“პრეზიდენტს ახალი კონსტიტუციითაც დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია პოლიტიკაზე”

კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ახალი პრეზიდენტის როლსა და უფლებამოსილებებზე საუბრობს.
– ბატონო ავთანდილ, წინასაარჩევნო კამპანიამ, რომელსაც პრეზიდენტობის კანდიდატები ატარებენ, ხომ არ გამოაჩინა, რომ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები, კონსტიტუციის ახალი მოდელით, მართლაც არ არის საჭირო?
– სავსებით ლეგიტიმური კითხვაა, მაგრამ ჩვენ კონსტიტუციიდან უნდა გამოვიდეთ. პრეზიდენტი არის ქვეყნის მეთაური. მეორე, პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმურობის ხარისხი სულ სხვა არის. პრეზიდენტი მართალია არბიტრის როლს ასრულებს, მაგრამ ის ასევე საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს და უძღვება.
მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით პრეზიდენტი არ შეიძლება პოლიტიკური პარტიის წევრი იყოს, გულწრფელად რომ ვთქვათ, გარკვეული პოლიტიკური ამბიციები, პოლიტიკური პოზიცია უდაოდ ექნება. შესაბამისად, მმართველი პარტიის წევრი იქნება თუ მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, მნიშვნელობა არ აქვს, ის არ დაუპირისპირდება და გაგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელსაც მმართველი პარტია ატარებს.
– თუმცა, ეს არ გააკეთა გიორგი მარგველაშვილმა.
– გიორგი მარგველაშვილი თითქოსდა გაემიჯნა “ქართულ ოცნებას”, მაგრამ ვერ გახდა მისი რეალური ოპონენტი, გარკვეული გარემოებების გამო, შეიძლება ადამიანურად მისთვის უხერხული იყო, დაპირისპირებოდა იმ გუნდს, რომელმაც ის პრეზიდენტად წარადგინა.
რაც შეეხება ოპოზიციურ კანდიდატს, აქ სულ სხვა სურათი გვექნება, ოპოზიციონერი პრეზიდენტი “ქართულ ოცნებას” და მის პოლიტიკას, ცხადია, დაუპირისპირდება.
სალომე ზურაბიშვილი არათუ დამოუკიდებელი, ნახევრად დამოუკიდებელიც კი არ იქნება. პიროვნულად ის ნამდვილად არის დამოუკიდებელი, მაგრამ მისი, როგორც პოლიტიკოსის, დამოუკიდებლობა ძალიან მარტივ მაგალითში გამოიხატება. კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღების დროს ის კატეგორიულად უარყოფდა პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას, პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირებას, მაგრამ როდესაც საკითხი პარლამენტში კენჭისყრაზე დადგა, ამ პროექტს ორივე ხელით დაუჭირა მხარი. ასევე, ცნობილია მისი პირვანდელი პოზიცია პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებით.
თითქოს კარგად არც არის გააზრებული, თუ რა უფლებამოსილებები აქვს პრესიდენტს. კონსტიტუციის ახალი რედაქციით, პრეზიდენტს რჩება ვეტოს გამოყენების უფლება. ვეტოს გამოყენება განა ცოტაა?! პრეზიდენტი განა ამით არ განსაზღვრავს სახელმწიფოს პოლიტიკას?! პარლამენტი გადალახავს თუ არ გადალახავს ვეტოს, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, აქ მთავარია ის, რომ პრეზიდენტი ამით თავის გავლენას ახორციელებს პოლიტიკაზე.
საკანონმდებლო სფეროშიც კი გააჩნია უფლებები. პრეზიდენტს შეუძლია კანონი, რომელსაც პარლამენტი მიიღებს, არაკონსტიტუციურად გამოაცხადოს და საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს. პრეზიდენტ მარგველაშვილს ეს შესაძლებლობა არც ერთხელ არ გამოუყენებია მიუხედავად იმისა, რომ მას ამის კონსტიტუციური უფლება ჰქონდა.
აღმასრულებელ სფეროში შეიძლება ნაკლებად, მაგრამ მაინც აქვს გარკვეული უფლებამოსილებიები, თუმცა პრემიერის კონტრასიგნაციას (ხელმოწერა) საჭიროებს. მართალია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ვერა, მაგრამ მოსამართლეებს წარადგენს, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს სამ მოსამართლე წევრს.
– შეწყალების უფლებამოსილებაც რჩება?
– დიახ, რჩება. აქვე, რაც მთავარია, ქვეყნის მთავარსარდალია. აღარ რჩება უშიშროების საბჭო, რაც მე დიდ შეცდომად მიმაჩნია, რადგან ეს არის სწორედ ერთადერთი ორგანო, სადაც პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე ერთად სხედან და ქვეყნის ბედზე მსჯელობენ.
ამდენად, პრეზიდენტმა მისი სურვილის შემთხვევაში შეიძლება საკმაო გავლენა მოახდინოს სახელმწიფო პოლიტიკურ პროცესებზე.
– სწორედ ამ კონტექსტში პრეზიდენტის ვინაობას აქვს მნიშვნელობა?
– დიახ! სწორედ ამას გეუბნებით. თუ როგორი პრეზიდენტი იქნება, ეს იქნება დამოკიდებული მის პერსონაზე და იმაზე, ოპოზიციის წარმომადგენელი იქნება თუ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი.
ის იქნება ნამდვილად არბიტრი თუ ჩაერევა გარკვეულწილად პოლიტიკის განსაზღვრაში, თუ იქნება მორჩილი, ეს დამოკიდებული იქნება სწორედ ამაზე.
– ახალი პრეზიდენტი შევა თუ არ შევა ავლაბრის რეზიდენციაში, ესეც იქნება ერთგვარი სიგნალი?
– რა თქმა უნდა. კონსტიტუციის ახალ რედაქციაში არ არის დაკონკრეტებული და არც ჩანაწერია რეზიდენციასთან დაკავშირებით, ისევე, როგორც ქუთაისის პარლამენტის შემთხვევაში.
კონსტიტუციის ახალი რედაქციითაც პრეზიდენტი არის პირველი პირი და იქნება პირველი პირი სახელმწიფოში, თუ არ იქნება მორჩილი მმართველი გუნდის.
– სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ბახტაძემ თქვა, ტაიმაუტი გვაქვს აღებულიო. როგორ ფიქრობთ მას მმართველი პარტიის მხარდაჭერა ექნება?
– მე რომ “ქართული ოცნება” ვიყო, მხარს არ დავუჭერდი.
– რატომ?
– იმ განცხადებების გამო, რაც მან გააკეთა. რაც მთავარია, ომთან დაკავშირებით მან კიდევ ერთხელ უნდა გააკეთოს სერიოზული და ვრცელი განმარტება. გარკვეული სიმპატია ამ ქალბატონის მიმართ მაქვს, მაგრამ, როგორც პოლიტიკურ ფიგურასთან, კითხვები მაქვს.
ჯერ ერთი, ჩემთვის გაუგებარია – თუ ახალი მოდელი, მისი ძირითადი მიმართულება პრეზიდენტის ნაწილში არ მოსწონდა და აკრიტიკებდა, მხარი რატომ დაუჭირა? მეორე, ახალ პრეზიდენტს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა მიჰყავს, მაინტერესებს, მისი ეს განცხადება რამდენად შეუშლის მას ხელს?! რა პასუხები აქვს მას ამ ყველაფერზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018