კასრში იარაღის შენახვისთვის თურქ ქალს 5 წელი მიესაჯა

მოსამართლე ლევან გელოვანმა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ფემბე ოზლემ ოლგუნს „კასრში იარაღის აღმოჩენის საქმეზე“.

„ჩემ წინააღმდეგ არსებობს მხოლოდ კანონსაწინააღმდეგო მტკიცებულებები. მაგალითად, ბინის ჩხრეკა დაიწყო 13:45 საათზე, პოლიციელმა კი პროცესზე თქვა, რომ ოპერატიული ინფორმაცია იმ დღეს, 14:30 საათზე მიიღეს. გთხოვთ, ნუ დამაკარგვინებთ სამართლის მიმართ ნდობას,“ – აღნიშნა ფემბე ოლგუნმა საბოლოო სიტყვაში.

„ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას,“ – უთხრა ადვოკატმა ლევან მამულაძემ „ბათუმელებს“ პროცესის დასრულების შემდეგ.

ქობულეთში, სოფელ კვირიკეში, მდინარის პირას ჩამარხულ კასრში საბრძოლო მასალა გასული წლის 25 ნოემბერს აღმოაჩინეს. იმავე დღეს სამართალდამცველებმა თურქეთის მოქალაქე ფემბე ოზლემ ოლგუნი დააკავეს. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებული ცეცხლსასროლ იარაღს – ხელყუმბარას, კალაშნიკოვის ავტომატს და 115 ვაზნას ქობულეთსა და ბათუმში საცხოვრებელ ბინებშიც ინახავდა.

დაკავებულმა ბრალი არ აღიარა. პროკურატურას ამ საქმეზე სხვა არავინ დაუკავებია.

ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე „ბათუმელებს“ ფემბე ოზლემ ოლგუნის მამამ უთხრა, რომ ბრალდებული სოციალისტია და საქართველოში წამოვიდა, როცა თურქეთში არეულობა დაიწყო.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018