მამუკა არეშიძე: “ოცნება” სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ დარაზმული არაა”

პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრობს.
– ბატონო მამუკა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ შეიძლება ოპოზიციონერი პრეზიდენტი შეგვრჩეს, რომელიც სტაბილურობის გარანტი ვერ იქნება. მართლაც შეიძლება ასე განვითარდეს მოვლენები?
– რასაკვირველია! სავსებით შესაძლებელია, რომ ასე განვითარდეს მოვლენები და მართლაც ოპოზიციონერი პრეზიდენტი მივიღოთ. არჩევნებია, რომელიც ზოგადად რთული საპროგნოზოა. მით უფრო მაშინ, როდესაც ასეთი ჩამოუყალიბებელი და გაურკვეველია სურათი.
– უმრავლესობაში მიმდინარე პროცესებს გულისხმობთ?
– რა თქმა უნდა! ისედაც, კანდიდატებთან დაკავშირებით თუ ვინ მიიღებს საბოლოოდ არჩევნებში მონაწილეობას, ჯერ არ არის ცნობილი. ბევრი გაურკვევლობა ახლავს თან ამ არჩევნებს.
ვიღაცისთვის მისაღები კანდიდატურაა, მაგალითად, სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ უმრავლესობის შიგნით მის მიმართ ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ არის. ისე არ არის, რომ “ქართული ოცნება” დარაზმული იყოს სალომე ზურაბიშვილის მიმართ. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, რომლებზეც პასუხები არ არსებობს. მე დღეს ვერ ვხედავ ხელისუფლების კონსოლიდირებულ მიდგომას საკითხის მიმართ.
– სალომე ზურაბიშვილის მიმართ თუ არჩევნების მიმართ?
– ზოგადად ხელისუფლებას არც კანდიდატის და არც ამ არჩევნების მიმართ არ აქვს პოზიცია ჩამოყალიბებული.
– რატომ, როგორ ფიქროთ?
– იმიტომ, რომ გუნდი საკითხზე არ არის შეთანხმებული. არა მხოლოდ კანდიდატზე არ არიან შეთანხმებული, არამედ იმაზე, რომ დააყენონ თუ არა თავიანთი კანდიდატურა. არც იმაზე არიან შეთანხმებული, ოპოზიციას დაუთმონ სარბიელი თუ მაინც ნეიტრალურ კანდიდატურას დაუჭირონ მხარი.
ძალიან ბევრი გაურკვევლობაა გუნდის შიგნით, რაც არ არის კარგის ნიშანი. ამიტომ არის, რომ გუნდის წევრები უცნაურ განცხადებებს აკეთებენ. ასეთია დღეს სურათი.
– დასავლეთის რეაქცია ამ ყველაფერზე როგორი შეიძლება იყოს? დასავლელი პარტნიორებისთვის გასაგები შეიძლება იყოს ეს ვითარება?
– დასავლეთს ძალიან უნდა, ოპოზიციონერი კანდიდატი გახდეს პრეზიდენტი, მაგრამ დასავლეთისთვის მისაღები ოპოზიციური კანდიდატი დავით ბაქრაძეა და არავითარ შემთხვევაში გრიგოლ ვაშაძე.
პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოზიციაა, რომ პარტიამ საერთოდ უარი თქვას კანდიდატურის დაყენებაზე ამის შესახებ იცის საზოგადოებამ, მაგრამ “ოცნების” წევრები, უფრო ზუსტად კი პოლიტსაბჭოს ელიტა სხვადასხვანაირად არის ამ იდეის მიმართ განწყობილი. ამიტომაც არის ასეთი ქაოსური მდგომარეობა. ეს ქაოსური მდგომარეობა ერთი მხრივ უარყოფით ფაქტორებზე მიგვანიშნებს, მაგრამ მეორე მხრივ დემოკრატიული პროცესია.
ამიტომ იმის დაბრალება, რომ “ქართული ოცნება” არჩევნების გაყალბებას აპირებს, რაზეც საუბრობს ნაციონალური მოძრაობა, ცოტა გაუგებარია, რბილად რომ ვთქვა, სასაცილოდ ჟღერს. ეს თავის დაზღვევის მიზნით გაკეთებული განცხადება უფროა, ვიდრე რეალობასთან ახლოს მყოფი.
