“რუსებმა კოდორის დაბომბვა 2008 წლის 8 აგვისტოს დაიწყეს, გაეროს დამკვირვებლების გასვლიდან 2 საათში”

2008 წელს აფხაზეთის სახელმწიფო მინისტრი ზემო აფხაზეთის საკითხებში მევლუდ ჯაჭვლიანი “ახალ თაობას” აგვისტოს ომის პერიოდში კოდორში განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა.
– ბატონო მევლუდ, თქვენ 2008 წელს აფხაზეთის სახელმწიფო მინისტრი ბრძანდებოდით ზემო აფხაზეთის საკითხებში და მომსწრე ხართ იმ მოვლენების, რაც ვითარდებოდა კოდორში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. 10 წლის შემდეგ როგორ აფასებთ მაშინდელ მოვლენებს? კოდორში როდის დაიძაბა ვითარება?
– 2008 წლის 7 აგვისტოს ღამის 2 საათიდან თვითმფრინავებმა გადაფრენა დაიწყეს. ფოთს ბომბავდნენ. 8 აგვისტოს კოდორში იმყოფებოდნენ გაეროს დამკვირვებლები. ჩვენ იქიდან გაეროს დამკვირვებლებს არ ვუშვებდით, მაგრამ გაგვაშვებინეს. გაეროს დამკვირვებლების გასვლიდან 2 საათში, 3 საათზე თვითმფრინავებმა კოდორის ხეობის დაბომბვა დაიწყეს.
– 7-ში თუ 8-ში?
– 7 აგვისტოს ჩვენ არ გვბომბავდნენ, ზემო აფხაზეთში სიმშვიდე იყო.
– გაეროს წარმომადგენლები რომ მიდიოდნენ, რა თქვეს, რატომ მიდიოდნენ?
– გაეროს წარმომადგენლებს ჩვენ არ ვუშვებდით. იქ ხალხი შევკრიბე და დამკვირვებლებს არ ვუშვებდით, მაგრამ დაგვირეკეს, გაგვეშვა. გაეროს დამკვირვებლები გავუშვით და პირდაპირ სოხუმისკენ წავიდნენ. საათნახევარი არ იყო გასული, გაიგეს, რომ გაეროს წარმომადგენლები ზემო აფხაზეთის ტერიტორიაზე აღარ იმყოფებოდნენ. იმ დროს იქ გასვენება იყო. მათ გასვენებისთვის შეკრებილი მანქანების პირდაპირი მიმართულებით დაიწყეს სროლა და დაახლოებით 300-400 მეტრში აფეთქდა ჭურვები.
– ვინ დაგირეკათ, გაეროს წარმომადგენლები გაუშვით, ნუ აყოვნებთო?
– ახლა არც მახსოვს, მას შემდეგ 10 წელი გავიდა. მთავრობის რომელიღაც წარმომადგენელი იყო, მაგრამ გვარი-სახელი არ მახსოვს.
– ანუ სიტუაცია იყო ისეთი, უკვე იცოდით, რომ რუსეთი გიტევდათ?
– ვიცოდით, კოდორის მიმართულებით სამ-სამი თვითმფრინავი შემოდიოდა ყოველ საათნახევარში, ყოველ ორ საათში და ხეობა იბომბებოდა.
– რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, 7 აგვისტოს მოსახლეობა უკვე გამოჰყავდათ.
– 7 აგვისტოს ვის გამოჰყავდა მოსახლეობა? ჩვენი მოსახლეობის ნაწილი გამოვიდა 8 აგვისტოს, ნაწილი – 9 აგვისტოს. 9 აგვისტოს საღამომდე მთელი მოსახლეობა გამოვიყვანეთ.
– მოსახლეობის გამოყვანა 7 აგვისტოს არ დაწყებულა?
– არა. 7 აგვისტოს ჩვენთან მშვიდობიანი სიტუაცია იყო, არაფერი არ ხდებოდა. თვითმფრინავებს ჩვენ ვუყურებდით ღამით (ტელევიზია ხომ იყო), როგორ ხდებოდა რუსული თვითმფრინავების გადაფრენა ხეობის თავზე და ფოთს და სენაკს ბომბავდნენ. 8 აგვისტოს 2-3 საათზე მასიურად კოდორის ხეობის დაბომბვა დაიწყეს.
– ჩემთან ინტერვიუებში რესპონდენტები საუბრობდნენ, რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და მისი თანმხლები პირები 7 აგვისტოს კოდორისკენ რომ მოემართებოდნენ, გზაში მათ ნახეს, ავტობუსებით იქიდან როგორ გამოჰყავდათ მოსახლეობა. ეს თქვენ არ იცით?
