“სალომე ზურაბიშვილი 1 კვირაში კომიკურ პერსონაჟად იქცა”

“ახალი თაობის” კითხვებს პოლიტიკური მოძრაობა “ძალა ერთობაშია”-ს ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გამყრელიძე პასუხობს.
– ბატონო მამუკა, “ქართულ ოცნებას” ჯერ ვერ გადაუწყვეტია, სალომე ზურაბიშვილს დაუჭირონ თუ არა მხარი. რაზე ვერ თანხმდებიან?
– როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილმა არ გაამართლა. ძალიან მოკლე ხანში, პრაქტიკულად ერთი კვირის განმავლობაში, საკუთარი თავი რაღაც კომიკურ პერსონაჟად აქცია, გამოთქმების გამო. უბრალოდ, ქართული არ იცის ამ ადამიანმა და საქართველოს პრეზიდენტად ისეთი ადამიანის წარმოდგენა, რომელსაც ქართულ ენასთან პრობლემები აქვს, ცოტა უხერხულია.
– “ოცნება” მიხვდა, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის ის კანდიდატი, ვისაც მხარი უნდა დაუჭირონ?
– კანდიდატი რაღაცას მაინც ხომ უნდა წარმოადგენდეს, რომ ის გაიყვანო?! “ქართულ ოცნებას” რომ არ აქვს ისეთი რეიტინგი, რომ პირველივე ტურში გაიმარჯვოს, ეს ყველასათვის ცხადია. მითუმეტეს, რომ სალომე არ არის პირადად “ოცნების” კანდიდატი და მას მხოლოდ მხარს უჭერენ, მას არ ექნება სერიოზული შესაძლებლობები. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება შეზღუდვებთან იქნება დაკავშირებული. ის პირველ ტურში ვერ გაიმარჯვებს, მეორე ტურში კი ძალიან დიდი საშიშროება იქნება ყველა ოპოზიციური ძალების გაერთიანების და სალომე ზურაბიშვილის დამარცხების.
ხელისუფლებისთვის სერიოზული საფრთხე ნამდვილად არის. ამიტომ მას სჭირდება ისეთი კანდიდატი, რომელიც იქნება ასე თუ ისე ძლიერი და იქნება მისაღები მისთვისაც და ასევე რუსეთისთვის.
– ზურაბიშვილი ვერ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს?
– სალომე ზურაბიშვილი რუსეთისთვის მისაღებია ნამდვილად. განსაკუთრებით იმ შეფასებების გამო, რომელსაც რუსეთი იყენებს საქართველოს დასადანაშაულებლად ომის დაწყებაში, რაც ძალიან ცუდი და არასასიამოვნო ფაქტია. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილი რუსეთისთვის შესაბამისი კანდიდატია.
– ფიქრობთ, რომ სხვაც განიხილება?
– პირადად მე ასეთ კანდიდატად, რომელიც ყველა ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, მიმაჩნია ზურაბ აბაშიძე. არ გამოვრიცხავ, რომ ზურაბ აბაშიძემ თავისი კანდიდატურა დააყენოს. ის იქნება როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი და “ოცნებისგან” მხარდაჭერილი. აი, ასეთი ტიპის პოლიტიკური ფიგურა სჭირდებათ. რუსეთისთვისაც მისაღები იქნება მისი კავშირების, მისი პოზიციების და მისი ურთიერთობების გამო რუსულ ისტებლიშმენტთან, ერთის მხრივ. მეორეს მხრივ, ის ძალიან ფრთხილი და მოზომილი ადამიანია, რომელიც ზედმეტს არაფერს იტყვის.
– 8 სექტემბრამდეა ვადა კანდიდატების რეგისტრაციის, სიურპრიზებს უნდა ველოდოთ?
– რეალურად 8 სექტემბრამდე უნდა დასახელდეს თუ ვინმეს სურვილი აქვს. მერე ხელმოწერების შეგროვების პროცესია და უკვე ვეღარ მოესწრება. ამიტომ 7-8 სექტემბრამდე კიდევ არის გარკვეული დრო. ვნახოთ, რას შემოგვთავაზებენ. თუ სალომეს დატოვებენ, ის აუცილებლად წააგებს. მისი გათრევა სრულიად შეუძლებელია! თუ მას გაამარჯვებინეს, მაშინ მიიღებენ მეორე დღესვე ძალიან სერიოზულ პრობლემებს.
– ამ არჩევნებზე “ოცნებას” ძალიან გაუჭირდება?
– ერთადერთი, რაც ხელ უწყობს “ოცნებას”, ეს არის მიხეილ სააკაშვილის განცხადებები, რომ აი მე ახლა ჩამოვალ, მე უნდა ვუშველო ჩემს ქვეყანას და ასე შემდეგ. მე მის ადგილას ასეთი განცხადებებისგან თავს შევიკავებდი.
– თითქოს შეგნებულად ასხამს “ოცნების” წისქვილზე წყალს და ბუას ხელოვნურად ქმნის, ასეთი შთაბეჭდილება რჩება.
– ნამდვილად ასეა. რად უნდა ამას ბევრი ფიქრი. ხომ უნდა დაუფიქრდეს. 30%-იანი ელექტორატია თავისუფალი. თვითონ ჰყავს 15, მაქსიმუმ 17% ელექტორატი. ბოლო ოთხმა არჩევნებმა ეს აჩვენა, რომ ისინი ვერ გადიან. ეს ერთობა რომ იქმნება და ვერთიანდებით, ამას ვქმნით მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაცნაირად ის 30%, რომელიც გაურკვეველი და გადაუწყვეტელი ელექტორატია, შენს მხარეზე გადმოიყვანო. ამისთვის იქმნება ეს ყველაფერი. ვცდილობთ, რომ პირველი ნომრით გავიდეს ვაშაძე და არ იყოს ხუთი ნომრით.
