“ივანიშვილს ამერიკის პერსონალური სანქციები ემუქრება – “ოცნების” საცირკო წარმოდგენას დასასრული არ უჩანს”

საპრეზიდენტო არჩევნებსა და სხვა საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა “საქართველოს გადარჩენის მოძრაობის” ლიდერს, ყოფილ დეპუტატ მირიან მირიანაშვილს.
– თქვენი ინფორმაციით, აშშ არ გაურიგდა რუსეთს საქართველოს მომავალი პრეზიდენტის კანდიდატურის თაობაზე. ისიც აღნიშნეთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ის კანდიდატურაა, რომელსაც, სხვებისაგან განსხვავებით, დასავლეთი უნდობლად არ მოეკიდებოდა. ბოლო დროს სალომე ზურაბიშვილის გარშემო საქართველოში სკანდალები აგორდა, “ქართული ოცნება” კი ოფიციალურად არ ადასტურებს, რომ მას უჭერს მხარს.
– სალომე ზურაბიშვილი უნაკლო და ყველაზე კომპეტენტური ფიგურა არ არის. მაგრამ ის რჩება კანდიდატურად, რომელსაც დასავლეთი ნორმალურად იღებს. მისი განცხადებები ბევრისთვის გამაღიზიანებელია, მაგრამ ამით სიტუაცია არ იცვლება. ზურაბიშვილი არ არის არანაირად დაკავშირებული რუსეთთან. ის მოიაზრება ლიდერად, რომელიც საქართველოშიც არავისზე იქნება დამოკიდებული. რაც შეეხება იმას, რაც “ქართულ ოცნებაში” ხდება, ამ საცირკო წარმოდგენას დასასრული არ უჩანს.
– მმართველი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენლის გამოსვლები სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ თვალთმაქცურია?
– “ქართული ოცნების” ამ წევრებს არავინ ეკითხება, ვინ იქნება პრეზიდენტობის რეალური კანდიდატი. ისინი არანაირ პროცესებში არ მონაწილეობენ. ასეთების იმიტირებული სცენები გაიწელა და მომაბეზრებელი გახდა.
– ექსპერტები ისევ ურჩევენ ბიძინა ივანიშვილს საკუთარი კანდიდატურის დაყენებას და სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე უარის თქმას.
– ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა შანსი, გამხდარიყო პრეზიდენტი. მან ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა. ადრეც მითქვამს, რომ ამისათვის მას უნდა შეესრულებინა ერთი პირობა – ხელი შეეწყო საქართველოს პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაციისათვის. იგულისხმება რუსეთის როლის შესუსტება აშშ-ის სასარგებლოდ. რუსეთი თანახმაა, საქართველოში უმთავრესი პოზიციები დათმოს. დაახლოებით თვენახევრის წინ სიტუაციას ნათელი მოეფინა: საქართველოში აშშ-ის პოზიციების გამყარების პროცესი დაიწყო.
– ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს მოსკოვი აღარ განკარგავს?
– ამასაც ნიშნავს. საქართველოს, დიდი ალბათობით, ეყოლება დასავლეთის ნდობით აღჭურვილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ის მიუღებელი არ იქნება სხვა სახელმწიფოების, მათ შორის, რუსეთისთვისაც. გიორგი მარგველაშვილს, ასევე გიორგი კვირიკაშვილს დასავლეთში ხვდებოდნენ, მაგრამ მათ დამოუკიდებელ პირებად არ მიიჩნევდნენ. ორივე მათგანს ჰქონდა ბიძინა ივანიშვილზე დამოკიდებული ფიგურის იმიჯი.
– გიორგი მარგველაშვილსაც ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირებენ?
– გარეგნული კინკლაობა არ ნიშნავს, რომ მარგველაშვილი ივანიშვილს ებრძვის ან პირიქით. არსებით საკითხებში მარგველაშვილი არასდროს წასულა ივანიშვილის წინააღმდეგ. დასავლეთში არ დაუჯერებიათ, რომ მარგველაშვილი დამოუკიდებელი და გავლენიანი ლიდერია. კვირიკაშვილსაც ასე უყურებდნენ.
– სამხრეთ კავკასიაში რუსეთის როლი მცირდება?
– რუსეთი კუთხეშია მიმწყვდეული არა მარტო კავკასიაში. აშშ-ის გეგმით, ძლიერი დარტყმები უნდა მიიტანონ რუსეთზე, ირანზე, ასევე, თურქეთზე.
– ეს სამეული ერთმანეთს სირიის საკითზე დაუახლოვდა.