– ასეთი რამ ვინ გითხრათ? იმ დროს კოდორის ხეობაში თვითონ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თემურ მჟავია იმყოფებოდა. თემურ მჟავიამ 8-ში თუ 9-ში დატოვა კოდორის ხეობა და აქეთ წამოვიდა.
– მე ვსაუბრობ იმ მომენტზე, როდესაც თემურ მჟავია თანმხლებ პირებთან ერთად კოდორისკენ მოემართებოდა.
– თემურ მჟავია კოდორისკენ რომ მოდიოდა, მაშინ კოდორში მშვიდობა იყო.
– ომის შემდეგ თემურ მჟავიას თანმხლებმა პირებმა ჩემთან ინტერვიუში განაცხადეს, რომ 7 აგვისტოს კოდორისკენ მომავლებმა ნახეს, კოდორიდან მოსახლეობა უკვე გამოჰყავდათ.
– მე ყველაზე უკეთესად ვიცი, იქ ვინ სად მიდიოდა და როდის მიდიოდა. შეიძლება რაღაც შეეშალათ. მე იქ ბოლო წუთებამდე ვიყავი, სანამ მოსახლეობისგან კოდორის ხეობა არ დაიცალა. მოხუცი მშობლები მყავდა (ახლა ორივე გარდაცვლილია), კოდორი მოსახლეობისგან რომ დაიცალა და ყველა გამოვიდა, მერე ავედი, ჩემი მშობლები ჩავსვი მანქანაში და ჭუბერში გადმოვიყვანე.
– თქვენ ბრძანებთ, რომ 8 აგვისტოს შუადღეზე დაიწყო კოდორის დაბომბვა.
– კი ბატონო.
– მოსახლეობამ და ჯარმა ისე დატოვა კოდორის ხეობა, ერთი ტყვია არ გაუსვრია. დიდი ოდენობით იარაღი დატოვეს კოდორში. თქვენ ამას როგორ აფასებთ? როგორ მოხდა, რომ არავის გაუსვრია, არავის უბრძოლია და კოდორის ხეობა ისე ჩაბარდა?
– არ ვიცი. სამხედროებთან საქმე კი მქონდა, მაგრამ მაგას მე არავინ მეკითხებოდა. სროლა რომ არ ყოფილა და ავტომატი არავის გაუსვრია, ეს ფაქტია. თუმცა, ჩემი თვალით მაქვს ნანახი, თვითმფრინავებს რომ ესროდნენ.
– თვითმფრინავებს ვინ ესროდა, მოსახლეობა?
– მოსახლეობა არა, სამხედროები ესროდნენ.
– რამდენაც ვიცი, მჟავია არ აპირებდა კოდორიდან წამოსვლას, მაგრამ შემდეგ მაინც მოხდა მისი ევაკუაცია. თქვენ თვითონ ბრძანება ვისგან მიიღეთ, წამოსულიყავით?
– თბილისიდან დამირეკა ვიღაც მაღალჩინოსანმა და მითხრა, ხალხი ერთი დღით ჭუბერში გადმოიყვანეთ, მერე ყველაფერი კარგად იქნება და უკან დაგაბრუნებთო. ზუსტად ამაში მოვტყუვდით, არავის არაფერი წამოუღია, ვერავინ ვერაფერი ვერ წამოიღო. ჩვენ რომ გვცოდნოდა, მთლიანად ვტოვებდით კოდორის ხეობას, სხვაგვარად მოვიქცეოდით. ადამიანებს ტანსაცმელიც არ წამოუღიათ. საქონელიც არ გადმოურეკიათ. ეგ მაინც არ იყო პრობლემა, საქონელი თავისით მიდის. ჩვენ, ყველას გვეგონა, მოსახლეობას ერთი-ორი დღით გავარიდებთ, სიტუაცია რომ დაწყნარდება, უკან დავბრუნდებითო. ამ გაგებით წამოვედით იქიდან. ამიტომ კაციშვილს არაფერი წამოუღია.
– ე.ი. მთელი ქონება დატოვეს კოდორში.
– დიახ.
– კოდორის დაცვა რომ არ განხორციელდა, ამას როგორ აფასებთ? ჯარი გამოიყვანეს და დიდი ოდენობით სამხედრო ტექნიკა რუსებს ჩააბარეს. რუსებმა შემდეგ მოსკოვში საქართველოდან წაღებული სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოაწყვეს და დაგვცინოდნენ.
– კოდორიდან ტექნიკა რუსეთში არ გასულა.
– აბა სად წავიდა?
– რა ტექნიკა გვყავდა? არტილერია იქ არ იყო.
