რუსეთმა საქართველოში მიმდინარე წვრთნებში საფრთხე დაინახა – “უსაფრთხოება კონსტრუქციული დიალოგია და არა ტანკები და ვერტმფრენები“

საქართველოში მიმდინარე წვრთნები „ღირსეული პარტნიორი 2018“  ძალიან აღელვებს რუსეთს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ წვრთნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ ეს საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს.

“ჩვენ არ შეგვიძლია დავეთანხმოთ იმ განცხადებებს, მათ შორის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, იმის თაობაზე, რომ ეს წვრთნები რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. სტაბილურობა და უსაფრთხოება კონსტრუქციული დიალოგია და არა ტანკები და ვერტმფრენები“ – განაცხადა ზახაროვამ

მისი თქმით, ამ სწავლებების ნამდვილი მიზანი აფხაზეთზე, სამხრეთ ოსეთსა და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებაა, რისი შედეგიც ვითარების ესკალაცია იქნება.

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება “ღირსეული პარტნიორი 2018” 15 აგვისტომდე გაგრძელდება. მასში ნატოს წევრი და პარტნიორი 13 ქვეყანა იღებს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი.

მასში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. გაზრდილია სწავლებაში მონაწილე ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციისა და გერმანული ჯავშანტექნიკის რაოდენობაც.

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის მიზანია საქართველოს, აშშ-ის და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნის და თავსებადობის ამაღლება. ასევე, სტაბილურობის, თავდაცვითი და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების გარემოს შექმნაში წვლილის შეტანა. სწორედ ამიტომაც, სწავლების მთავარი გზავნილია „ძალა პარტნიორობაშია“. სწავლება კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018