– გინდათ ჩამოაშოროთ ნაცმოძრაობის იმიჯი?
– იმიჯის ჩამოშორებაზეც არ ვლაპარაკობ, უნდა გაიხსნას პროცესი. ამ შეკრული წრიდან გამოვიდეთ. აქ მარტო ნაციონალური მოძრაობა ხომ არ არის? სხვა ოპოზიციური პარტიებიც არიან. რაც არ უნდა იძახონ, რომ ერთკაციანი და ორკაციანი პარტიები არიან, გინდა თუ არ გინდა, ეს ხალხი,მრავალფეროვნებას გამოხატავს ოპოზიციური შეხედულებების. ამიტომ ამომრჩევლისთვის უფრო ადვილი იქნება ასეთი გაშლილი სივრცისთვის ხმის მიცემა.
გარდა ამისა, კიდევ არიან გარკვეული ოპოზიციური ძალები, რომლებიც შესაძლოა შემოვიერთოთ და აი ამ შემოერთების პროცესს თუ გავაგრძელებთ, სრულიად სხვა რეალობას მივიღებთ.
– სააკაშვილი ამ განცხადებებით საქმეს გიფუჭებთ?
– ასე როგორ შეიძლება. ასე ხომ დაფრთხება სუყველა?! არავითარ შემთხვევაში, მე არ ვაკნინებ მის შესაძლებლობებს, არც მის დამსახურებას, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიქმნა ისეთი, როდესაც ფრთხილად არის ხალხი. არის რაღაცა შიშის მომენტი…
– რა შიშის?
– ამის უარყოფა არ შეიძლება, რაც არ უნდა იძახონ ნაციონალებმა, რომ ჩვენ ყვეყანა ფეხზე დავაყენეთ, ინსტიტუციები შევქმენით და სახელმწიფო ჩამოვაყალიბეთ, კი ბატონო, დამსახურებებს არავინ უკარგავთ, მაგრამ ის, რომ საშინელი შიში და თავზარი ჰქონდა ხალხს დაცემული, ამასაც ნუ უარვყოფთ. ამიტომ იმ 30%-ს, რომელიც ხედავს, რომ “ქართული ოცნება” სრულიად უვარგისია და არც შეედრება საქმის კეთებით ნაციონალურ მოძრაობას, ნაციონალური მოძრაობის დაბრუნებისაც ეშინია, იმ პირვანდელი სახით, როგორც მაშინ იყო. ასეთი ხალხისთვის ამ მრავალფეროვნების მიცემა ნამდვილად მომგებიანია. რომ დაინახავდნენ რომ მარტო ნაციონალები კი არა სხვებიც შეიძლება აღმოჩდნენ ხელისუფლებაში და ისინი აღარ დაუშვებენ იმ გადაცდომებს, რაც მაშინ იყო, ეს ხალხს ამშვიდებს.
– ხომ არ თვლის სააკაშვილი, რომ ის გარიყეს, პროცესებს ჩამოაშორეს, ამიტომ ეჭვიანობს და თქვენთვის ასეთ წამგებიან განცხადებებს ამიტომ აკეთებს?
– რატომ არის ჩამოცილებული? ასე ნამდვილად არ არის. ორი-სამი დღის წინაც მთელი მათი ლიდერშიპი იყო ჩასული მასთან და ჰქონდათ კონსულტაციები. ის მუდმივად ვიღაცეებს ხვდება, დღეს ეს ურთიერთობები ძალიან ადვილია. ისეთი კომუნიკაციის საშუალებებია ინტერნეტის და ტელევიზიის სახით.
– ბატონო მამუკა, ისევ “ოცნებას” რომ მივუბრუნდეთ, თუკი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურაზე შეჩერდებიან, წააგებენ ამ არჩევნებს?
– ჩემის აზრით, კი!
– თუ მაინც გაიმარჯვა?
– თუ მაინც გაამარჯვებინეს, მაშინ ხალხის მღელვარება აუცილებლად იქნება, რაც ჩემთვის კიდევ უფრო მიუღებელია. აღარ მინდა ამდენი მღელვარება და გამიშვი-გამაკავე. მე მინდა, რომ არჩევნების სახითYმივიღოთ რაღაცა ნორმალური სიტუაცია. ძალიან მინდა მოხდეს გაერთიანება. ისტორია ხომ მაინც გვასწავლის, რომ საქართველოში არცერთი ცვლილება არ მომხდარა გაერთიანების გარეშე. იმასაც გვასწავლის ისტორია, რომ 10 წელი ნებისმიერი ქვეყნისთვის, ჩინეთისთვისაც კი გახლავთ გადამწყვეტი. 10 წელზე მეტს ვეღარ ძლებს ხელისუფლება. შესაბამისად მივდივართ იქითკენ, რომ უნდა შეიცვალოს ეს ხელისუფლება.
საქმე ის არის, როგორ შეიცვლება. ჩემი გადასახედიდან იდეალური იქნებოდა ძალიან ჭრელი პარლამენტის მიღება. ასე ბევრად უფრო საინტერესო პოლიტიკურ პროცესს მივიღებთ.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018