– ტყუილია ის ინფორმაცია, რომ კოდორში უახლესი ტიპის ტექნიკა იყო ატანილი, ტყვია-წამალი და ა.შ.?
– ტყვია-წამალი ნამდვილად იყო და შეიარაღება ტყვიამფრქვევის და ავტომატის დონეზე. მძიმე ტექნიკა და არტილერია კოდორში მე არ მინახავს.
– კოდორის ხეობის დაცვა წლების განმავლობაში ხორციელდებოდა. მანამდე როგორ ხერხდებოდა კოდორის ხეობის დაცვა?
– რა ვიცი, გენაცვალე, რუსი კოდორის ხეობას კი არა, რომ უნდოდეს, მთელ საქართველოსაც წაიღებს, აზერბაიჯანსაც. კოდორის ხეობას ვერ დაიცავდი იმიტომ, რომ 10 უღელტეხილი შემოდის ჩრდილოეთ კავკასიიდან. შეეძლოთ ყველა მხრიდან დესანტი გადმოესხათ და შემოსულიყვნენ
მარტო სოხუმის მხრიდან კი არა, ნაღარი, მარუხის უღელტეხილი სხვა უღელტეხილებიდან შეეძლოთ დესანტის გადმოსხმა და შემოსვლა. ჩრდილოეთ კავკასიიდან, ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან ერთი საათის საცალფეხო გზაა.
კოდორზე რომ ამბობენ, 2008 წლამდე დავიცავითო. კი, მანამდე დავიცავით. მე მესაზღვრე ვიყავი და ყველაფერი ვიცი. დაცვა გამორიცხულია. ყველას უნდა ესმოდეს, რომ რუსს ჩვენ ვერ გავაჩერებდით ვერც კოდორში, ვერც თბილისში და ვერც აზერბაიჯანში და სხვაგან.
– რუსს ჩვენ ვერ გავაჩერებდით, მაგრამ 12 აგვისტოს რუსი უკვე გააჩერეს ამერიკელებმა და მსოფლიოს სხვა დიდმა სახელმწიფოებმა. საფრანგეთის პრეზიდენტი იყო ჩამოსული და ხელი მოაწერინეს ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმად, რუსის ჯარი პირვანდელ პოზიციებზე უნდა დაბრუნებულიყო, ანუ საქართველოს საზღვრებიდან ჯარი უნდა გაეყვანა. თქვენ ბრძანეთ, 10 დღე შეიძლებოდა გაგვეძლოო. 10 დღე რომ გაგეძლოთ, დარწმუნებული იყავით, კოდორი დღეს ჩვენი იქნებოდა.
– ახლა მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ რუსები ხელს არ მოაწერდნენ ხელსეკრულებას, სანამ კოდორი ქართული მოსახლეობისაგან არ დაიცლებოდა.
– თქვენ თქვით, კოდორი 8-9 აგვისტოს დაიცალაო.
– 8-9 აგვისტოს კოდორი მოსახლეობისგან დაიცალა, თორემ სამხედრო დანაყოფებმა კოდორი მოსახლეობის გაყვანიდან დღენახევრის შემდეგ დატოვეს.
– მთავარი ის არის, რომ ისე ჩააბარეს კოდორის ხეობა, იქ ტყვია არ გავარდნილა. არ უბრძოლიათ, ტყვია-წამალიც იქ დატოვეს და შეიარაღებაც. ხომ ფაქტია?
– შეიარაღებაში რა გაქვთ მხედველობაში?
– რა შეიარაღებაც იყო კოდორში ატანილი. სააკაშვილმა ხომ აიტანა? ყველა იმას ამბობს, თანამედროვე ტიპის, კარგი შეიარაღება გვქონდა, მაგრამ კოდორი უბრძოლველად ჩაბარდაო.
– თქვენ არ გაგიგიათ, ვინ იყო იქ კომენდანტი, ვის ებარა იქ ყველაფერი?
– არა, არ ვიცი.
– ბატონი სოსო ქარჩაიძე იყო მაშინ კოდორის კომენდანტი. მე სამხედრო საკითხებში არ ვერეოდი, თქვენ შეგიძლიათ ეს კითხვები სოსო ქარჩაიძეს დაუსვათ, რომელიც, თუ არ ვცდები, დღეს შინაგანი ჯარების შტაბის უფროსია. ბატონ სოსო ქარჩაიძეზე მეტად არავინ იცის, კოდორში რა დატოვა და რატომ დატოვა. მე იქ დატოვებული არაფერი მინახავს. არ ვიცი, რა შეიარაღება იყო, იქ ჩვენ ერთი ტანკიც არ გვყავდა. არტილერია იქ არ იდგა. იქ რა იყო, არ ვიცი. ერთი სამოქალაქო ვერტმფრენი იყო და 9 აგვისტოს საღამოს ძლივს გამოასწრო, თვითმფრინავებს რომ არ დაებომბათ.
