მოიცავს როგორც ცხვრის, ასევე შერეულ და ძროხის ყველს. პროდუქტი მხოლოდ თუშეთის მაღალ მთიანეთში უნდა იყოს დამზადებული, გეოგრაფიულად შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე და ზაფხულის პერიოდში. მწარმოებლებს, რომლებიც ჩამოთვლილ პირობებს არ დააკმაყოფილებენ, აღარ ექნებათ უფლება დააწერონ ყველს ,,თუშური გუდა“, ეს დარღვევა კანონით დასჯადი გახდება.
“ამჟამად დაახლოებით 100-120 მწარმოებელია თუშეთში, ვინც ყველს ამზადებს, მაგრამ მათგან მხოლოდ ხუთი თუ აკეთბეს ყველს გუდაში, არადა, ტრადიციული წესით ეს სავალდებულოა. შემდგომში მხოლოდ იმ ყველს დაეწერება ,,თუშური გუდა“, რომელიც გუდაში იქნება მომწიფებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის სხვა ყველი იქნება“ – განაცხადა მარიამ ჯორჯაძემ.
მაია ბიწაძე, ბიემჯი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018