ლევან სიგუას მკვლელობა მის ბიზნესს უკავშირდება? – ლევან და ლაშა სიგუების კომპანია “ახალმშენი 2016”-მა დოლიძეზე სახლები ააშენა

11 აგვისტოს საღამოს 42 წლის ბიზნესმენი, ლევან სიგუა დოლიძის ქუჩაზე ჩაცხრილეს. ცხედარი მის საცხოვრებელ სახლთან გვიან ღამით გამვლელმა შემთხვევით იპოვა. სიგუას 8 ტყვია, სავარაუდოდ, ავტომატიდან იმ დროს ესროლეს, როდესაც ის ავტომობილიდან გადმოდიოდა.

ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ბიზნესმენს უთვალთვალებდნენ, რადგან მათი მტკიცებით, სროლას არც შელაპარაკება და არც რაიმე ხმაური უძღოდა.

გასროლის ხმა დოლიძის ქუჩაზე გუშინ ღამე ყველამ გაიგო, თუმცა მეზობლების ცნობით, სროლა იმდენად ინტენსიური იყო, რომ ფოიერვერკი ეგონათ. ადგილობრივების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ამის გამო ისინი გარეთ არ გამოსულან, შესაბამისად, ვინმე საეჭვო ადგილზე არ უნახავთ.

„კურიერის“ ინფორმაციით, ლევან სიგუას მკვლელობის შემდეგ დამნაშავეებმა შემთხვევის ადგილი ავტომობილით თაღის გავლით დატოვეს და დოლიძის ქუჩაზე გავიდნენ. ადგილობრივების განცხადებით, გასროლის შემდეგ კორპუსის მიმდებარე ტერიტორია წითელი ფერის ავტომობილმა სწრაფი სიჩქარით დატოვა.

რა გახდა 42 წლის ბიზნესმენის სასტიკი მკვლელობის მიზეზი, ოჯახს საუბარი არ სურს. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა ლევან სიგუას და მისი ძმის, ლაშა სიგუას ბიზნესსაქმიანობას უკავშირდება. „კურიერის“ ინფორმაციით, სიგუებს ბოლო პერიოდში სამშენებლო ბიზნესი ჰქონდათ.

კომპანია „ახალმშენი 2016-მა“, რომელიც ძმებს ეკუთვნის, საბურთალოს ტერიტორიაზე რამდენმე სახლი ააშენა. მოკლული ლევან სიგუა და მისი მეუღლე უძრავ ქონებას ბალანჩივაძის ქუჩაზეც ფლობდნენ.

მოახდინეს თუ არა სამართალდამცველებმა ლევან სიგუას მკვლელის იდენტიფიცირება, უცნობია. მკვლელობის ადგილზე სათვალთვალო კამერები არ არის.

დამნაშავეებს, სავარაუდოდ, მხოლოდ დოლიძის ქუჩაზე დამონტაჟებული ვიდეოთვალი დააფიქსირებდა. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018