– კარგით, ის ხომ იცით, რომ არ უბრძოლიათ?
– ფაქტია, რომ არ უბრძოლიათ.
– მაშინ, როდესაც ცხინვალის მიმართულებით 7-8 აგვისტოს ბრძოლები იყო.
– რა თქმა უნდა.
– 10 წლის წინანდელი მოვლენების თქვენეული შეფასება დღეს როგორია?
– ჩემი შეფასება ასეთია: კარგით, ცხინვალის რეგიონში იყო შეტაკებები, ჩვენ და რუსები ერთმანეთს ვესროდით. კოდორის ხეობაში ჩვენ ვის ვესროდით და იქაურობა რატომ დაგვატოვებინეს? რუსები აცხადებენ, რომ ცხინვალის მიმართულებით ჩვენ დავესხით თავს. კოდორში ვინ ვის დაესხა თავს? კოდორი რა შუაში იყო?
– კოდორი რომ არ დაგეტოვებინათ, რუსები არ შემოვიდოდნენ?
– როგორ არ შემოვიდოდნენ. ჩვენი დაზვერვა გასული იყო და გვითხრეს, რომ მთელი დივიზიონები იდგნენ ჩვენს გადასასვლელთან. რუსები საბრძოლველად მზად იყვნენ, მაგრამ თავდაპირველად თვითმფრინავებიდან დაბომბვა დაიწყეს. დივიზიონები იდგნენ, მაგრამ ეშინოდათ, ქვემოდან ვერ ჩამოდიოდნენ, იქიდან ისროდნენ და სამიზნეებს კარგად ვერ ახვედრებდნენ. ესეც ფაქტია.
– თქვენ იყავით სტრატეგიულ წერტილში, ხომ?
– კი.
– ზემოდან რომ დაეშინათ ქართველებს, რუსის ჯარი ქვემოდან როგორ ამოვიდოდა? ბრძოლის დროს სტრატეგიულ წერტილებს ხომ დიდი მნიშვნელობა აქვს?
– მე 1994 წლიდან 2005 წლამდე მესაზღვრე ვიყავი და ვიყავი მოადგილე. იქ ზემოდან და ქვემოდან არ არსებობს. რუსებს შეეძლოთ, უკნიდან დაერტყათ, შეეძლოთ, გზა გადაეკეტათ. ჭუბერის მიმართულებით გადასასვლელთან ნებისმიერ დროს შეეძლო, რუსეთს დესანტი ჩამოესხა და გადმოსასვლელი გზა გადაეკეტა. მით უმეტეს ახალი გზა ტყვარჩელიდან ძალიან ახლოს გადიოდა.
– მაშინ კვიციანი კოდორის დაცვას როგორ ახერხებდა?
– მეც იქ ვიყავი და ყველაფერი ვიცი.
– იმ დროს როგორ მოახერხეთ კოდრის დაცვა?
– რუსმა მოინდომა 2008 წლის 8 აგვისტოს, რომ ცხინვალის რეგიონი და კოდორის ხეობა აეღო. როცა მოინდომა, მაშინ აიღო.
– რუსებს უნდოდათ, მთელი საქართველო აეღოთ, მაგრამ ხომ გააჩერეს? იქ, რადგან დაკავებული ჰქონდათ სეპარატისტებს, ამიტომ ვეღარ შევძელით მათი გაყრა.
– თქვენი შეკითხვა არის სამხედროებთან. იმ დროს კოდორის დაცვას სოსო ქარჩაიძე ხელმძღვანელობდა და ჰკითხეთ.
– მას შემდეგ კოდორში არ ასულხართ ან ვინმე დაბრუნდა და ნახა თავისი სახლ-კარი?
– მე არა, მაგრამ 60 ოჯახი დაბრუნდა.
– გაძარცვული დახვდათ?
– რუსებს სახლები არ გაუძარცვავთ. თუ რამე გაძარცვულია, აფხაზებმა წაიღეს, მაგრამ ბევრი არაფერი იყო წაღებული. მათგან ვინც დარჩა, ან დაბრუნდა, ვისაც ომში მონაწილეობა ჰქონდა მიღებული, რამდენიმე ადამიანი დაიჭირეს და 3-4 წელი ჩამწყვდეული ჰყავდათ. მერე წითელი ჯვრის ჩარევით გამოუშვეს. ვინც ომში მონაწილეობდა, მისი დაბრუნება შეუძლებელი იყო. იმ ხალხს იქ არავინ გააჩერებდა.

გულიკო ბალაძე, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018