– კახა კალაძემ ღიად განაცხადა, რომ ისინი წინასაარჩევნო კამპანიის დაკვირვების რეჟიმში არიან. კალაძე არც იმას გამორიცხავს, რომ ვინმე ახალი კანდიდატი გამოჩნდეს, თუმცა აქ მთავარი ამ კანდიდატის უპარტიობა და დამოუკიდებლობაა. ამ განცხადებიდან ღიად ჩანს, რომ გადაწყვეტილება არ არის მიღებული?
– რასაკვირველია! კახა კალაძემ მართლაც ღიად თქვა იმ ვითარების შესახებ, რაც პარტიაში დღეს არის შექმნილი. იმ ცნობილი განცხადების შემდეგ, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა, “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობა მანევრის რეჟიმშია.
– რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების საკითხს გულისხმობთ?
– დიახ. თუმცა, მე ვთვლი, რომ ამ გაუაზრებელ ნათქვამს არ უნდა გადავაყოლოთ სალომე ზურაბიშვილი და არ უნდა დავივიწყოთ ის ძალისხმევა, რაც მას რეალურად გაუკეთებია სწორედ რუსეთის ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით ლავროვთან მოლაპარაკებების დროს. მართალია, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ სტამბოლში დაიწყო და კონკრეტულად ამ მოლაპარაკებებში სერიოზული წვლილი რეზო ადამიას მიუძღვის, რომელიც რატომღაც ყველას დაავიწყდა, მაგრამ ხომ იყო საჭირო მისი ბოლომდე მიყვანა და მოლაპარაკებების გაგრძელება, ტექნიკურად ხომ იყო საქმე ბოლომდე მისაყვანი, რაც ნამდვილად არ იყო მარტივი. მაშინ სალომე ზურაბიშვილმა ლავროვთან მოლაპარაკებებში ეს შეძლო.
თუმცა, რასაკვირველია, ეს განცხადება არ იყო მარტივად მოსასმენი და აღსაქმელი, მე კიდევაც ვთქვი, რომ ამ განცხადებაში მას ორიანს ვუწერ-თქო, მაგრამ არაფერი არ შეშლიათ პოლიტიკურად დღევანდელი ოპოზიციის კანდიდატებს, იგივე გრიგოლ ვაშაძეს და დავით ბაქრაძეს?! არც ისეა საქმე, რომ ისინი სრულიად შეუცდომლები იყვნენ. ამიტომ, ჩემი პოზიციაა, რომ ამ განცხადებას არ უნდა გადავაყოლოთ სალომე ზურაბიშვილი.
– რამდენად ელოდებით, რომ არაორდინალური, დამოუკიდებელი კანდიდატი გამოჩნდეს და “ოცნება” გადაეწყოს მის მხარდასაჭერად?
– “ქართული ოცნება” მანევრის რეჟიმშია. ამიტომ, სულაც არ გამოვრიცხავ და არც გამიკვირდება, რომ მოულოდნელი სვლა გაკეთდეს.
– ალეკო ელისაშვილი შეიძლება კავშირში იყოს ამ მოულოდნელ სვლასთან?
– არა, ელისაშვილს მე ვერ ვხედავ ამ სქემაში, ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ გამორიცხული არაფერია.
მე მაინც ვფიქრობ, რომ თუ პარტია გადაწყვეტს 8 სექტემბრისთვის (კანდიდატების დასახელების ბოლო ვადა) ახალი კანდიდატურა წარადგინოს ან ირიბად დაუჭიროს მხარი, ეს უსათუოდ საზოგადოების წარმომადგენელი იქნება, საკმაოდ წონიანი.
– ვინ შეიძლება იყოს, იცით?
– არა, არა, მაგრამ ამ დარჩენილ დროში შეიძლება ბევრი სქემის მოფიქრება და მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ სქემებზე მიდიოდეს მუშაობა გუნდში.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018