– სამივე პრობლემას უქმნის ვაშინგტონს. იმისთვის, რომ ამ სამ სახელმწიფოს ერთმანეთთან სახმელეთო კომუნიკაცია არ ჰქონოდა, დაჩქარდა ძვრები სომხეთსა და საქართველოში. რუსეთმა სომხეთში უდიდესი მარცხი განიცადა. დადგა საქართველოს ჯერი.
– რომელსაც პროდასავლური იმიჯი აქვს.
– სომხეთი უფრო მეტად იყო რუსეთზე დამოკიდებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო რუსეთის გავლენისგან თავისუფალი სახელმწიფოა. ამ გავლენისგან გათავისუფლებას ახლა ვიწყებთ. რუსეთს კი წინ ეკონომიკური კოლაფსი ელოდება.
– სანქციების გამო?
– სანქციები რუსეთის წინააღმდეგ მომავალში კიდევ უფრო გამკაცრდება. მალე აშშ-ის კონგრესში არჩევნებია დანიშნული. ახალი კონგრესი რუსეთის წინააღმდეგ უფრო რადიკალური იქნება. ამ მხრივ, განსაკუთრებით მეორე ადგილზე გასული პარტია იაქტიურებს და უფრო გაამწვავებს რუსეთის მხრიდან აშშ-ის არჩევნებში ჩარევის თემას. თუ რუსეთი ვერ მოიპოვებს ნავთობსა და გაზს, თუ მას ჩამოაშორებენ ვაჭრობის საერთაშორისო სისტემას, ქვეყნის ეკონომიკა მთლიანად დაინგრევა და დადგება ხელფასების გაცემის პრობლემა. საპენსიო ასაკის გაზრდის გამო რუსეთში უკვე მიმდინარეობს საპროტესტო აქციები.
– არჩევნებს დავუბრუნდეთ. ზურაბიშვილის გამარჯვება გარანტირებული არ არის.
– არჩევნებზე მოსალოდნელია მეორე ტური სალომე ზურაბიშვილისა და გრიგოლ ვაშაძის მონაწილეობით. ვაშაძის გამარჯვების შანსი მიზერულია.
– ამ პროცესში პოლიტიკური სპექტრის გადასხვაფერებას უნდა ველოდოთ?
– ეს გარდაუვალი იქნება. დღემდე საქართველოს პოლიტიკურ სისტემას, პარლამენტითა და მთავრობით დაწყებული, ელექტრონული მედიითა და პარტიებით დამთავრებული, რუსეთი აკონტროლებს. ამ ეტაპზე ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილის სახელი ჰქვია.
აშშ-ს ამოცანაა საქართველოში რუსეთის კონტროლის საგრძნობლად შესუსტება. ეს პროცესი საპრეზიდენტო არჩევნებით იწყება. მნიშვნელობა აქვს კანდიდატურის შერჩევას, საარჩევნო კამპანიას და შედეგს. არჩევნებზე უნდა გამოჩნდეს, რომ რუსეთი აღარ ახდენს საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებით მანიპულირებას. აქამდე არჩევნებს რუსეთი დირიჟორობდა. საპრეზიდენტო არჩევნებს უნდა მოჰყვეს რუსეთის შემდგომი დისტანცირება საქართველოს პოლიტიკური სისტემიდან. თუ არსებული სისტემის დემონტაჟი და კრემლის დისტანცირება არ მოხდა, ამაზე პასუხს მკაცრად აგებს არა მხოლოდ რუსეთი.
– კერძოდ?
– კრემლს პასუხს მოსთხოვენ საქართველოს გამოც. ეს შეიძლება იყოს ახლანდელი ყოვლისმომცველი ამერიკული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, სადაც გაკეთდება ჩანაწერი საქართველოზე, ან – მომავალი ახალი სანქციების პაკეტი.
– საქართველოშიც შეეხება ვინმეს სანქციები?
– ანტირუსულ სანქციებში შეიძლება ქართველებიც მოყვნენ. საუბარია გავლენიან პოლიტიკურ ფიგურებზე, რომლებიც ხელს არ შეუწყობენ ან დააბრკოლებენ რუსეთის ფაქტობრივ გასვლას საქართველოდან. ასეთი ფიგურების წინააღმდეგ შესაძლო სანქციები მომავალი წლის გაზაფხულიდან შემოვა. ეს ყველაფერი დრამატიზმს სძენს ახლანდელ არჩევნებს. ბიძინა ივანიშვილი სავარაუდო სანქციების შესახებ ინფორმირებულია.
– ამიტომ დგამს “ქართული ოცნება” გაუგებარ ნაბიჯებს?
– ბიძინა ივანიშვილი აშკარად ფრთხილად და მოზომილად იქცევა. მას შეიძლება პერსონალური სანქციები დაემუქროს.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018